ეკონომიკა

ელიტ-ელექტრონიქსის გუნდი დახმარებას საზოგადოებას თხოვს

11 მარტი, 2010 • • 1186
ელიტ-ელექტრონიქსის გუნდი დახმარებას საზოგადოებას თხოვს

ანზორ ქოქოლაძე, ელიტ-ელექტრონიქსის დამფუძნებელი, ინვესტორებს მიმართავს, არ შეიძინონ კომპანიის აქციები. მისი თქმით ტიბისი ბანკის გეგმის ნაწილი კომპანიის გაკოტრებაა და ამ გზით აქტივების სხვა კომპანიაში გადატანა.

სასტუმრო ”თბილისი-მარიოტში” გამართულ შეხვედრაზე კომპანიის დამფუძნებელი თავის გუნდთან ერთად მივიდა. ეს გუნდი კი მისი თქმით ის ძირითადი ბირთვია, რომელმაც ელიტ-ელექტრონიქსი შექმნა.

დღეს კი კომპანია ტიბისი ბანკს ედავება, რომელიც 23 თებერვალს კომპანიის მენეჯმენტში შევიდა.

ანზორ ქოქოლაძის თქმით ტიბისი ბანკის დავალიანებას ელიტ-ელექტონიქსი არათუ დროულად ფარავდა, არამედ მეტიც კი გადაიხადა. ამ დრომდე კომპანიას 6 მილიონი დოლარის კრედიტი აქვს დარჩენილი, ,ტიბისი ბანკთან, ქოქოლაძის თქმით 10 მილიონი ელიტ-ელექტრონიქსმა, ერთ წელიწადში დაფარა.

ტიბისი ბანკის მენეჯმენტში შესვლის მიზეზად ქოქოლაძე კომპანიის მოგების ზრდას უკავშირებს.

”ნაცვლად 2016 წლის, კომპანიას შეეძლო არსებული კრედიტი 2012 წლამდე დაეფარა.”

განსხვავებულ მიზეზს ასახელებს ტიბისი ბანკის წარმომადგენელი.

” არასწორად იმართებოდა კომპანია, როცა ასე ხდება გაქვს უფლება, რომ შეხვიდე მენეჯმენტში,” აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში თამარ კირვალიძე, საგარეო ურთიერთობისა და მედია კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.

მიუხედავად იმისა, რომ ელიტ-ელექტრონიქსს კრედიტი კიდევ ორ სხვა ბანკთან აქვს, საქართველოს ბანკთან და ბანკ რესპუბლიკასთან, ქოქოლაძის თქმით, ”ისინი სიტუაციის მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მათ წილზე პრეტენზია არ აქვთ. მათ არ შესწევთ ძალა, რომ შეაჩერონ ის, რასაც ტიბისი ბანკი აკეთებს.”

შეთავაზება რომელიც ტიბისი ბანკმა ”ელიტ-ელექტრონიქსის” დამფუძნებელს შესთავაზა, გულისხმობდა 25%-ანი წილს და 100% წილის სრულ გამოსყიდვას გარკვეულ ვადაში.თამარ კირვალიძის თქმით ანზორ ქოქოლაძე ”თვითონ ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა”.

ქოქოლაძე კი აცხადებს, რომ მას მოლაპარაკების იმედი ჰქონდა.

”ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო გაუგებრობა,მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოიწურა, მე ამ გუნდს ვერ ვუღალატებ.”

პირველი, რისი იმედიც ქოქოლაძეს აქვს სასამართლოა, შემდეგ კი საზოგადოება, რომელსაც დღეს მედიის დახმარებით მოუწოდა.

”ამ კომპანიამ საზოგადოების ფასი იცის და მისი მხარდაჭერის იმედი აქვს.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი