ეკონომიკა

ლარის გაუფასურებით ბანკებმა ერთ თვეში 23 მლნ ლარის მოგება მიიღეს

13 თებერვალი, 2015 • • 1845
ლარის გაუფასურებით ბანკებმა ერთ თვეში 23 მლნ ლარის მოგება მიიღეს

აშშ დოლართან ლარის გაუფასურებამდე, 2014 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების მოგებამ საკონვერსიო ოპერაციებით 5 მლნ 514 ათასი ლარი შეადგინა, ოქტომბერში კი 5 მლნ ლარი. 2014 წლის დეკემბერში ბანკების მოგება 18 მილიონი ლარით გაიზარდა. 

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წელს კომერციული ბანკები 474,808 მლნ ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ.

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებით, ლარის აშშ დოლართან გაუფასურების დროს ბანკების მოგება მნიშვნელოვნად იზრდება: 


“სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2014 წლის დეკემბერში ლარი გაუფასურდა, ხოლო ბანკებმა სავალუტო ოპერაციებით ამ თვეში ყველაზე მაღალი მოგება მიიღეს. 2015 წლის იანვრის მონაცემები ეროვნულ ბანკს ჯერ არ გაუსაჯაროებია”. 

 

ჭიჭინაძე ამბობს, რომ სავალუტო ვაჭრობის ოპერაციებით ბანკები კანონს არ არღვევენ, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ სავალუტო ბირჟის ვაჭრობის პრინციპიდან გამომდინარე ვალუტის კურსის სპეკულაცია მოხდეს:

 

“კანონის დონეზე პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ჩემთვის პრობლემატურია სავალუტო ბირჟის მოქმედების მექანიზმი. კერძოდ, საქართველოში როგორც ხდება კურსის დადგენა. მხოლოდ ბანკები არიან სავალუტო ბირჟაზე და სხვა ფინანსურ ინსტიტუტს არც დაკვირვების და არც მონაწილეობის უფლება არ აქვს. მაშინ როცა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ბანკებს, კომპანიებს და ფიზიკურ პირებსაც აქვთ უფლება, რომ სავალუტო  ბირჟაზე ვაჭრობაში მიიღონ მონაწილეობა. კონკურენტულ გარემოში დგინდება კურსი, ვიდრე ჩვენთან როცა ბანკები დახურულ სისტემაში ერთმანეთთან ვაჭრობენ და ამის შემდეგ დგინდება ლარის კურსი. აშშ დოლარის კურსი დამოკიდებულია დოლარის და ლარის თანაფარდობაზე. მაგრამ დოლარი და ლარი არის როგორც ბანკებში, ისე ბანკებს გარეთ. სამართლიანი და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესაბამისი კურსი რომ  გვქონდეს, მაშინ მხოლოდ ბანკებს არ უნდა ჰქონდეთ ექსკლუზივი ამ კურსის დადგენაზე.” 

 

“ნეტგაზეთმა” ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს, პრესკონფერენციაზე დაუსვა კითხვა, რომ ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მიმდინარე ვაჭრობაში მხოლოდ კომერციული ბანკების მონაწილეობა ვალუტის კურსის დადგენისას, ხომ არ შეიცავს სპეკულაციის საფრთხეს?

 

გიორგი ქადაგიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პროცესი მკაცრად კონტროლდება და ბანკების მიერ ვალუტის კურსის სპეკულაციის საფრთხე არ არსებობს.  

 

ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით, დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ლარი 2.0247 ნიშნულზეა. საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.04 ლარი ღირს. კომერციულ ბანკში 100 დოლარის ყიდვისთვის 204 ლარი დაგჭირდებათ. ეროვნულმა ლარმა აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი