ეკონომიკა

უძრავი ქონების მოძრავი ბაზარი

6 აგვისტო, 2010 • 2422
უძრავი ქონების მოძრავი ბაზარი

უძრავი ქონების ექსპერტები ამბობენ, რომ 2011 წლის აგვისტოსათვის უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებელი გაიზრდება და 2008 წლამდე არსებულ მდგომარებას ან მეტს მიაღწევს.

„ თუ სამი წლის წინ წელიწადში სამ-ოთხ ბინას ვყიდდი, ახლა ერთი თუ გავყიდე, კარგია. ახლაც სამოცი ბინა მაქვს გასაყიდი, მაგრამ მყიდველი არ ჩანს,“–ამბობს  გიორგი ჯულაყიძე, რომელიც 15 წელია თბილისში მშრალ ხიდზე უძრავი ქონების აგენტად  მუშაობს.

ის ამბობს, რომ ბოლო ერთ  წელიწადში არც ერთი ბინა არ გაუყიდია: „ფასები იმდენად არ არის დაცემული, რამდენადაც მყიდველის ნაკლებობას განვიცდით“, –ამბობს გიორგი ჯულაყიძე.

უძრავი ქონების ექსპერტის გიორგი ბარვენაშვილის თქმით კი, ბინების ფასები გადაჭარბებულია და იმაზე მეტი ღირს, ვიდრე დღეს რეალურად ბაზარზეა მოთხოვნილება. „მოსახლეობა და ბაზარი ითხოვს გაუმჯობესებულ პირობებს. თუ, ვთქვათ, ადრე მოთხოვნა იყო ეგრეთ წოდებულ „ხრუშჩოვკის“ სამოთახიან ბინაზე და იყიდებოდა 35 ათასზე მეტად, დღეს აღარავის უნდა. ურჩევნიათ, დაამატონ და იყიდონ ახალაშენებულში. რაც შეეხება ძველ ბინებს, მათზე ყოველთვის იქნება მოთხოვნილება, მაგრამ ძალიან დაბალ ფასად. თუ საჯარო რეესტრის  სტატისტიკას გადავხედავთ, გარიგების ოთხმოცი-ოთხმოცდაათი პროცენტი სწორედ ახალაშენებულ ბინებზე მოდის“, –ამბობს უძრავი ქონების ექსპერტი.

უძრავი ქონების სააგენტო www.kibe.ge-ის წარმომადგენელი, ნელი გოგუაძე ამბობს, რომ მყიდველები ბინებს დაბალ ფასში ეძებენ, ხოლო ისეთი კლიენტი, რომელსაც სასურველი ბინის შესაძენად საკმარისი თანხა აქვს, იშვიათად აკითხავს. „ათიდან რვა შემთხვევაში ბინას იმიტომ ყიდიან, რომ ბანკის ვალი აქვთ. იშვიათია ისეთი შემთხვევა, რომ კლიენტი ბინას გაფართოების ან სხვა მიზნით ყიდდეს,“–ამბობს ნელი გოგუაძე.

თეა ხუციშვილი ერთოთახიან ბინას ნუციბიძის პლატოზე ორი თვეა ყიდის. ამბობს, რომ ბანკის ვალი და შვილის სწავლის ქირა აქვს დასაფარი, კლიენტები კი ბინას, ძირითადად, ფასის გამო იწუნებენ: „ორი თვის განმავლობაში ოცდახუთამდე კლიენტი მოვიდა, მაგრამ ბინა გასარემონტებელია და ფასი ეძვირებათ. თავიდან 33 ათას დოლარად ვყიდდი, კლიენტი რომ არ გამოჩნდა, 31 ათასზე ჩამოვედი, მაგრამ ახლა 30 ათასზეც თანახმა ვარ“, –ამბობს თეა ხუციშვილი.

„შესაბამის პროდუქტს თუ შესაბამის ფასად გაყიდიან, მყიდველი აუცილებლად გამოუჩნდებათ“,–ამბობს ექსპერტი გიორგი ბარვენაშვილი. უძრავი ქონების ექსპერტის თქმით, 2009 წლის აგვისტომდე უძრავი ქონების გაყიდვები ფაქტობრივად განახევრდა, ფასი კი 30%-მდე შემცირდა. ხოლო 2009 წლის მეორე ნახევრიდან ფასები კვლავ გაიზარდა: „2009 წლიდან ფასების ზრდა დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო კრიზისამდე არსებულ ფასებს გაუტოლდა. გაყიდვების მაჩვენებელი კი ძველ მდგომარეობას ჯერ არ გატოლებია, ოცდაათი-ორმოცი პროცენტით ჩამორჩება. ვფიქრობ, 2011 წლის აგვისტოსათვის უძრავი ქონების გაყიდვების მაჩენებელი გაიზრდება და 2008 წლამდე არსებულ მდგომარებას ან მეტს მიაღწევს“.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2010 წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.3-ჯერ გაიზარდა  და ქვეყნის მასშტაბით 86 356 ერთეული შეადგინა, მაშინ, როცა 2007 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 100 000 იყო. 2008 და 2009 წელს –საშუალოდ 86 000 ათასი.

„საქართველოს ბანკში“ გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობამ 2010 წლის პირველ კვარტალში კი 385.1 მლნ ლარი შეადგინა. როგორც „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოფო ბალავაძე აღნიშნავს,  ბოლო წლების განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობა  გაიზარდა.“თუკი  2007 წელს მაჩვენებელი 101.6 მლნ ლარს უდრიდა, 2008-ში – 245.5 მლნ ლარი, 2009 წელს კი- 386.5 მლნ ლარი შეადგინა. თანხის მოცულობებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ იპოთეკურ სესხების უმრავლესობა სწორედ ბინების შესაძენად გაიცა“, –ამბობს სოფო ბალავაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი