ეკონომიკა

პერსპექტივაში დაკარგულები

27 სექტემბერი, 2010 • 1121
პერსპექტივაში დაკარგულები

საქართველო “პერპექტივაში დაკარგულ” ქვეყანას ჰგავს. ქვეყანას, რომელმაც რეფორმები დაიწყო, თუმცა რეალურად აღმოჩნდა პოპულიზმის ტყვეობაში და ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ ეტაპამდე ვართ სხვადასხვა რეიტინგის ღირსეულ გრაფაში მხოლოდ დაწყებული რეფორმების ექო ან არსებული ვითარების თეორიული გამოძახილია. რეალურად კი ჩვენ სულ უფრო და უფრო ვექცევით პოპულიზმის ტყვეობაში და ვშორდებით ცივი გონებით განსახორციელებელ იმ რეფორმებს, რომლებიც ფაქტობრივ წარმატებამდე მიგვიყვანდა.

მსოფლიოში ვერავინ გასცემს კვალიფიციურ პასუხს რიტორიკულ კითხვაზე: “დღევანდელი კვერცხი სჯობს, თუ ხვალინდელი ქათამი”, თუ ზუსტად არ ეცოდინება, რომ “ხვალ” რაიმე ტიპის ავადმყოფობა “პერსპექტიულ ქათმებს” ერთიანად არ გაანადგურებს. ამის მსგავსად საკმაოდ ძნელია ისაუბრო “ქამრების შემოჭერის”  პოლიტიკაზე მაშინ, როდესაც შედეგად მხოლოდ ფურცელზე დაწერილ “წარმატებულ რეიტინგებს” წარმოგიდგენენ, ხოლო რეალურად, საკუთარ “მაცივარში სიცარიელეა”, “მოსალოდნელი” პერსპექტივა კი კვლავ მხოლოდ პერსპექტივად რჩება.

მსოფლიოში ფეხბურთის მოყვარულებს ხშირად უყვართ საუბარი რომელიმე დამწყები ფეხბურთელის პერსპექტიულობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს დამწყები ფეხბურთელი რამდენიმე თამაშში მართლაც არაორდინალურ სვლებს გააკეთებს. აღნიშნულ პერიოდში ფეხბურთის გულშემატკივრების მხრიდან ძალიან სწრაფად იწყება ამ ფეხბურთელის პერსპექტიულობასა და დიდ მომავალზე საუბარი. ეს საუბრები კი ხშირად ცუდად სწორედ “პერსპექტიულ” ფეხბურთელზე მოქმედებს და მისი მოდუნება და დაღმასვლა სწორედ ამ დროს იწყება. შედეგად, საფეხბურთო ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს იმისა, თუ როგორ დარჩენილან “პერსპექტიული” ფეხბურთელები მუდმივად “პერსპექტიულებად” და მათ რეალური შედეგი არ უჩვენებიათ. ამის შემდგომ ხშირად მომხდარა ისე, რომ დასახელებულ “პერსპექტიულ” ფეხბურთელებს საშუალოზე დაბალ საფეხბურთო რიგებში სათადარიგო სკამზე დაუსრულებიათ კარიერა.

რეფორმების გზაზე დამდგარი ქვეყანაც ხანდახან პერსპექტიულ ფეხბურთელს გვაგონებს, თუმცა რეფორმებში “გაჭედილი” ქვეყნის ანალოგი სწორედ “მუდმივად პერსპექტიული” ფეხბურთელია, რომელმაც შედეგი ვერაფრით აჩვენა, ხოლო წინ “დაბალი ლიგა” და სათადარიგო სკამი ელოდება.

ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად გვესმის სხვადასხვა ტიპის ავტორიტეტულ თუ ნაკლებად ავტორიტეტულ რეიტინგებში საქართველოს მუდმივი სტატისტიკური წინსვლა. უპირატესად ეს შეფასებები მთელ რიგ შემთხვევებში არის სწორად დაწყებული რეფორმების შედეგი, მაგრამ სწორად დაწყება არ ნიშნავს შედეგს, სინამდვილეში ენთუზიაზმით შესაძლებელია საქმის დაწყება და არა – საქმის კეთება.

მსოფლიოში არსებობს რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ მიიჩნეოდა ესა თუ ის ქვეყანა რეფორმების გენერატორად, თუმცა დღევანდელ ვითარებაში ამ ქვეყნების სტატუსი საშუალო ან საშუალოზე დაბალია. ამის მაგალითებია ჩილე, მექსიკა, ევროპაში კი – პოლონეთი. სწორედ პოლონეთი არის ქვეყანა, რომელიც ნამდვილად “დაიკარგა პერპექტივაში” მას შემდგომ, რაც პროფესორ ბალცეროვიჩის “შოკური თერაპიის” რეფორმებს პოპულიზმის კასკადი მოჰყვა, რომელიც ამ ქვეყანაში ამ დრომდე გრძელდება.

სამწუხარო რეალობაა, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო “პერპექტივაში დაკარგულ” ქვეყანას ჰგავს. ქვეყანას, რომელმაც რეფორმები დაიწყო, თუმცა რეალურად აღმოჩნდა პოპულიზმის ტყვეობაში და ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ ეტაპამდე ვართ სხვადასხვა რეიტინგების ღირსეულ გრაფაში, მხოლოდ დაწყებული რეფორმების ექო ან არსებული ვითარების თეორიული გამოძახილია. რეალურად კი, ჩვენ სულ უფრო და უფრო ვექცევით პოპულიზმის ტყვეობაში და ვშორდებით ცივი გონებით განსახორციელებელ იმ რეფორმებს, რომლებიც ფაქტობრივ წარმატებამდე მიგვიყვანდა. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში კი, საქართველო იქნება ერთი რიგითი ქვეყანა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის, რომელიც გადარჩენისათვის და არა განვითარებისათვის იბრძოლებს.

2010 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველო გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად კიდევ ერთხელ აუმჯობესებს ქვეყნის რეიტინგს. კერძოდ, „The Heritage Foundation”-ისა და „The Wall Street Journal”-ის  კვლევის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით 2010 წელს   საქართველომ  26-ე პოზიციით ძირითად, თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა. აღნიშნული ინფორმაცია სრული სიმართლეა, თუმცა საქმე კვლავ ცარიელ პერსპექტივასთან და არა რეალურ შედეგთან გვაქვს. კერძოდ, საქართველო წარმოდგენილ რეიტინგში არის მოწინავე პოზიციებზე, გამომდინარე მის მიერ დეკლარიებული (თუნდაც კანომდებლობაში წარმოდგენილი) თეორიული პოსტულატებიდან, თუმცა პრაქტიკულ მაჩვენებლებში ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით თუნდაც იმ ქვეყნებს, რომლებსაც დასახელებულ რეიტინგში ჩვენს ქვეყანაზე ბევრად დაბალი პოზიციები უკავიათ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ინდექსის თანახმად, საქართველოს მე-14 ადგილი უკავია ევროპის ქვეყნებს შორის და ლიდერობს ჩვენი რეგიონის სახელმწიფოთა შორის. ქვეყანამ წინ წაიწია ისეთ მაჩვენებლებში, როგორებიცაა: ბიზნესის თავისუფლება, საგადასახადო და სალიცენზიო გარემო, შრომის ბაზრის თავისუფლება. მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ბელგიას, საფრანგეთს, ესპანეთს, ლატვიას, ლიტვას, ბულგარეთს,  საბერძნეთს, იტალიას, რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს.

აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ინტერესმოკლებული არ იქნება გავაანალიზოთ საქართველოს რეალური მდგომარება იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს მიერ Heritage Foundation-ის კვლევის თანახმად წარმოდგენილია, როგორც საქართველოზე ქვემდგომი ქვეყნები.

ვიდრე დასახელებული ქვეყნების პირობებს საქართველოსთან მიმართებაში განვიხილავდეთ, მანამადე საინტერესოა ის მონაცემები, რომლებიც „The Heritage Foundation”-მა კვლევაში წარმოგვიდგინა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს შევადაროთ: საქსტატის მონაცემებით, 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობა 4.436 მილიონს აღემატება, „The Heritage Foundation”-ის მონაცემებით კი, საქართველოს მოსახლეობა 4.4 მილიონია; მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4,093 ლარია, „The Heritage Foundation”-ის მონაცემებით კი – 4,896 აშშ დოლარია; საქსტატის თანახმად, წლიური ინფლიაცია 2009 წელს 3 პროცენტს არ აღემატებოდა, „The Heritage Foundation”- ის მონაცემებით კი ეს ციფრი 10 პროცენტს შეადგენს. უმუშევრობა „The Heritage Foundation”- ის მონაცემებით 16.5 პროცენტია, საქსტატის მონაცემებით კი – 17 პროცენტი.

წარმოდგენილი განსხვავებების გაცნობისას რჩება შთაბეჭდილება, რომ „The Heritage Foundation”-ს კვლევის ჩასატარებლად გაცილებით “ოპტიმისტური” სტატისტიკა გააჩნდა, ვიდრე ამას სახელმწიფოს უმთავრესი სტატისტიკური სამსახურის მონაცემებში ვეცნობით.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის მიერ ზემოთ ნახსენები ჩვენს ქვეყანაზე “ქვემდგომი” ქვეყნებისა და საქართველოს რეალური მაჩვენებლების შედარებას, არა საქსტატის, არამედ, თუნდაც, საკმაოდ ოპტიმისტური „The Heritage Foundation”-ის მონაცემების თანახმად: უმუშევრობა საქართველოში 16.5 პროცენტია, ბელგიაში – 7 პროცენტი, ლიტვაში – 5.8 პროცენტი, სომხეთში – 7.1 პროცენტი, ლატვიაში – 7.5 პროცენტი, საფრანგეთში – 7.8 პროცენტი, აზერბაიჯანში – 6.1 პროცენტი, რუსეთში – 6.4 პროცენტი და ა.შ. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში 4.896 აშშ დოლარია, მაშინ როდესაც ბელგიაში ეს მაჩვენებელი 34,493 აშშ დოლარია, ლიტვაში – 18.824 აშშ დოლარი, სომხეთში – 6.070 აშშ დოლარი, ლატვიაში – 17.100 აშშ დოლარი, საფრანგეთში – 34.045 აშშ დოლარი, აზერბაიჯანში – 8.765 აშშ დოლარი, რუსეთში კი 16.139 აშშ დოლარია. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა საქართველოში 2 პროცენტზეა დაფიქსირებული, მაშინ როდესაც ე.წ. “ჩვენი კატეგორიის” ქვეყნებში, მაგალითად, სომხეთში ეს მაჩვენებელი 6.8 პროცენტს, რუსეთში 7.3 პროცენტს, ხოლო აზერბაიჯანში 10.8 პროცენტს შეადგენს.

წარმოდგენილი ციფრები მეტ-ნაკლებად იმ რეალობის ამსახველი მაჩვენებლებია, რომლებშიც საქართველო და ზემოთ დასახელებული ქვეყნები იმყოფებიან. რეალურად კი, საქართველოს მიერ რეიტინგში ნაჩვენები შედეგი არა ეკონომიკის ციფრებში გამოხატული განვითარების, არამედ “ფურცელზე დაწერილი” ჯერჯერობით უმოქმედო, მაგრამ “პერსპექტიული” პოსტულატების შედეგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი