ეკონომიკა

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, თბილისი-ახალქალაქის გზა ”საუკეთესო ხარისხის გზაა”

15 ნოემბერი, 2010 • • 1181
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, თბილისი-ახალქალაქის გზა ”საუკეთესო ხარისხის გზაა”

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისი-ახალქალაქის 224-კილომეტრიანი გზა გახსნა. ახლადგახსნილი გზა სომხეთისა და თურქეთის საზღვრამდე მიდის.  მნიშვნელოვანია ის, რომ 7-8 საათის ნაცვლად, რომელიც თბილისიდან ახალქალაქამდე ჩასასვლელად იყო აუცილებელი, ახალი გზით 2 საათნახევარიც საკმარისი იქნება. საგზაო სამუშაოებზე სამი ათასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. გზის რეაბილიტაციაზე 209 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა, რომელიც მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა დააფინანსა.   

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი გზა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და, რაც მთავარია, მათ ინტეგრაციას დანარჩენ საქართველოსთან.  

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ეს პირველი პროექტია, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან ერთად გაკეთდა. მისი განცხადებით, საჭირო იყო გზა, რომელიც საქართველოსა და თურქეთის საზღვარს ერთმანეთთან დააკავშირებდა-”ამას ჰქონდა დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა, თუმცა გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ამას დიდი ისტორიული, პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის,”-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, ამ რეგიონში არსებული მდგომარეობა ადრინდელთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა -”მსურს ამერიკის მთავრობას მთელი ჩვენი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო. ეს არის საუკეთესო ხარისხის გზა. ეს არის სტანდარტი, როგორიც უნდა იყოს ამის შემდეგ ყველა გზა საქართველოში,”-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი