ეკონომიკა

2011 წლის ბიუჯეტი – “ეკონომიკური გაჯანსაღების ბიუჯეტი”

12 ნოემბერი, 2010 • • 1274
2011 წლის ბიუჯეტი – “ეკონომიკური გაჯანსაღების ბიუჯეტი”

ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 20-მდე არასამთავრობოსა და კანონმდებლებს   “საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის” პროექტი წარუდგინა.  ბიუჯეტის პროექტის განხილვა ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით შედგა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადების პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია. მის დეტალურ განხილვამდე კახა ბაინდურაშვილმა შეკრებილებს დაწვრილებით გააცნო ბიუჯეტის მომზადების პროცესიც.

“2011 წლის ბიუჯეტს არაფორმალურად ეკონომიკური გაჯანსაღების ბიუჯეტი ვუწოდეთ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და ეს იმით ახსნა, რომ წელს ეკონომიკის სტიმულირება წარმატებით განხორციელდა და 2010 წელი 6%–მდე ზრდით დასრულდა.

მინისტრის თქმით, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარი მიმართულებები –განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა იქნება. მისი განცხადებით, სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი 4–ჯერ გაიზრდება – “40 მილიონი ლარია ჩადებული სოფლის მეურნეობის პროგრამებში, რათა მოხდეს წარმოების ინტენსიფიკაცია და მომავალ წელს მოსახლეობა სხვადასხვა კატაკლიზმებისგან დაცული აღმოჩნდეს”, – განაცხადა მინისტრმა.

კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად იზრდება ჯანდაცვის ბიუჯეტიც, მოწესრიგდება საპენსიო უზრუნველყოფა, შენარჩუნებული იქნება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, მაგრამ მოხდება მათი ოპტიმიზაცია, რათა ყოველი დახარჯული ლარი ავადმყოფამდე მივიდეს.

მთავრობა 2011 წლისთვის  ეკონომიკის 4,5%–იან ზრდას გეგმავს. ინფლაციის პროგნოზი 9%–ია, ინფლაციის საშუალო დონე კი 7%–ით განისაზღვრება. მომავალი წლის შემოსავლები, ისევე როგორც ხარჯები, 7 მლრდ. ლარამდეა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ვალის ზრდა შეჩერებულია, მისივე თქმით, აგრეთვე,  შიდა ვალის კლების ტენდენციაც შეინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი