ეკონომიკა

რა გაძვირდა,რა გაძვირდება

14 ივნისი, 2010 • 1324
რა გაძვირდა,რა გაძვირდება

უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე ერთი ტომარა პურის ფქვილის ფასი 3 ლარით გაძვირდა. თუ მანამდე მისი ყიდვა 29 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა ერთი ტომარა ფქვილის ფასი 32 ლარია.

ფქვილზე ფასის ცვლილება ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების პირდაპირპროპორციულია.  ივნისის პირველ შაბათს, როცა ლარის კურსი დაეცა და მისმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 1.90 შეადგინა,  ერთი ტომარა ფქვილის ფასი  34 ლარი გახდა. უკვე ორშაბათს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურ გაცვლით კურსად  1 ლარი და 86 თეთრი დაადგინა, ტომარა ფქვილის ფასმა ორი ლარით დაიკლო.

გაძვირდება თუ არა ფქვილთან ერთად პურის ფასი ?

პურის მწარმოებელი კომპანიები ამბობენ, რომ  უკვე გაძვირებული ფასით შეიძინეს ფქვილი, თუმცა, მოახდენს თუ არა ფქვილზე გაზრილი ფასი  ზეგავლენას პურის ფასზე, ჯერ უცნობია.

კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტზე ფასის ზრდა, როგორიც პურია, სავარაუდოდ, არ მოხდება.

”პანატერიას  (პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია)   დირექტორი, თამაზ შაკიაშვილი ამბობს: ”ხალხი ცუდ დღეში რომ არ ჩავარდეს, ბიზნესმა ცოტა უნდა მოიკლოს და არ გააძვიროს ქვეყანაში პურის ფასი”.

კომპანია ”იფქლში” (პურის მწარმოებელი კომპანა, რომლის წარმოებული პურიც თითქმის ყველგან იყიდება) აცხადებენ, რომ პურის ფასის ზრდა ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი. კომპანიის წარმომადგენელი, ნიკო იუსუფოვი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ფირმაში პურის გაძვირების საკითხი ჯერ არ განიხილება:
”ჯერჯერობით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. პრაქტიკულად, თუ ასე დარჩა დოლარის კურსი, მაშინ არ მოახდენს ზეგავლენას პურის ფასზე, ხოლო თუ ისევ გაიზარდა დოლარის კურსი ლართან მიმართებაში , მაშინ უკვე აღარ ვიცი, წინასწარ რთულია განსაზღვრა”.

ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე –  ბრინჯსა, წიწუბურასა  და მაკარონზე,  ლარის კურსის ცვლა დღეს უკვე აისახა.
მაგალითად, თუ ერთი კილო წიწიბურა დაახლოებით 1.60 ლარი  ღირდა, დღეს მისი ფასი 1.70 თეთრია.
კომპანია ”ფიესი” , რომელიც საქართველოში ქალის და ბავშვის ჰიგიენური საფენების იმპორტს  ახორციელებს, ჯერჯერობით  პროდუქციას მომატებული ფასის გარეშე ყიდის.

მიშა ქრისტესაშვილი, კომპანიის დირექტორი ამბობს:  ”თუ დოლარმა ხელი არ შეგვიწყო, ფასი მოიმატებს”. ბავშვის საფენი ”ლიბერო” და ქალის ჰიგიენური საფენი ”ლიბრესი” შესაძლოა ერთი კვირის შემდეგ გაძვირდეს. თუ რა პროცენტით მოიმატებს აღნიშნულ პროდუქტებზე ფასი, ჯერ უცნობია.

დაახლოებით ათი პროცენტით მოიმატა ფასებმა მედიკამენტებზ,ე აფთიაქებში. კომპანია პსპ-ს და ჯიპისი-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმპორტირებული წამლების ფასი დოლარის კურსის ცვლილების ადეკვატურად გაიზარდა. მაგალითად, თუ წამალი 1 ლარი ღირდა, დღეს მისი შეძენა 1 ლარად და 10 თეთრად არის შესაძლებელი. საშუალოდ, 10 %-ით არის მომატებული წამლების ფასი. ეს განსაკუთრებით ეხება სწორედ იმ მედიკამენტებს, რომლებსაც კომპანიები აშშ დოლარში ყიდულობენ.

კომპანია ჯიპისი-სა და პსპ-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ, ძირითადად, დოლარში ყიდულობენ მედიკამენტებს.
ფასების ზრდის მიზეზად ყველა, , სადისტრიბუციო თუ მწარმოებელი კომპანიები, ლარის კურსის დაცემას ასახაელებს
 დოლარის კურსის ცვლილებაზე განსაკუთრებით მიბმული  იმპორტირებული პროდუქციაა, თუმცა ნოდარ ხადური, მაკროეკონომიკის ექსპერტი, ამბობს, რომ დოლარის კურსის ზრდა არა მხოლოდ იმპორტირებულ პროდუქტებზე აისახება: ”ის გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბაზარსა და პროდუქციაზეც”.

ნოდარ ხადურის აზრით, ივნისი რთული თვე იქნება, რადგან სწორედ ამ თვეშია მოსალოდნელი ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი