ეკონომიკა

ხელშეკრულების დეტალები, რომელიც თბილისის აეროპორტის მმართველ კომპანიასთან გაფორმდა

28 მაისი, 2015 • 3190
ხელშეკრულების დეტალები, რომელიც თბილისის აეროპორტის მმართველ კომპანიასთან გაფორმდა

 

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მხარეებს შორის  2005 წელს დადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს მოეწერა ხელი. ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ქეთევან ალექსიძემ და ტავ ჯორჯიას გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერკალიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ტავ ეარფორთს ჰოლდინგის პრეზიდენტი სანი შენერი დაესწრნენ.

ტავ ეარფორთს ჰოლდინგის პრეზიდენტის სანი შენერის განცხადებით, მისმა კომპანიამ საქართველოში 2005 წლიდან დღემდე 100 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა: “მგზავრების რაოდენობა გასული 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. თბილისის აეროპორტით 500 ათასი ადამიანი სარგებლობდა. 2014 წელს კი 1,5 მლნ შეადგინა. 2015 წელს ჩვენ მოველით 1,8 მლნ მგზავრს. ავიაციის ბიზნესში მგზავრთა ნაკადის 1 მლნ-მდე ზრდა 100 ადამიანის დასაქმებას ნიშნავს. ეს არის მნიშვნელოვანი სექტორი დასაქმებისთვის. დღეს არსებული სტატისტიკით თბილისის და ბათუმის აეროპორტებში 1000 ადამინია დასაქმებული, აქედან მხოლოდ 15-ია თურქეთის მოქალაქე.”

სანი შენერის ინფორმაციით, თუ 2005 წელს თბილისის აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები მსოფლიოს 15 წერტილში ხდებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 40-ია. მისი თქმით, ასეთ პროგრესს ხელი შეუწყო გრძელვადიანმა პრივატიზაციამ: “მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასთან იყო რთული და კომპლექსური, თუმცა შეთანხმება შედგა.  ”

რა ვალდებულებები აქვს “ტავ ურბან საქართველოს” ახალი ხელშეკრულებით

2005 წლის ხელშეკრულების ახალი რედაქციით, შპს ”ტავ-ურბან საქართველო” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადა, რომ ახალ ხელშეკრულებაში შეძლეს დაეცვათ სწორი ბალანსი კერძო კომპანიის ინტერესებს, სახელმწიფოს, მოქალაქეებისა და საჯარო ინტერესებს შორის:  “ძალიან კმაყოფილები ვართ იმითი, რომ ერთი მხრივ, გავუფრთხილდით ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს, ძალიან მნიშვნელოვან კომპანიას, ინვესტორს, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში, მის ინტერესებს. მეორე მხრივ, მაქსიმალურად დავიცავით ჩვენი მოქალაქეების, მგზავრთა და საჯარო ინტერესები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ობიექტის განვითარებასთან”.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, კომპანიამ საერთაშორისო ავიაგადამზიდავების ასოციაციის ექსპერტთა რეკომენდაციით, შეისწავლეს არსებული ასაფრენი ზოლი: “დადგინდა, რომ არსებული ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემთხევაში, იმ შემთხვევაში, თუ მასზე განხორციელდება დაახლოებით 30 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, რათა მოხდეს აეროპორტის მთლიანი ინფრასტრუქტურის განახლება, ეს აეროპორტი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და შესაძლებლობა ექნება მიიღოს თუნდაც ყველაზე დიდი ავიახომალდები”.

ეკონომკის მინისტრის თქმით, კომპანია თანხმდება იმ მოთხოვნებს, რომ არ მოხდეს ტარიფების ზრდა იმ პირობებით, როგორც იყო ჩადებული თავდაპირველ ხელშეკრულებაში: “თავად ტერმინალის გაფართოების კუთხით გადაწყდა, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურა განვითარდება ოთხ ეტაპად. ამ ეტაპებზე კონკრეტული კაპიტალდანახარჯები არის გათვალისწინებული. ყოველი წლის დასაწყისში კომპანია წარმოადგენს კაპიტალური დანახარჯების გეგმას, რომელიც შეთანხმებული იქნება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და ამ დამტკიეული გეგმის მიხედვით ისინი განახორციელებენ ინვესტიციებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანია ფაქტობრივად დათანხმდა იმ მოთხოვნებს, რომ არ მოხდეს ტარიფების ზრდა იმ პირობებით, როგორც იყო ჩადებული თავდაპირველ ხელშეკრულებაში, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აეროპორტების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობისთვის.”

რაც შეეხება ტარიფების ზრდას, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ხელშეკრულების თავდაპირველ ვარიანტში კომპანიას შეეძლო მოეთხოვა 12%- იანი ზრდა.

“თავდაპირველ ხელშეკრულებაში იდო ის, რომ 2005 წლიდან დღევანდელ წლამდე შესაძლებელი ჰქონდათ მათ დღეს უკვე მოეთხოვათ 12-პროცენტიანი ზრდა. ისინი ამ ზრდაზე უარს ამბობენ და მხოლოდ სამ ეტაპად შეიძლება თითო-თითო დოლარით მგზავრზე განხორციელდეს ტარიფების ზრდა. რაც, საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვან კონკურენტუნარიანობას უტოვებს ჩვენს აეროპორტს იმ პირობებში, რომ კომპანია განახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს აეროპორტში, როგორც ტერმინალის გაფართოების კუთხით, ასევე, თვითონ ასაფრენი ზოლის მთლიანი კაპიტალური რემონტის კუთხით”.

რაზე შეთანხმდნენ მხარეები ხელშეკრულების ახალი ვერსიის თანახმად

ახალი ხელშეკრულებით, “ტავ ურბან ჯორჯია” იღებს ვალდებულებას განახორციელოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების სრული რეაბილიტაცია, რომელიც განხორციელდება 2014 წელს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის – IATA Consulting-ის მიერ მომზადებული დასკვნის და რეკომენდაციების შესაბამისად. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება 2015 წლის 1 სექტემბრიდან და დასრულდება 2016 წლის ივნისის ბოლოს.

კომპანიამ უნდა წარმოადგინოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოთხეტაპიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების ბოლომდე (2027 წ-მდე) აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებას მგზავრთნაკადის მატების შესაბამისად.

ხელშეკრულების ახალი ვერსიის თანახმად, მხარეები დამატებით შეთანხმდნენ აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის კონკრეტულ ვალდებულებებზე, ქონების მართვის და უკან დაბრუნების კონკრეტულ გემგა-გრაფიკზე.

ხელშეკრულების ახალი ვერსიით, მხარებმა ასევე განსაზღვრეს აეროპორტის ოპერირების სტანდარტები და მათი კონტროლის მექანიზმი, რაც განხორციელდება ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (Airports Council International (ACI) Europe) მიერ.

ეკონომიკსი სამინისტროს განცხადებით, ეს არის იმის გარანტი, რომ თბილისის აეროპორტში როგორც ავიკომპანიები, ასევე მგზავრები მიიღებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მაღალი დონის სერვისს.

სადავო საკითხი მხარეებს შორის

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თბილისის აეროპორტში ასაფრენი ბილიკის მშენებლობა შეჩერდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია “ტავ ჯორჯიამ” ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა 2012 წლის  სექტემბერში დაიწყო, რისთვისაც 64 მილიონის ინვესტირება იყო დაგეგმილი. ამ ინვესტიციის სანაცვლოდ “ტავ ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა. ხელშეკრულება მართვის უფლების 10 წლითა და 9 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით  “ტავ ჯორჯიასა” და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” შორის გაფორმდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ამ ხელშეკრულების გადახედვა 2013 წლიდან დაიწყო.

თურქული „ტავ და ურბანი“, რომელიც “ტავ ჯორჯიას” დამფუძნებელი კომპანიაა,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15– წლიანი მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. თბილისის ახალი აეროპორტის აშენებაზე კომპანიამ 62 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. 2007 წელს ახალი აეროპორტი გაიხსნა. თურქულმა კომპანიამ 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის გაიღო. როგორც ამ დრომდეა ცნობილი, „ტავ და ურბანმა“ საქართველოში სულ 95 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი