ეკონომიკა

უძრავი ქონება უნაღდო ანგარიშსწორებით

25 თებერვალი, 2010 • 1697
უძრავი ქონება უნაღდო ანგარიშსწორებით

საკანონმდებლო ინიციატივა საგადასახადო კოდექსში ცვლილებით სახელმწიფო აკრძალავს საჯარო სამსახურში ხელაფასების გაცემასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას უნაღდო ანგარიშწორებით. Kკანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილია.

ცვლილების თანახმად საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების მიღება  უნაღდო ანგარიშწორებით უნდა მოხდეს.Aდღემდე არსებული კანონი სახელმწიფო დაწესებულებას არ ავალდებულებს სახელფასო ფონდის საბანკო მოქმედებებით განკარგვას.

ასევე ცვლილებით სავალდებულო გახდება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას საბანკო ტრანზაქციების განხორციელების აუცილებლობა. მოქალაქეს, რომელსაც შესყიდული უძრავი ქონების დაკანონება სურს, საჯარო რეესტრში სხვა საბუთებთან ერთად ნივთის დადგენილი ფასის გადახდის საბანკო ქვითარიც უნდა წარადგინოს. სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადთან ერთად,  უძრავი ქონების გამყიდველს, შესაძლოა, საბანკო მომსახურეობის საფასურის გადახდაც მოუწიოს.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტ ზურაბ გვასალიას განმარტებით
,,თუ უძრავი ქონების მყიდველი გამყიდველის ანგარიშზე პირდაპირ შეიტანს თანხას, კუთვნილი თანხის გამოტანისას გამყიდველს საბანკო პროცენტი არ ჩამოეჭრება. თუ მოხდება ანგარიშიდან ანგარიშზე გადმორიცხვა, მაშინ გამყიდველი თანხის გამოტანისას  საბანკო მომსახურეობის 0,5 პროცენტს გადაიხდის.”

ახალი ინიციატივით ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც. თუ პირს დაკისრებული სახელმწიფო გადასახადის დაფარვა არ სურს, მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფოს უფლება აქვს დავალიანება მისი ქონების გასხვისებით ამოიღოს. თუ თქვენ გადაწყვეტთ თქვენი ქონება გააჩუქოთ იმ მიზნით, რომ სახელმწიფომ არ ჩამოგართვათ, მაშინ, ახალი კანონით, თქვენ შესაძლოა სისხლის სამართლის დამნაშავედ იქცეთ.  დაგეკისროთ ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

,,საკანონმდებლო ინიციატივით დანაშაულად კვალიფიცირდება გადასახადის გადახდისგან თავის არიდების მიზნით ქონების გასხვისება.   მოქმედი კანონით  გადასახადიდან თავის არიდება დასჯადია, თუ იგი აღემატება 25 000 ლარს. ახალი კანონპროექტის თანახმად კი პარლამენტი ამ ლიმიტს არ ადგენს. რაც არ არის სწორი, ნებისმიერ თანხაზე არ შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს. კალმის ქურდობისათვის ადამიანს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ. იგივე პრინციპი მოქმედებს აქაც’’_ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი თამარ ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილის თქმით საიამ  კანონპრექტში  ამ შესწორების შესახებ  უკვე მიუთითა პავლე კუბლაშვილს.

ოპონენტები კანონპროექტს უკვე გამოუჩდნენ. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ,,ქართული დასის’’ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ინიციატივას ,,ხელისუფლების ჯიბეების შევსებად” აფასებს და დასძენს, რომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორებით ქართულ ბიზნესს სრულიად გააჩანაგებს.

იურისტის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით კი უძრავი ქონების შესყიდვა საბანკო ტრანზაქციებით გამჭვირვალეს გახდის ამ პროცესს და დაეხმარება სახელმწიფოს პირებზე დაკისრებული გადასახადების თავიდან არიდება მინიმალური გახადოს.

ახალი კანონპროექტის პირველი მოსმენა უკვე შედგა პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი