ეკონომიკა

ლარის რყევები არსებობის 20 წლის მანძილზე

23 თებერვალი, 2015 • • 22272
ლარის რყევები არსებობის 20 წლის მანძილზე

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე მყარი მიმოქცევაში ჩაშვებიდან პირველი სამი წლის (1995-97წწ) მანძილზე იყო. ეროვნული ბანკის მაშინდელი კურსით, 1 აშშ დოლარი 1.28-დან 1.31 ლარამდე ღირდა.

 

ეკონომიკის ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ამას ქვეყნის მაშინდელ საბიუჯეტო და მონეტარულ პოლიტიკას უკავშირებს:

 

„ფართომასშტაბიანი რეფორმების პერიოდი იყო 1995-დან 1997 წლამდე. საქართველოს დახმარებას უწევდა სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი. იხსნებოდა ახალი საკრედიტო ხაზები კომერციული ბანკებისთვის. უცხოური ვალუტა შემოდიოდა და  საბაზრო ეკონომიკაზე გადიოდა ქვეყანა“.

 

საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 1998 წლის დეკემბრიდან დაიწყო და 1999 წლის 23 თებერვალს 1 აშშ დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს – 2.45 ლარს მიაღწია. თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.

 

„1997-98 წელს ლარის დევალვაცია გამოიწვია განვითარებად ქვეყნებში დაწყებულმა ფინანსურმა კრიზისმა, რომელმაც რუსეთსა და შემდეგ საქართველოშიც გადმოინაცვლა, რადგან  ამ ქვეყანაზე იყო მიბმული სამომხმარებლო და საექსპორტო ბაზრები. მაშინ მთავრობა კვალიფიციურად მოიქცა, ეროვნულმა ბანკმა მოახდინა მყისიერი ინტერვენციები და ლარი დაუბრუნდა ძველ ნიშნულს,“ – განმარტავს გოჩა თუთბერიძე, სდასუ-ს პროფესორი ფინანსების მიმართულებით.

 

ამ ინტერვენციების მიუხედავად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში საწყის ნიშნულს (1USD=1.30GEL) თავისი არსებობის 20 წლის მანძილზე აღარ დაბრუნებია. 2000 წლიდან “ვარდების რევოლუციამდე” პერიოდში ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.98-დან 2.24-მდე მაჩვენებელზე მერყეობდა, ხოლო მკვეთრი გამყარება “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წლიდან დაიწყო და 2008 წლის დასაწყისამდე გაგრძელდა. კერძოდ, კურსი 1.82-დან 1.42-მდე ჩამოვიდა.

 

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში ლარის გამყარება აშშ დოლართან მიმართებაში ქვეყანაში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს უკავშირდება:

 

„ამ პერიოდში იწყება რეფორმები, ეკონომიკის ლიბერალიზაცია და პრივატიზაცია. იწყება პირდაპირი უცხოური ინვესტიცების ბუმი. 2007 წელს საქართველოში 2 მილიარდი პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა და ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა.“

 

ლარი მკვეთრად 2008 წლის ოქტომბერში გაუფასურდა, როცა 1 აშშ დოლარის ფასი 1.42-დან 1.66 ლარამდე გაიზარდა. ექსპერტების შეფასებით, 2008 წელს ლარის კურსის ვარდნა აშშ დოლართან მიმართებაში რუსეთ-საქართველოს ომმა და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა განაპირობა.

 

„2008 წელს დაიწყო ფულზე „შიმშილი“ უძრავი ქონების სექტორში, შემდეგ  გადაიზარდა მწვავე ლიკვიდობის კრიზისში. ფული ყველგან გაძვირდა. ომმა მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა საბანკო სექტორს. დახმარებები მივიღეთ დასავლეთისკენ და დასტაბილურდა მდგომარეობა,“ – განმარტავს რომან გოცირიძე.

 

2009 წელს ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.67-ზე დაფიქსირდა, 2010 წელს 1.77-მდე გაიზარდა, ხოლო 2011 წლის დასაწყისში კი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის პერიოდის მაქსიმალურ ნიშნულს – 1.80-ს მიაღწია, რაც იმავე წლის ბოლოს 1.67-მდე შემცირდა და იგივე კურსი შენარჩუნდა 2012 წელსაც.

 

2012 წლის ოქტომბერში საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და ქვეყნის სათავეში კოალიცია “ქართული ოცნება” მოვიდა. 2013 წელს 1 აშშ დოლარის ფასმა 1.73 ლარი შეადგინა. ლარმა ამ ნიშნულიდან მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყო და 6 დეკემბერს 1.95 ლარამდე გაიზარდა, ხოლო წლის ბოლოს 1.86 ლარამდე ჩამოვიდა. 2015 წლიდან კი ისევ ზრდა დაიწყო და ეროვნული ბანკის 23 თებერვლის კურსით 2.20 ლარამდე მიაღწია.

ლარის რყევები
ლარის რყევები

 

„ეს სავალუტო კრიზისია”, – ამბობს ეკონომიკის ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.

 

„ეს არის სავალუტო კრახი”, – ასეთია გოჩა თუთბერიძის შეფასება.

 

გოცირიძის თქმით, ლარის დევალვაცია ძალიან სწრაფად მოხდა და მისი სწრაფად გამყარების ტენდენცია მომავალში არ ჩანს.

 

“ეროვნული ვალუტის გაუფასურება მომდევნო 2 წლის განმავლობაში გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შფერხებას, სამუშაო ადგილების შემცირებას, ბიზნესების დახურვას და ფასების ზრდას,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

 

“ეკონომიკაში პროცესები თვითდინებით მიდის. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის წევრები აკეთებენ არარეალურ პროგნოზებს, რომელიც რამდენიმე დღეში ქარწყლდება. ადრეც რამდენჯერმე მოხდა ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა, მაგრამ მთავრობის და ეროვნული ბანკის გააზრებულმა ქმედებებმა ეროვნული ვალუტის შემდგომი დევალვაცია შეაჩერეს,“ – ამბობს გოჩა თუთბერიძე.

 

ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე  ლარის დევალვაციის მთავარ მიზეზად ექსპორტისთვის რუსეთის მთავარ ბაზრად აღიარებას უკავშირებს:

 

„მივებით რუსეთის ბაზარს. შეიქმნა უამრავი პროდუქცია ამ ბაზრისთვის, რომელიც ვერ გაიყიდა. ექსპორტიორები უკვე ჭკუას ისწავლიან და მიხვდებიან, რა დოზით უნდა მიებან რუსეთის ბაზარს, რომელიც რისკებს შეიცავს“.

 

გოცირიძის შეფასებით, ლარის დევალვაციის მიზეზია, ასევე, ფულადი გადარიცხვების შემცირება:

 

„ეს არის ტრანსფერები, რომელზეც ვიყავით დამოკიდებული. ჩვენს თანამოქალაქეებს რუსეთის კრიზისის და  რუბლის დევალვაციის გამო შეუმცირდათ შემოსავალი, რამაც საქართველოში ფულადი გადარიცხვები შეამცირა“.

 

სდასუ–ს პროფესორი ფინანსების მიმართულებით გოჩა თუთბერიძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურებაზე ყველაზე მკვეთრად მთავრობის მიერ ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ მიღებულმა კანონმა იმოქმედა:

 

„ახალმა კანონმა მნიშვნელოვნად შეამცირა ტურისტების შემოსვლა საქართველოში. ინვესტორები საქართველოს ტოვებენ. მოთხოვნა უცხოური ვალუტის  მიმართ იზრდება, ცხადია, თავიანთი კაპიტალი გააქვთ. ინვესტორებისათვის არაპროგნოზირებადია, 6 თვის შემდეგ ვიზას გაუგრძელებს თუ არა საქართველოს მთავრობა.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი