ეკონომიკა

მთავრობის განმარტებები Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს ადგილის ცვლილებაზე

28 ოქტომბერი, 2015 • • 1629
მთავრობის განმარტებები Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს ადგილის ცვლილებაზე

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს საქართველო აღნიშნულ რეიტინგში მე-15 ადგილას იყო, ხოლო 2016 წლისთვის 77.45 ქულით 24-ე ადგილზე იმყოფება.

 

მსოფლიო ბანკის 2014 წელს ჩატარებული კვლევის PDF ვერსიაში საქართველოს მე-15 ადგილი უჭირავს რეიტინგში, თუმცა, მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელია Doing Business-ის ყოველწლიური რეიტინგების ნახვა იქ საქართველო წინა წლის რეიტინგში 24-ე ადგილზეა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტური რეგულირების მიმართულებით.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველომ განახორციელა 2 რეფორმა, რომელმაც ბიზნესის კეთება უფრო მარტივი გახადა.

 

„საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 10-დან 3 კომპონენტში,  5 კომპონენტში ქულები არის გაუმჯობესებული, ხოლო დანარჩენ 5 კომპონენტში უცვლელია. შარშან გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით  საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 13 ინდიკატორში, არც ერთ ინდიკატორში არ გაუარესებულა, ხოლო 6 ინდიკატორი არის ახალი, რომლებიც ადრე არ არსებობდა, ან არის სრულიად ახლად დამატებული, ან შეცვლილი“ – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

 

მსოფლიო ბანკის  სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იავან ოჰალორანი ამბობს, რომ წლევანდელი შეფასებისას გამოიყენეს ახალი მიდგომა და მეთოდოლოგია, რის გამოც საქართველოს მიენიჭა 24-ე ადგილი.

 

საქართველო, ბიზნესის კეთების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანაა,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბანკის ანგარიშს, რომელიც ბიზნესის კეთებას უკავშირდება.

„ცვლილება, რომელიც დაფიქსირდა, გამომდინარეობს მეთოდოლოგიის ცვლილებიდან. თუმცა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბევრ პოზიციაზე გვაქვს გაუმჯობესება და არსად არ გვაქვს გაუარესება. ჩვენ წინ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა – პოლონეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, იაპონია, ბელგია, იტალია ლუქსემბურგი და სხვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

“წლევანდელ მოხსენებაში გამოყენებული შეფასების ახალი, გაფართოვებული მეთოდოლოგია გამოყენებული რომ ყოფილიყო წინა წლის შეფასებისას,  საქართველოს პოზიცია უცვლელი დარჩებოდა. მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც გასულ წელს განახორციელა ორი მნიშვნელოვანი რეფორმა – კონტრაქტის აღსრულების გაუმჯობესება და მშენებლობის ნებართვის გამარტივება ნებართვის გასაცემად საჭირო დროის შემცირებით.”, – განაცხადა იავან ოჰალორანმა.

 

ანგარშში აღნიშნულია, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ბიზნესის კეთების სიიოლის მხრივ და 2003 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მდგომარეობა. ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს საქართველომ განახორიცელა ორი რეფომა: სამშენებლო ნებართვების გაცემის გაიოლება და კონტრაქტების აღსრულების გამარტივება.

 

კვლევის მიხედვით, საქართველომ თავისი სასამართლოები გახადა უფრო ეფექტური ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვით, რითიც შესაძლებელია მხარემ ელექტრონულად შეავსოს სარჩელი, ხოლო სასამართლო უფრო გამჭვირვალე გახდა და შეამცირა კორუფციის შესაძლებლობა.

 

კვლევაში დადებითადაა შეფასებული ის, რომ საქართველოში 10-დან 5 დღემდე შემცირდა სანებართვო პერიოდი მშენებელობების გაცემაზე.

 

ელექტროენერგიით მომარაგების კომპონენტში საქართველომ 62-ე ადგილი დაიკავა, კონტრაქტების აღსრულების კომპონენტი – მე-13 ადგილზეა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება – 101-ე ადგილზე. 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის  „Doing Business“-ის შეფასება  ეფუძნება მნიშვნელოვნად შეცვლილ მეთოდოლოგიას. კვლევას დაემატა ხარისხობრივი მონაცემები, რომელიც ადრე არ ფასდებოდა: რეიტინგს დაემატა 3 ახალი ინდიკატორი (მშენებლობის ხარისხის კონტროლოს ინდექსი, ელექტროენერგიის წყაროს საიმედოობის და ტარიფების გამჭვირვალეობის ინდექსი, მიწის ადმინისტრირების ხარისხის ინდიკატორი ქონების რეგისტრაციის კომპონენტში, რომელიც მოიცავს კადასტრით დაფარვას),

 

ხოლო 3 ინდიკატორი შეიცვალა. ესენია: სასამართლო პროცესების ხარისხის ინდიკატორი (კონტრაქტების აღსრულების კომპონენტში) –  წლევანდელ შეფასებას დაემატა ხარისხი, მაშინ, როდესაც გასული წლის კვლევა მოიცავდა პროცედურების რაოდენობას, და საზღვრებს შორის ვაჭრობის კომპონენტში 2 ინდიკატორი – ექსპორტისთვის საჭირო დრო და პროცედურები და იმპორტისთვის საჭირო დრო და პროცედურები – შეიცვალა თვისობრივად. იზომება არა მხოლოდ ექსპორტიორ, არამედ ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყანაში იმპორტ/ექსპორტის დოკუმენტების მოპოვება, მომზადება, წარდგენა. შესაბამისად, შესასწავლი სფერო გასცდა საქართველოს ფარგლებს და მოიცავს იმ უცხო ქვეყნებსაც, სადაც, ან რომლის გავლითაც ხორციელდება იმპორტ/ექსპორტი.

 

სწორედ ამ ცვლილებამ განაპირობა ის, რომ ახალი  მეთოდოლოგიის  მიხედვით  გადაანგარიშდა ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს 2015 წლის პოზიციაც და მე-15 ადგილის ნაცვლად საქართველოს 24-ე ადგილი მიენიჭა, აცხადებს სამინისტრო.

 

doing business
doing business

წინა წლებში ყურადღება ნაკლებად მახვილდებოდა რეფორმების ხარისხზე. როგორც მშენებლობის ნებართვის, ასევე ქონების რეგისტრაციის კომპონენტში კადასტრით დაფარვის (მიწების აღრიცხვა-რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით) კუთხით რომ შეფასებულიყო საქართველო წინა წლებში, მას ვერ ექნებოდა იგივე პოზიციები, რადგან არ არსებობდა მშენებლობის ხარისხის კონტროლი, გაცილებით ნაკლები იყო კადასტრით დაფარვა, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფები არ იყო გამჭვირვალე. 

 

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, საქართველომ შეიმუშავა მშენებლობის კოდექსი, რომელიც უკვე მოიცავს მშენებლობის ხარისხის კონტროლის მექანიზმებს. ეს დოკუმენტი შეთანხმებულია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან და უახლოეს სესიაზე წარედგინება პარლამენტს განსახილველად.

 

სამინისტრო ასევე საუბრობს კადასტრით დაფარვა/მიწების აღრიცხვა-რეგისტრაციაზე – წინა წლებში არ იყო აღრიცხული და დარეგისტრირებული იმ რაოდენობის მიწის ნაკვეთები, რაც დღეს არის და, შესაბამისად – კადასტრით დაფარვა იყო ნაკლები. უკვე შემუშავებულია კანონპროექტი, რომელშიც განსაზღვრულია მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები თანამედროვე მოთხოვნების და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

 

ბიზნესის კეთების წლევანდელ რეიტინგში პირველ სამ ადგილს სინგაპური, ახალი ზელანდია და დანია იკავებენ. რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, სომხეთი 35-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 63-ეზე, თურქეთი 55-ეზე, ხოლო რუსეთი – 52-ეზე.

 

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან საქართველოზე უკეთესი პოზიცია აქვთ მაკედონიას მე-12 ადგილი, ესტონეთს მე-16, ლიტვას – მე-20 და ლატვიას 22-ე ადგილი.

 

მსოფლიო ბანკი Doing Busines-ის რეიტინგს 189 ქვეყნის შესახებ ყოველ წელს აქვეყნებს. მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) ერთობლივი კვლევა „ბიზნესის წარმოება“ რეგულაციების იმ პროცედურების ანალიზს აკეთებს, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის ბიზნესებს მათი არსებობის მანძილზე შეეხება; მათ შორის ხდება ბიზნესის დაწყებასთან და ოპერირებასთან, საერთაშორისო ვაჭრობასთან, გადასახადის გადახდასთან და გადახდისუუნარობის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებული რეგულირების პროცედურების ანალიზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი