ეკონომიკა

აშშ-ში უმუშევრობის დონე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

8 ნოემბერი, 2010 • • 1118
აშშ-ში უმუშევრობის დონე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

ევრონიუსის ინფორმაციით, აშშ-ში 159,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში  უმუშევრობის დონე 9,6 პროცენტია. აშშ-ს ოქტომბრის თვის  უმუშევრობის ინდექსი  ცხადყოფს, რომ მისი დონე 3 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.  

ბოლო 6 თვის მონაცემების მიხედვით,  აშშ-ში უმუშევრობის დონე დაახლოებით 10 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.  2009 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ეს მაჩვენებელი  9,5 პროცენტი  ან უფრო მაღალი იყო. ეს რეკორდული მონაცემია  მას შემდეგ, რაც აშშ-ში 60 წლის წინათ უმუშევრობის დონის ინდექსის გამოთვლა დაიწყეს.

აშშ-ში იმაზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. კერძო კომპანიებმა მუშების დაქირავება სწრაფი ტემპებით დაიწყეს, მაგრამ, ამის მიუხედავად,  ჯერ კიდევ 15 მილიონი ამერიკელი  უმუშევარია. უმუშევრობის მაღალი დონე დამქირავებლებს, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს, ხელფასები არ გაზარდონ.

აშშ-ს შუალედურ არჩევნებში დემოკრატების დამარცხების შედეგად, ბევრი შიშობს, რომ გამოუვალმა პოლიტიკურმა სიტუაციამ შესაძლოა, ამ მიმართულებით პრეზიდენტ ბარაკ ობამას ძალისხმევა შეაფერხოს, რომელმაც განაცხადა, რომ  მზადაა, განიხილოს ყველა იდეა, რომელიც არსებულ სიტუაციას გააუმჯობესებს –  ” მე მზად ვარ, განვიხილო ნებისმიერი იდეა, ნებისმიერი წინადადება, რათა როგორმე გავზარდოთ ეკონომიკის ზრდის ტემპები ისე, რომ ადამიანებმა, რომლებსაც სჭირდებათ სამსახური, სამუშაო ადგილი მალე იპოვნონ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი