ეკონომიკა

სომხეთსა და საქართველოს შორის საბაჟო პროცედურები მარტივდება

9 ნოემბერი, 2010 • • 949
სომხეთსა და საქართველოს შორის საბაჟო პროცედურები მარტივდება

8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და მინისტრის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სომხეთის საბაჟო-საგადასახადო კომიტეტის სამსახურის უფროსთან გადიკ ხაჩატურიანთან. საუბრის მთავარი თემა ორი ქვეყნის საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვა და საბაჟოებზე ევროპული სტანდარტების დანერგვის საკითხები იყო. მხარეთა განმარტებით, ისინი მზად არიან, რომ გამარტივდეს საბაჟო პროცედურები და შემცირდეს საბაჟო კონტროლის ღონისძიებები გამშვებ პუნქტებზე.  

შეხვედრაზე მხარეები შემთანხმდნენ ქართული და სომხური სამუშაო ჯგუფების ფორმირებაზე, რომლებიც ერთობლივად მოახდენენ საბაჟო-გამშვები პუნქტების მართვას, დარჩენილია მხოლოდ შეთანხმების ტექნიკური და იურიდიული დეტალების მომზადება.    

საქართველოსა და სომხეთს შორის საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვა მომავალში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, ასევე მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებას საზღვარზე.   

მასალების გადაბეჭდვის წესი