ეკონომიკა

ნაკლები მოსავალი, მეტი პოპულიზმი

5 ოქტომბერი, 2010 • 1676
ნაკლები მოსავალი, მეტი პოპულიზმი

თუ მიმდინარე წელს საქართველოში ყურძნის ჩაბარების პრობლემა იმდენად აქტუალური აღარ იყო, როგორც გასულ წლებში, ეს არაა იმის შედეგი, რომ პრობლემა მოგვარდა. საქმე ისაა, რომ, გასულ წლებთან შედარებით, წელს კახეთის რეგიონში ყურძნის მოსავალი შეუდარებლად ნაკლები იყო.

რთველი 2010 საქართველოში ტრადიციულად ხმაურით დაიწყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თემამ აქტუალობა მას შემდეგ დაკარგა, რაც აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წელს ყურძნის გასაღების პრობლემა უფრო ნაკლებად იდგა დღის წესრიგში, ვიდრე გასულ წლებში, შესაბამისად, მოსახლეობის უკმაყოფილებაც ნაკლები იყო.

30 სექტემბერს, მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა სიამაყით აღნიშნა, რომ წელს  რთველის თემამ “მშვიდად” ჩაიარა და ეს მთავრობის მორიგ დამსახურებად ჩათვალა. თუმცა, სინამდვილეში პრობლემა, რომელსაც გლეხების მიერ ყურძნის ჩაბარება ერქვა, არსად გამქრალა, უბრალოდ დროში გადაიწია და მომავალ წელს ელოდება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ მიმდინარე წელს საქართველოში ყურძნის ჩაბარების პრობლემა იმდენად აქტუალური აღარ იყო, ვიდრე გასულ წლებში, ეს არაა იმის შედეგი, რომ პრობლემა მოგვარდა, არამედ გასულ წლებთან შედარებით კახეთის რეგიონში ყურძნის მოსავალი შეუდარებლად ნაკლები იყო. როგორც ყვარლისა და ლაგოდეხის მცხოვრებლები აღნიშნავენ, ყურძნის მოსავალი გასული წლის მაჩვენებლის დაახლოებით 50-60 პროცენტია. მაგალითად, თუ კახეთის რეგიონში წლების განმავლობაში საშუალოდ 150-180 ათასი ტონა ყურძენი მოდიოდა, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 90 ათას ტონასაც ვერ მიაღწია.

ბოლო პერიოდამდე ღვინის ბაზარზე წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების ორი, ერთმანეთზე უფრო საშიში გზა სახელდებოდა. პირველი, ეს იყო ვენახების გაჩეხვა – გზა, რომელიც ყველაზე პრიმიტიულია, ანუ მოკლა ადამიანი, როდესაც მასთან საუბარს ვერ ახერხებ. მსგავსმა პოლიტიკამ ბევრს გაახსენა ცნობილი ნათქვამი – “ცოტა ხალხი – ცოტა პრობლემა”. მეორე გზა იყო პირველზე საშიში და ამ გზას სუბსიდირება ეწოდება. სუბსიდირება ეს არის სიტუაცია, როდესაც მთავრობა მოქალაქეთა ერთი ნაწილის კუთვნილ თანხებს, ამავე მოქალქეების დაუკითხავად, გადასცემს მოქალაქეთა მეორე ნაწილს. ამ ყველაფერს კი შედეგი არ აქვს.

სუბსიდირების პრობლემა კახეთის რეგიონისათვის წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, თუმცა ამით არა თუ პრობლემის დაძლევა მოხერხდა, არამედ წლიდან წლამდე ვითარება სულ უფრო მწვავდებოდა.

2010 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რთველის სუბსიდირებისათვის 6.1 მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნულ განკარგულებას პირდაპირ შეიძლება ეწოდოს – “ხილული მფლანგველობა”.

იმისათვის, რომ მუდმივი “ერთჯერადი ეფექტები” საბოლოოდ იქნას თავიდან აცილებული, ხოლო ღვინის ბაზარი საფუძვლიანად მოწესრიგდეს, სამუშაოს წარმართვა ორი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებითაა საჭირო.

ხარისხის სტანდარტი და აქტიური ბრძოლა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ

საგარეო ბაზრების ათვისებაზე არანაკლებ აქტუალური საკითხია ქვეყნის შიდა ბაზარზე ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესების დაცვა. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, ქართული ღვინის კომპანიები შიდა ბაზარზე საკუთარი წარმოების მხოლოდ 20 პროცენტს ყიდიან.

სამწუხაროდ, მიმდინარე პერიოდამდე საქართველოში პრაქტიკულად არ კონტროლდება ღვინის ხარისხი. არავინ იცის, როგორი ხარისხის ღვინო იყიდება საქართველოს რესტორნების ქსელსა და მაღაზიებში. ამ მხრივ უპირატესად საუბარია ე.წ. “ჩამოსასხმელ” ღვინოზე, ანუ ისეთი ტიპის ღვინოზე, რომელიც მზადდება არა ქარხნული, არამედ ე.წ. “საოჯახო” წესით. ამასთან, არ არსებობს არანაირი საშუალება, რათა შემოწმდეს ამავე ტიპის გაყიდული ღვინის რაოდენობა. თუმცა ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ ქართულ რესტორნებში “ჩამოსასხმელ” ღვინოზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატება ე.წ. ბოთლის ღვინოზე მოთხოვნას.

არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართულ ბაზარზე სულ უფრო მზარდია ფალსიფიცირებული ღვინის წილი, რაც ამავე სფეროს წარმოების განვითარებას მნიშვნელოვნად აზარალებს. შესაბამისად, დასახელებულ სფეროში ხარისხის სტანდარტის დანერგვა, რასაც თან მოჰყვება ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მნიშვნელოვნად გამოათავისუფლებს ადგილს ლეგალურად წარმოებული უფრო მაღალხარისხიანი ღვინისათვის. შესაბამისად, ადგილობრივ მწარმოებლებს გაეზრდებათ წარმოებული ღვინის რეალიზაციის ოდენობა, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ამავე მწარმოებლების მიერ ყურძენზე მოთხოვნის ზრდასთან.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის გადაწყვეტილებები, რომელთა გატარებაც ღვინის შიდა ბაზარზე მწარმოებელთა ინტერესების დასაცავად მთავრობას მოუწევს, ე.წ. “არაპოპულარული რეფორმების” სიაშია და შესაბამის სფეროში რეფორმის გატარება მნიშვნელოვან პოლიტიკურ მზაობას მოითხოვს. ფაქტია, რომ დასახელებული რეფორმის გატარების შემთხვევაში, არაერთი ფალსიფიკატორი დაკარგავს შემოსავალს, თუმცა, ასევე, არაერთ მწარმოებელს გაეხსნება გზა ახალი ნიშების ათვისებისათვის.

ბაზრების დივერსიფიცირება და კონკურენტუნარიანი ფასები

ახალი ბაზრების ათვისება ის სფეროა, რომელიც, როგორც რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემდგომ გაირკვა, ქართველი მწარმოებლების ყველაზე სუსტი წერტილი აღმოჩნდა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ნიკა გილაურის განცხადებით, თურქეთის სახელმწიფოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თანახმად, საქართველოს შეუძლია ამ ქვეყანაში მილიონი ლიტრი ღვინის იმპორტი განახორციელოს, თუმცა რეალურად ქართველი იმპორტიორები თურქეთში საშუალოდ 40 ათას ლიტრ, მაქსიმუმ კი 60 ათასი ლიტრ ღვინის იმპორტს ახორციელებენ.

იკვეთება ბაზრების ათვისების სფეროში წარმოქმნილი პრობლემის ორი მთავარი მიზეზი: პირველი ის, რომ ქართველი მწარმოებელების აბსოლუტურ უმრავლესობას უბრალოდ არ ჰქონდა გეგმა და სათანადო კონტაქტები სხვა ქვეყნების ბაზრების ათვისების მიმართულებით, ხოლო მეორე, ასეთი გეგმისა და კონტაქტების არსებობის შემთხვევაშიც კი, მათ მიერ წარმოებული საკმაოდ დაბალხარისხიანი ღვინო ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევდა, თუნდაც, საშუალო კლასის ევროპულ თუ სამხრეთ-ამერიკულ ღვინოებს.

დღევანდელ რეალობაში ღვინის ქართველ მწარმოებლებს, ძირითადად, კვლავ ამ ორი მიზეზის გამო უჭირთ საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებთან შედარებით საექსპორტო ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. ღვინის მწარმოებელთა მთავარი პრობლემა, პირველ რიგში, კვლავ უცხო ბაზრების ათვისებისათვის არასათანადო მუშაობაა, თუმცა, ამ მხრივ, მწარმოებლებს სახელმწიფოს დახმარებაც ესაჭიროებათ – რეკლამირებისა თუ სხვა ღონისძიებების მოწყობის კუთხით. მეორე მხრივ, იმ ქვეყნებში, სადაც ქართული ღვინის შეძენა შესაძლებელია, ამავე ღვინოზე ფასები საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ქართულ ღვინოებს ძალიან უჭირთ ფასისმიერი კონკურენცია საშუალო ევროპულ და სამხრეთ-ამერიკულ ღვინოებთან. სწორედ ამიტომ, საჭიროა იმ მიზეზების კვლევა, თუ რატომ უჭირს ქართულ ღვინოებს ფასისმიერი კონკურენცია მსგავსი “კლასის” ღვინოებთან, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა და ქართული ღვინო ევროპულ და, ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ბაზრებზე მნიშვნელოვანი ფინანსური ბარიერებისა და სხვა შეზღუდვების გარეშე ხვდება.

ღვინის ბაზრის სფეროში არსებული პრობლემების საფუძვლიანად მოგვარებისათვის მარტივი გამოსავალი არ არსებობს, მით უმეტეს, აღნიშნული პრობლემა ვენახების გაჩეხვით ვერ მოგვარდება. საჭიროა გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, რომელიც მთელ რიგ შემთხვევაში არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. საჭიროა პოპულიზმისაგან თავისუფალი რეფორმები, ხოლო მუშაობა სამი ძირითადი მიმართულებით უნდა წარიმართოს: ადგილობრივი მწარმოებელების ხელშეწყობის მიზნით, შიდა ბაზრის დაცვა ფალსიფიკატორებისაგან, მეტი აქტიურობა საგარეო გასაღების ბაზრების ათვისებისა და დივერსიფიკაციის კუთხით და ფასისმიერი კონკურენციის უზრუნველყოფა, თუნდაც დაბეგვრის სფეროს ლიბერალიზაციის გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი