ეკონომიკა

”ქრისტიან-დემოკრატების” წინადადებები, რომლებიც ფინანსთა სამინისტრომ ვერ გაიზიარა

12 ნოემბერი, 2010 • • 1106
”ქრისტიან-დემოკრატების” წინადადებები, რომლებიც ფინანსთა სამინისტრომ ვერ გაიზიარა

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით 11 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროში  ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების” წევრები  ფინანსთა მინისტრს,  კახა ბაინდურაშვილს შეხვდნენ. პარლამენტის წევრებმა დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია იმ პროგრამებისა და პრიორიტეტის შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსების მიმართულებით.

„ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით მზაობა ოპოზიციასთან ასეთი ტიპის შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებით. განათლების სისტემის დაფინანსებასთან დაკავშირებით  „ქრისტიან-დემოკრატებმა” გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ამავე დროს, დააფიქსირეს პოზიტიური შეფასება მასწავლებელთა ხელფასების ზრდის, ინგლისური ენის სწავლების, კომპიუტერების პროგრამასთან დაკავშირებით. ანალოგიური შეფასებები გაკეთდა ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით, თუმცა  მათ აინტერესებდათ  კონკრეტული პროგრამები. მათი წინადადებებისა და შენიშვნების  ნაწილი ისედაც გათვალისწინებულია ჩვენს სამომავლო სტრატეგიაში, შეიძლება არსებობდეს განსხვავებული ხედვა, როგორ შეიძლება კონკრეტული შედეგის მიღწევა. შევთანხმდით, რომ ასეთ საკითხებზე ვიმუშავებთ და შესაძლებელია ჩვენი შეხედულებები დაემთხვეს ერთმანეთს. იყო წინადადებებიც, რომლებსაც ფინანსთა სამინისტრო კატეგორიულად ვერ გაიზიარებს. შევთანხმდით, რომ კონსულტაციების შემდეგ საბოლოო შეთანხების მისაღწევად, შედგება პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურისა და პარტიის ლიდერის, გიორგი თარგამაძის შეხვედრა,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.

როგორც ”ქრისტიან-დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ,  გიორგი ახვლედიანმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც ფინანსთა სამინისტროში გათვალისწინებულ იქნა, არის რამოდენიმე საკითხი, რომლებზეც შეთანხმება, ჯერჯერობით, არ მომხდარა.

გიორგი ახვლედიანის განმარტებით, ეს ის თემებია, რაზეც ”ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობა” ტრადიციულად აპელირებს:

– ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთა გადაანგარიშების მუხლის დაბრუნება კანონში;  გიორგი ახვლედიანის თქმით, აღნიშნულ პენსიონერებს, დაუშვებელია, რომ  მხოლოდ 10-ლარიანი დანამატი ჰქონდეთ.

– უთანხმოება წარმოიშვა, აგრეთვე,  განათლების სფეროში თანხების გადანაწილებასთან დაკავშირებით.  გიორგი ახვლედიანის განცხადებით, გასულ წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება,   55000 ქულამდე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბავშვებს წიგნები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მიეღოთ. ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება, რომ 2011 წლის ბიუჯეტიდან  გამოიყოფოდა 4 მილიონი ლარი და ზღვარი  55 000 დან 70 000 ქულამდე გაიზრდებოდა.

– მესამე საკითხი პროფესიული სასწავლებლებლების თემას შეეხება. გიორგი ახვლედიანის განმარტებით,  პროფესიული სასწავლებლების დაფინანსება 3 მილიონით ლარითაა შემცირებული, რასაც 17 პროფესიული სასწავლებელი შეეწირა, დაახლოებით 2500-3000-მდე ბავშვი უსწავლელი რჩება, 700-მდე მასწავლებელი კი -უმუშევარი.

– მეოთხე საკითხი ინგლისური ენის პედაგოგების ჩამოყვანას ეხება. გიორგი ახვლედიანის თქმით, ჩამოყვანილი 500 პედაგოგის გარდა, კიდევ 1500-ის ჩამოყვანა იგეგმება, ბიუჯეტიდან კი ამისათვის 10 მილიონი ლარია გამოყოფილი. სინამდვილეში ისინი არ არიან პედაგოგები და მათი ხელფასი 300 დოლარს შეადგენს. მათთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული 10 მილიონი ლარი კი, მისივე განმარტებით, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს მოაგვარებდა.  

გიორგი ახვლედიანის თქმით, მეტი ყურადრება უნდა მიექცეს, აგრეთვე, შიდა ვალის გასტუმრებას და მთელი საქართველოს მასშტაბით პენსიის გათანაბრების საკითხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი