ეკონომიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

29 ოქტომბერი, 2010 • • 1504
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს. აღნიშნული კვლევა 2010 წლის 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ჩატარდა. პირისპირ გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე, კვლევის ბენეფიციარები კი 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები იყვნენ. კვლევა  ამერიკის შეერთებული  შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა.

კვლევის მიხედვით, პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში მიხეილ სააკაშვილს გამოკითხულთა 77% უჭერს მხარს.  გარდა ამისა, მოსახლეობის  უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილს ასახელებს იმ პირად, რომელსაც ქვეყანაში უმუშევრობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება შეუძლია. სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას მხარს უჭერს გამოკითხულთა 56%, ხოლო 22% კი რადიკალურად ეწინააღმდეგება.  მოქალაქეების უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნების მომავალ კვირას ჩატარების შემთხვევაში, ხმას ნაციონალურ მოძრაობას მისცემს.

გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვან  მიღწევებად  ენერგოსექტორის, საგზაო ინფრასტრუქტურის, კრიმინალური ვითარების, ზოგადად, ინფრასტრუქტურის, პოლიციის მუშაობის გაუმჯობესებას მიიჩნევს. ყველაზე ნაკლები მიღწევა,  მოსახლეობის აზრით, მთავრობას  სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში გააჩნია. ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება-ეს ის სფეროებია, სადაც მოქალაქეების აზრით, მთავრობამ პირველ რიგში უნდა განახორციელოს რეფორმები.

გამოკითხულთა აზრით, ქვეყანას ყველაზე მეგობრული ურთიერთობა  აშშ-სთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან და ევროკავშირთან აქვს, უმნიშვნელოვანესი პარტნიორების რეიტინგში კი აშშ და უკრაინა ლიდერობენ. კვლევის თანახმად, საქართველოს ყველაზე ცუდი ურთიერთობა  რუსეთთან, შემდეგ სომხეთთან აქვს. ქვეყანას   ყველაზე დიდი საფრთხე, კვლევის მიხედვით,  რუსეთის მხრიდან ემუქრება.

ეკლესია-ეს ის ინსტიტუტია, რომელსაც მოქალაქეები ყველაზე მეტად ენდობიან. იგივეს ვერ ვიტყვით  პარტიებზე, სავაჭრო გაერთიანებებზე; კვლევაში ამ სფეროების ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი