ეკონომიკა

პრეზიდენტის ”სიტყვაზე ნდობის” ეკონომიკა

13 სექტემბერი, 2010 • 1409
პრეზიდენტის ”სიტყვაზე ნდობის”  ეკონომიკა

“ქობულეთის ფიჭვნარში ტურისტული კომპლექსი აშენდება. 27 ახალი შენობა ქობულეთის შესასვლელში განთავსდება. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, მიწას ბიზნესმენებს სიმბოლურ ფასად გადასცემენ” –  ეს არის ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 ინფორმაცია, თავისთავად, პოზიტიური შინაარსის მატარებელია, ვინაიდან აჭარის რეგიონს, განსაკუთრებით კი ქობულეთს, კომუნისტების პერიოდში არსებული სასტუმრო ინფრასტრუქტურის გარდა (აქ არ იგულისხმება საოჯახო სასტუმროები), მრავალი წლის განმავლობაში ახალი არაფერი შეუძენია. ვითარება შეიცვალა 2004 წლის შემდეგ, როდესაც ეტაპობრივად დაიწყო მსხვილი კაპიტალური მშენებლობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქობულეთის ფიჭვნარის განაშენიანება, თავისთავად, მხოლოდ დადებითი მოვლენაა. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას თან ერთვის საქართველოს პრეზიდენტის საინტერესო განცხადება, რომელიც  ცალკე აღებულ “ქობულეთის ფიჭვნარის” ეკონომიკურ პოლიტიკას ცდება და უფრო შორს მიდის. 

 “ყველამ კარგად დამიგდოს ყური, ვისაც სახლში ან სადღაც ბანკში უდევს რამდენიმე მილიონი დოლარი. ბანკში და მუთაქაში ფული არ მოიმატებს და შეიძლება დაკარგოთ კიდეც. ჩვენ გთავაზობთ პროექტს, რომლითაც ეს ფული შეიძლება უახლოეს წლებში მინიმუმ გააორმაგოთ. მე გთავაზობთ – გავალამაზოთ ჩვენი ქვეყანა, დავასაქმოთ ხალხი და გავაორმაგოთ თქვენი ქონება. ამისათვის უფასოდ გამოგიყოფთ მიწას აქ, ქობულეთის ფიჭვნარში, უფასოდ მოგიყვანთ წყალსა და სხვა კომუნიკაციებს, უფასოდ გაგიკეთებთ პროექტებს და, რაც მთავარია, თუ მშენებლობა დაიწყება პირველ ნოემბრამდე და აიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალი წლის პირველ აგვისტომდე ამას განავითარებთ, შემდეგი 5 წლის განმავლობაში გათავისუფლდებით გადასახადებისგან.

 ამხელა სივრცე უაზროდ არის დაკარგული, გაანძრიეთ ხელი და დაასაქმეთ ხალხი. ჩვენი ინტერესი ტურისტების განთავსებაა..”-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

 ეკონომიკაში გაუთვითცნობიერებელი ნებისმიერი ადამიანისათვის, განსაკუთრებით კი მეოცნებე, სხვისი ხელით საქმის მკეთებელი და “ყოვლისმცოდნე” ქართველებისათვის, ეს რიტორიკა უპირატესად მისაღები იქნებოდა, რადგან აღნიშნული განცხადების მოსმენისას, სწრაფად წარმოიდგენდა იმას, თუ როგორ გარბიან “მილიონერი ქართველები” ბანკებში მათ ანგარიშებზე არსებული მილიონების გამოსატანად, ან როგორ ხსნიან პრეზიდენტის მიერ ნახსენებ მუთაქებს, იქიდან  მილიონებს იღებენ და შემდგომ კი უკვე როგორი ტემპებით აშენებენ 11 თვეში სასტუმროს ძირითად ინფრასტრუქტურას, ხოლო ჯამში როგორ მივიღებთ ქობულეთის ფიჭვნარში რამოდენიმე ათეულ ფეშენებელურ სასტუმროს, რომელშიც მრავალი ათასი ადამიანი დასაქმდება, ხოლო ცხოვრება უფრო მშვენიერი გახდება, ვიდრე მანამდე იყო.

თუმცა დაწყებული ოცნების განხორციელებამდე მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის განცხადებას უფრო სერიოზულად ჩავუღრმავდეთ. ამ შემთხვევაში, არაერთ საინტერესო დეტალს აღმოვაჩენთ.

 საფუძველშივე უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის მიერ გაცხადებული აქტივობების ნაწილი სრულიად შეესატყვისება ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული აქტივობა მთელს საქართველოზე გავრცელდება და არა მხოლოდ ერთ რეგიონზე.

 განვიხილოთ უფრო დაწვრილებით პრეზიდენტის განცხადება:

1. “ყველამ კარგად დამიგდოს ყური, ვისაც სახლში ან სადღაც ბანკში უდევს რამდენიმე მილიონი დოლარი. ბანკში და მუთაქაში ფული არ მოიმატებს და შეიძლება დაკარგოთ კიდეც” – აღნიშნული წინადადება წარმოდგენილი განცხადების ყველაზე დამაფიქრებელი ნაწილია. პირველ რიგში, ეს განცხადება ძალიან ცუდი სიგნალია საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელთაც საკუთარი დანაზოგები ქართულ ბანკებს ანდეს, ახლა კი გაიგეს, რომ შესაძლებელია ბანკში განთავსებულ დეპოზიტებზე არა თუ დანაზოგი ვერ მიიღონ, არამედ სრულად დაკარგონ კიდეც. ამასთან, ამ განცხადებით დანაზოგების მქონე პერსონებს არანაირად არ გაუჩნდებათ სურვილი დამატებითი ინვესტირებისათვის, ვინაიდან ისინი ჩათვლიან, რომ თუ საქართველოში ყველაზე განვითარებულ საბანკო სექტორში არსებობს საკუთარი ფინანსების დაკარგვის რისკი, მაშინ სამშენებლო სფეროში ეს რისკი ხომ გაასმაგებულია. მეორე მხრივ, აღნიშნული განცხადება მაინცდამაინც სასიამოვნო მოსასმენი არ იქნებოდა “ომგამომვლილი” და კვლავ განვითარების გზაზე დამდგარი მეტ-ნაკლებად სტაბილური საბანკო სექტორისათვის, ვინაიდან პრეზიდენტის განცხადებაში ჩანს, რომ კომერციული ბანკები “ატყუებენ” ადამიანებს, ვინაიდან ბანკებში დეპოზიტებზე განთავსებული ფული არ იმატებს და, უფრო მეტიც, არის დაკარგვის შანსიც. აღნიშნული განცხადების შემდეგ არის ალბათობა, რომ კომერციული ბანკებისადმი საქართველოს მოქალაქეთა ეჭვნარევი ნდობა კიდევ უფრო შემცირდეს. მესამე დეტალი, რომელიც განცხადების ამ ნაწილში შეიძლება ამოვიკითხოთ, არის ინფლაციური რისკი. კერძოდ, თუ ბანკში, სხვადასხვა პოლიტიკური რისკის გამო, შესაძლებელია პიროვნებამ დეპოზიტი დაკარგოს, მაშინ საინტერესოა, რა ემუქრება “მუთაქაში” განთავსებულ დანაზოგებს? გარდა კრიმინალური შემთხვევებისა, “მუთაქაში” განთავსებული დანაზოგების დაკარგვის “იდეალური შემთხვევა” ქვეყანაში არსებული ინფლაციაა. ამჟამინდელი ვითარება, ინფლაციური პოლიტიკის კუთხით, საგანგაშო ნამდვილად არ არის და მოსახლეობას ნამდვილად აქვს ლარის ნდობა გარკვეულ დონეზე (თუმცა უფრო ნაკლებად, ვიდრე დოლარის). აღნიშნული მოწოდების შემდგომ კი შესაძლებელია ბევრი ადამიანი დაფიქრდეს ლარის სტაბილურობის თაობაზე, ხოლო ქვეყანაში კი “ინფლაციის მოლოდინი” ჩამოყალიბდეს, რაც ეკონომიკურ პოლიტიკაში საკმაოდ “საშიშ” მოვლენად მიიჩნევა.

  2. “ჩვენ გთავაზობთ პროექტს, რომლითაც ეს ფული შეიძლება უახლოეს წლებში მინიმუმ გააორმაგოთ. მე გთავაზობთ –  გავალამაზოთ ჩვენი ქვეყანა, დავასაქმოთ ხალხი და გავაორმაგოთ თქვენი ქონება” – აღნიშნული ფრაზა, განსხვავებით ზემოთ განხილული მოწოდებისაგან, საოცრად მშვიდი და “მადისაღმძვრელია”, ვინაიდან თურმე შესაძლებელია, რომ უახლოეს წლებში სასტუმროს მშენებლობაში ჩადებული მილიონები გაორმაგდეს. საქმე ისაა, რომ სასტუმროს ბიზნესი, მითუმეტეს საკურორტო ზონაში, სადაც სასტუმროს მომხმარებელთა რიცხვი სეზონურობის მიხედივით იცვლება, ვერანაირად ვერ შეძლებს ინვესტირებული სახსრების სწრაფად გაორმაგებას სპეკულაციური ზემოგების გარეშე.

3. “უფასოდ გამოგიყოფთ მიწას აქ, ქობულეთის ფიჭვნარში, უფასოდ მოგიყვანთ წყალს და სხვა კომუნიკაციებს, უფასოდ გაგიკეთებთ პროექტებს”  – მესამე შემოთავაზება ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, თუმცა მიწის უფასოდ გადაცემა ლიბერალური ეკონომიკის მიმდევართათვის მაინცდამაინც სწორი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს. რაც შეეხება წყლისა თუ სხვა კომუნიკაციების დანიშნულების ადგილამდე მიყვანას,  სახელმწიფოს მოვალეობაცაა, ვინაიდიან არ არსებობს ფრაზა “უფასო”, ამ “უფასოში” ქვეყნის მოქალაქეების მიერ “ფული უკვე გადახდილია”, თუმცა კარგია, რომ სახელმწიფოს მიერ მისი ძირითადი ფუნქციების შესრულების ვალდებულების დეკლარირება ხდება.

4. “რაც მთავარია, თუ მშენებლობა დაიწყება პირველ ნოემბრამდე და აიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალი წლის პირველ აგვისტომდე ამას განავითარებთ, შემდეგი 5 წლის განმავლობაში გათავისუფლდებით გადასახადებისგან” – წარმოდგენილი განცხადება ყველაზე დამაინტრიგებლად გამოიყურება, ვინაიდან საკითხი ეხება გადასახადებისაგან გათავისუფლებას. თუმცა ეს განცხადება მაშინ იქნებოდა ყველაზე ეფექტური, თუ მოხდებოდა აღნიშნული პოლიტიკის ინიცირება მთელი საქართველოს მასშტაბით. ცალკეულ შემთხვევებში კი საგადასახადო შეღავათების ინიცირება, მარტივად რომ ვთქვათ, საკმაოდ არასასურველი და მაღალი რისკების შემცველია. სწორედ ცალკეული გამონაკლისებისათვის საგადასახადო შეღავათების მინიჭება ნიშნავს ერთი სფეროს ან ჯგუფის პრივილეგირებას მეორეს დისკრედიტაციის ხარჯზე. ეს კი ლიბერალური ეკონომიკისათვის სრულიად მიუღებელია. საგადასახადო სისტემის ეფექტიანობისა და სამართლიანობისათვის, საჭიროა საგადასახადო სისტემა იყოს ნეიტრალური, ანუ სისტემამ არ მისცეს უპირატესობა ერთ რომელიმე გადამხდელს და ამით არ დააზარალოს მეორე გადამხდელი. ამასთან, სტაბილური ბიზნესგარემოსათვის არასასურველია საგადასახადო კოდექსის მუდმივი ცვლილებებების რეჟიმში ყოფნა. ჯერ კიდევ “ეკონომიკური თავისუფლების აქტის” პრეზენტაციისას პრეზიდენტი აცხადებდა, რომ “ნებისმიერი გადასახადის შემოღება ან გადასახადის განაკვეთის გაზრდა შესაძლებელი უნდა იყოს, ”გამონაკლისის სახით”, რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით.”

 “ამხელა სივრცე უაზროდ დაკარგულია, გაანძრიეთ ხელი და დაასაქმეთ ხალხი. ჩვენი ინტერესი ტურისტების განთავსებაა” – აი, ეს კი შესანიშნავი მოწოდება იქნებოდა არა კერძო სექტორისადმი, არამედ მთავრობისადმი, მხოლოდ მცირედი ცვლილებით: “ამხელა სივრცე უაზროდ დაკარგულია, გაანძრიეთ ხელი, შექმენით შესაბამისი ბიზნესგარემო და დასაქმდება ხალხი. ჩვენი ინტერესი ტურისტების განთავსებაა”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი