ეკონომიკა

ფიქსირებული გადასახადები – არა!

1 ნოემბერი, 2010 • 1274
ფიქსირებული გადასახადები – არა!

რეგრესული გადასახადები არის ის ერთადერთი სწორი და კვალიფიციური გამოსავალი, რომელიც შესაძლებელია ხელისუფლებამ მცირე მეწარმეებს შესთავაზოს ისე, რომ ამ გზით არც მცირე მეწარმეები დაზარალდნენ და არც ქვეყნის ბიუჯეტმა დაკარგოს კუთვნილი კანონიერი შემოსავლები.

გადასახადები არის თემა, რომელიც ეკონომიკური გადაწყვეტილებების დიდ ნაწილს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებად აქცევს. აღნიშნული საკითხი  ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში წინასაარჩევნოდ არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური დისკუსიის საგანი. პოლიტიკოსებს ხშირად “ძვირად დაჯდომიათ” წინასაარჩევნოდ დაპირებული საგადასახადო შეღავათების გადათქმა და ა.შ.

საგადასახადო თემატიკა საქართველოშიც არ კარგავს აქტუალობას. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არაერთხელ შეიცვალა საგადასახადო კოდექსი თუ კოდექსში არსებული ცალკეული მუხლი. ბუნებრივია, იმ დროს, როდესაც კოდექსში არსებულ ხშირ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესისათვის აღნიშნული ხშირი ცვალებადობა საკმაოდ ხელის შემშლელია. სწრაფად ცვალებად სამართლებრივ გარემოში სტაბილურ ბიზნესს არსებობა უჭირს.

საქართველოს 2011 წლიდან სრულიად განახლებული საგადასახადო კოდექსი ექნება, მაგრამ კითხვა – მოაგვარებს თუ არა ახალი საგადასახადო კოდექსი დღეს არსებულ მთელ რიგ საკანონმდებლო ლაფსუსებს – კვლავ ღიად რჩება.

ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში მცირე მეწარმეთა მასობრივი დაპატიმრებები აღინიშნა. საქმე, ძირითადად, ქალაქ თბილისის სავაჭრო ცენტრებში (კიდობანი და პასაჟი) და ასევე, ბაზრობებზე (ე.წ. ელიავას და ლილოს ბაზრობა) მოქმედ მცირე მეწარმეთა საქმიანობას შეეხება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნულ ობიექტებზე მომუშავე მცირე მეწარმეები გადასახადებს თავს არიდებენ. თავის მხრივ, მცირე მეწარმეები აღნიშნავენ, რომ მათ “ეზრდებათ” გადასახადების რაოდენობა და ეს მათ ბიზნესს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ, საქართველოში პარადოქსული ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყველა ტიპის ბიზნესს თანაბრად ეხება მოქმედი საგადასახადო კოდექსის რეგულაციები, ბაზრობები თუ ცალკეული სავაჭრო ცენტრები ის ადგილებია, სადაც მთელი რიგი გამონაკლისები დაიშვებოდა და დაიშვება. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი ე.წ. ინვოისების თემაა. მთავარი საკითხი, რომელსაც გასული კვირის საპროტესტო აქციებზე მცირე მეწარმეები აპროტესტებდნენ, შემოსავლების სამსახურის მიერ შესყიდულ პროდუქციაზე ანგარიშფაქტურების, ანუ შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნაა. საქმე ისაა, რომ გასულ პერიოდში მცირე მეწარმეებს არავინ სთხოვდა ანგარიშფაქტურებს, რაც, თავისთავად, გასაკვირია, ხოლო ახლა გადაწყვიტეს აღნიშნული დოკუმენტაციის მოთხოვნა, რაც კანონიერი, თუმცა ანგარიშფაქტურების გარეშე მომუშავე მცირე მეწარმეებისათვის მოულოდნელი და მოკლევადიან პერიოდში შეუსრულებელი მოთხოვნაა.

სინამდვილეში ანგარიშფაქტურა მნიშვნელოვანი დოკუმენტია, როგორც მინიმუმ, მეწარმის მიერ გაწეული ხარჯების დადასტურებისათვის. მაგალითად, თუ მეწარმემ შეიძინა 1000 ლარის ღირებულების პროდუქცია და აპირებს, ჯამში მიიღოს 1500 ლარის სარგებელი, მისი მთელი შემოსავალი, ანუ 1500 ლარი მთლიანად რომ არ დაიბეგროს, საჭიროა იქონიოს საქონლის შეძენის დროს გამყიდველის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მის მიერ პროდუქციის შესაძენად გაწეული ხარჯი 1000 ლარია, ხოლო შემდგომში მეწარმეს მხოლოდ ათას ლარს ზემოთ მიღებული შემოსავლი დაებეგრება. ამასთან, სწორედ ანგარიშფაქტურის საფუძველზე უნდა მოხდეს საბაჟოზე პროდუქციის დაბეგვრა და ა.შ.

შემოსავლების სამსახურის მიერ წესების გამკაცრებამ მნიშვნელოვნად და სამართლიანად შეაშფოთა მეწარმეები. მცირე მეწარმეებმა თავად წამოაყენეს წინადადება, რომელიც არსებული სიტუაციიდან გამოსავლად მიაჩნიათ. მათი მხრიდან გაისმა მოთხოვნები ფიქსირებული გადასახადების შესახებ. ფიქსირებული გადასახადი ნიშნავს, რომ მეწარმეებს დაუწესდეთ გარკვეული ფიქსირებული თანხა, მიუხედავად ბრუნვისა.

თუმცა, ფიქსირებული გადასახადების მოთხოვნა მცირე მეწარმეთა მხრიდან გულუბრყვილობაა იმდენად, რამდენადაც აბსოლუტური უსამართლობაა, თვეში 1000 ლარის ბრუნვის მქონე და 5000 ლარის ბრუნვის მქონე მცირე საწარმო ერთი და იგივე გადასახადით დაიბეგროს.

მოქმედი სიტუაციიდან საჭიროა ისეთი ტიპის გამოსავლის ძიება, რომელიც, ერთი მხრივ, არ დააზარალებს სახელმწიფო ბიუჯეტს, ხოლო, მეორე მხრივ, სასარგებლო იქნება თავად მცირე მეწარმეებისათვისაც.

ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა, რომ ხელისუფლებამ მცირე მეწარმეები აღიქვას არა საგადასახადო, არამედ ეკონომიკურ სუბიექტებად.

არსებულ სიტუაციაში მცირე მეწარმეთა დაშინება, დაჭერა, ობიექტების დალუქვა არ არის გამოსავალი. იმისათვის, რომ გამოსავალს ეფექტი ჰქონდეს, საჭიროა კომპრომისული მხარის ძიება და კრეატიული მიდგომა. ამასთან, ეს ყოველივე არა რაიმე ახალი სირთულისა და გაურკვევლობის შემოტანის გზით, არამედ ცნობილი და აპრობირებული მეთოდების გამოყენებით უნდა განხორციელდეს.

რეგრესული გადასახადები არის ის ერთადერთი სწორი და კვალიფიციური გამოსავალი, რომელიც შესაძლებელია ხელისუფლებამ მცირე მეწარმეებს შესთავაზოს ისე, რომ ამ გზით არც მცირე მეწარმეები დაზარალდნენ და არც ქვეყნის ბიუჯეტმა დაკარგოს კუთვნილი კანონიერი შემოსავლები (თუმცა ასეთი ტიპის გადასახადების შეთავაზება ხელისუფლებას არა მარტო მცირე მეწარმეებისათვის, არამედ, ზოგადად, ყველასთვის შეუძლია). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მცირე მეწარმეები მათივე გაზრდილ შემოსავლებზე გადაიხდიან არა მზარდ ან ფიქსირებულ გადასახადებს, არამედ პროცენტულად კლებად გადასახადს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რეგრესული გადასახადი არის გადასახადის ისეთი სახე, როდესაც შემოსავლის ზრდასთან ერთად, საგადასახადო ტვირთის ოდენობა მცირდება.

რეგრესული გადასახადების დაწესების შემთხვევაში, მცირე მეწარმეებს ექნებათ სტიმული, არა თუ არ დამალონ გადასახადები, არამედ იყვნენ აქტიურები, მიიღონ მეტი შემოსავალი და პროცენტულად უფრო ნაკლები გადასახადები გადაიხადონ. თავის მხრივ, მსგავსი საგადასახადო სისტემის არსებობის პირობებში, ხელისუფლება შეძლებს, გაფართოებული დასაბეგრი ბაზის საფუძველზე ბიუჯეტში უფრო მეტი ოდენობის გადასახადების აკუმულირება მოახერხოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი