ეკონომიკა

„თავისუფალი დემოკრატები“ 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ

12 ნოემბერი, 2010 • • 1059
„თავისუფალი დემოკრატები“ 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ

დღეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კიდევ ერთხელ განიხილეს  2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც, მათი თქმით, გასულ წელთან შედარებით, 80 მილიონი ლარითაა შემცირებული. ამავე დროს, ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი 14%-ით არის გაზრდილი (მათ შორის, დღგ იზრდება 14%-ით, საშემოსავლო 18%-ით), რამაც მომავალ წელს შეიძლება ბიუჯეტის სეკვესტრი გამოიწვიოს. 2011 წლის ბიუჯეტში კვლავაც არ განიხილება პენსიის გაზრდის საკითხი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარება მაშინ, როდესაც მათმა რიცხვმა უკვე მილიონ 800 ათასს გადააჭარბა. მათი განცხადებით, ბიუჯეტი კვლავაც არ ითვალისწინებს 5-დან 60 წლამდე მოსახლეობის გარანტირებულ სამედიცინო მომსახაურებას და არ ფინანსდება ამ კონტიგენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ინფექციურ, ონკოლოგიურ და გულის დაავადებათა მკურნალობა.

„თავისუფალი დემოკრატები“ აღნიშნავენ, რომ 2010 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით, რომელსაც პარლამენტი დღეს უყრის კენჭს, შემცირებულია განათლების დაფინანსება 24 მილიონი ლარით; მოსახლეობის სოციალური დაცვა 83 მილიონით (ხანდაზმულთა სოციალური დაცვა და ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა).

ამასთან, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მოიხმეს ყოფილი ფინანსთა მინისტრის, დავით ონოფრიშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, 28 მილიონით გაიზარდა საქონლისა და მომსახურების მუხლით გათვალისწინებული ხარჯები, ხოლო დასვენებისა და კულტურის კატეგორიაში კი ამ ხარჯებმა 45 მილიონი ლარი შეადგინა.

“თავისუფალი დემოკრატების” განცხადებით, 2010 წლის ბიუჯეტის პრაქტიკულად ყველა პარამეტრი (შემოსავლები, ხარჯები) განიცდის ცვლილებას და რეალურად ახალი ბიუჯეტის დამტკიცება ფაქტიური ხარჯების მიხედვით ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი