ეკონომიკა

რუსეთი, გერმანია და იაპონია ყველაზე პერსპექტიული ეკონომიკის მქონე ქვეყნებია

12 ოქტომბერი, 2010 • • 1538
რუსეთი, გერმანია და იაპონია ყველაზე პერსპექტიული ეკონომიკის მქონე ქვეყნებია

გლობალური ეკონომიკის განვითარების ტემპი შენელებულია, უმეტეს განვითარებულ და დიდ განვითარებად ქვეყნებში უკვე შეიმჩნევა ეკონომიკური არასტაბილურობა – ამის შესახებ გაზეთი ”ვედომისტი”, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება.

შერეული ინდექსი ”OECD”-ს მიერ 1970 წლიდან გამოიანგარიშება. ინდექსის მთავარი საფუძველი წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლებია, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი, ექსპორტირებული საქონელი და ბიზნესის განვითარების დონე. შერეული ინდექსის გამოთვლის მიზანია დროულად მოხდეს ეკონომიკური ტენდენციების ცვლილების დაფიქსირება და შესაბამისად რეაგირება.

ამჟამად ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მხოლოდ რუსეთს, იაპონიას და გერმანიას აქვთ, იტყობინება ”OECD”. პირველი ორი ქვეყნის შერეული ინდექსი აგვისტოში გაიზარდა, ხოლო გერმანიაში უცვლელი დარჩა. ჩინეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბრაზილიის და იტალიის ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდა, ხოლო აშშ-ს ეკონომიკამ აღმავლობის პიკს მსოფლიო კრიზისის ფონზე აგვისტოში მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია მისი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება, ვარაუდობენ ”OECD” -ის ექსპერტები.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მშპ ივლისიდან აგვისტომდე 0.4%-ით შემცირდა, მაგრამ 0.1%-ით მრეწველობისა და საინვესტიციო კაპიტალის გაზრდამ საერთო ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი, ჯამში – 10.9% მოგვცა.

”რენესანს კაპიტალის” მთავარი სტრატეგის, რონალდ ნეშის თქმით, დიდი საცალო ქსელების გაყიდვების მაჩვენებლები რუსეთში ძველ სიტუაციას უბრუნდება. ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალმა უკვე გადააჭარბა კრიზისამდელ მაჩვენებელს. მოიმატა კრედიტების გაცემის ტემპებმა ფიზიკურ პირებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგ მაჩვენებელს წარმოგვიდგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში იმპორტის ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ რუსულ კომპანიებს ჯერ-ჯერობით უჭირთ მზარდ მოთხოვნილებებზე რეაგირება, ფიქრობს ნეში.  მომდევნო 6 თვეში, ”რენესანს კაპიტალისა” და რუსული ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლების აზრით, ეკონომიკური განვითარების ტემპების შენელებაა მოსალოდნელი.  ინვესტიციის მნიშვნელოვანი შემოდინების გარეშე, საეჭვოა, რომ რუსეთმა შეძლოს ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა 3-4 % მაღლა-დასძენს ნეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი