ეკონომიკა

საქსტატი: ოქტომბერში წამლებზე, უალკოჰოლო სასმელებსა და სურსათზე ფასები გაიზარდა

3 ნოემბერი, 2015 • • 1257
საქსტატი: ოქტომბერში წამლებზე, უალკოჰოლო სასმელებსა და სურსათზე ფასები გაიზარდა

საქსტატის ცნობით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 0,9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3,3 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (6,5 პროცენტი). თუმცა, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე 9,2 პროცენტით.

 

რაც შეეხება ჯანმრთელოიბის დაცვას, საქსტატუს ცნობით, ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,0-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,20 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები ძირითადად გაზრდილი იყო ფარმაცევტულ ნაწარმზე (6,7 პროცენტი);

 

სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რამაც 0,11 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა ინდექსის მთლიან ცვლილებაზე.

 

საქსტატის ცნობით, 2015 წლის ოქტომბერში 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5,8 პროცენტი შეადგინა. გასულ წელთან შედარებით ფასები გაიზარდა სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებზე, ავეჯზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, წყალსა და ელექტროენერგიაზე.

 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 4,1 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,27 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვნად გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (22,2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (15,6 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,4 პროცენტი).

 

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 11,1 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,04 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. ფასები ძირითადად გაიზარდა ფარმაცევტულ ნაწარმზე (27,4 პროცენტი).

 

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 13,1 პროცენტით, რამაც წლიურ ინდექსზე 0,82 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

 

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,2-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,70 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული ზრდა, ძირითადად, ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე ფასების 10,5 პროცენტით ზრდით იყო გამოწვეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი