ეკონომიკა

წყალმომარაგების ქუთაისის რეგიონული ფილიალი თანამედროვე წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიით აღიჭურვება

13 ოქტომბერი, 2010 • • 1147
წყალმომარაგების ქუთაისის  რეგიონული ფილიალი თანამედროვე წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიით აღიჭურვება

დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების ფონდისა და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა იმ მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და ჩეხეთის განვითარების ფონდს შორის  მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის რეგიონული ფილიალი თანამედროვე წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიით აღიჭურვება, მოხდება პერსონალის გადამზადებაც. მსგავსი ტიპის ლაბორატორიების შეძენა სხვა რეგიონებისთვისაც იგეგმება.

შეხვედრაზე ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების ფონდმა, წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, ლაბორატორიების განვითარების გეგმის პრეზენტაცია მოაწყო.

 “პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონებისა და დიდი ქალაქებისთვის წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიების შეძენას ითვალისწინებს, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს დარგის განვითარებაში, რათა ქართულმა სასმელმა წყალმა საერთაშორისო სტანდარტები დააკამყოფილოს და ყველა მოთხოვნას უპასუხოს” – აღნიშნა ჩეხეთის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა და პროექტის მენეჯერმა იან პაველკამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი