ეკონომიკა

მეცხრე საავადმყოფო იყიდება

10 თებერვალი, 2010 • • 3944
მეცხრე საავადმყოფო იყიდება

ეკონომიკის განვითარების სამინისტროს გასაყიდად გამოაქვს მეცხრე საავადმყოფო. ვაკეში მდებარე საავადმყოფოს საწყისი ღირებულება 1მილიონ 800 ათასი დოლარია. საერთო ფართი კი დაახლოებით 17 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.

კომპანიას, რომელიც შეიძენს მეცხრე საავადმყოფოს ვალდებულად აქვს მითითებული,რომ პრივატიზებაში გადახდილ თანხაზე 5 მილიონით მეტი დახარჯოს საავადმყოფოს რეკონსტრუქციაში.

ასევე მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს საპრივატიზებო ობიექტის სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება ოქმი-ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი წლის განმავლობაში, აქედან პირველი სამი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს ობიექტში განთავსებული ”ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის” სახელწოდება და ამავე ვადის განმავლობაში მოემსახუროს სსიპ ”თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს” უსასყიდლოდ.

კომპანია, რომელიც გაიმარჯვებს თანხის პირველ ნაწილს, 50%-ს აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის განმავლობაში გადაიხდის, დარჩენილ თანხას კი 2010 წლის 1 სექტემბრამდე.

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის საწყის გასაყიდ ფასზე ”ბიჯის” დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის გადახდა. (ბიჯი200 000 აშშ დოლარის ექვივალენტია ლარებში )

საავადმყოფოს გასაყიდი აუქციონი 5 მარტს ჩატარდება. მანამდე კი შეგახსნებთ რომ, რესპუბლიკური საავადმყოფო, 77 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მიწით, 12 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ინფექციური საავადმყოფო დაახლოებით ამავე ფასად შეიძინა კომპანია ავერსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი