ეკონომიკა

თბილისში შემოსავლების სამსახურის განახლებული რეგიონული ცენტრი გაიხსნა

20 ოქტომბერი, 2010 • • 1292
თბილისში შემოსავლების სამსახურის განახლებული რეგიონული ცენტრი გაიხსნა

დღეს ორთაჭალაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის განახლებული რეგიონული ცენტრი  პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გოგა ცხაკაიამ ოფიციალურად გაიხსნეს.

სახელმწიფო ბიუჯეტმა ოფისის მშენებლობა 3 მლნ ლარით დააფინანსა. იგი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. თბილისის შემოსავლების სამსახურის  რეგიონულ ცენტრში ამჟამად 300 თანამშრომელი მუშაობს. 

„6-8 თვეში მთლიანად დასრულდება ფინანსთა სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურული რეორგანიზაცია. ჩვენი მიზანია, კერძო სექტორს ნაკლები შეხება ჰქონდეს შემოსავლების სამსახურთან და გადამხდელმა მისთვის საჭირო ყველა ოპერაცია  ინტერნეტით განახორციელოს, თუმცა თუკი მას  შემოსავლების სამსახურის მომსახურება დასჭირდა, ეს მარტივი, კომფორტული და არაბიუროკრატიული პროცესი უნდა იყოს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.    

„ეს არის თანამედროვე ოფისი, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. თბილისის რეგიონული ცენტრისთვის  ახალი გამჭვირვალე შენობა შეიქმნა, გაკეთდა სპეციალური ვიტრაჟები, რათა შემოსავლების სამსახურის მუშაობა მაქსიმალურად ტრანსპარენტული იყოს საზოგადოებისთვის. ახალ სათაო ოფისში განთავსებულია რამდენიმე დარბაზი, შექმნილია ღია ტიპის სამუშაო გარემო,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.

„ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა ჩვენი თანამშრომლებისთვის  კომფორტული გარემო შეგვექმნა. ჩვენ გვინდა ვიყოთ გამჭირვალე სამსახური, ახლოს ვიყოთ გადამხდელებთან და მათ შევთავაზოთ კომფორტული სერვისი,” – განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა გოგა ცხაკაიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი