ეკონომიკა

საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსება მცირდება

12 ნოემბერი, 2010 • • 1024
საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსება მცირდება

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება, საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსება მცირდება, კერძოდ, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა 5 მილიონ 400 ათასი ლარიდან – 4 მილიონ 736 ათას ლარამდე მცირდება.

როგორც ნეტგაზეთთან საუბარში რესპუბლიკური პარტიის მთავარი კომიტეტის წევრმა გიგლა აბულაშვილმა განაცხადა, 2011 წელს საქართველოს რესპუბლიკური პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან იგივე ოდენობის დაფინანსების მიღებას ელოდება, როგორც ეს 2010 წელს იყო. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების ჯამური შემცირება შესაძლებელია გამოწვეული იყოს დასაფინანსებელი სუბიექტების რაოდენობის შემცირებით.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის, ნინო გოგუაძის ინფორმაციით, თანხები არჩევნების ახალი შედეგების მიხედვით გადაანგარიშდა, შესაბამისად, საუბარი არ არის იმაზე, რომ რომელიმე პარტიას დაფინანსება ხელოვნულად შეუმცირდა, ვინაიდან ამას კანონი არეგულირებს და აღნიშნული კანონი არ შეცვლილა.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი