ეკონომიკა

რა არ მოსწონთ კომპანიებს სამშენებლო კოდექსის პროექტში

16 ივლისი, 2014 • • 1990
რა არ მოსწონთ კომპანიებს სამშენებლო კოდექსის პროექტში

აღნიშნული კოდექსი სამინისტრომ გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით მოამზადა. 

 

დღეს სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” პროექტის მეორე საჯარო განხილვა შედგა. სამშებენლო კოდექსის პროექტზე გასულ კვირას მხარეებმა ეკონომიკის სამინისტროში იმსჯელეს. 

 

სივრცითი დაგეგმარების და სამშენებლო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებს შენიშვნები აქვთ. პროექტის განხილვა “ჰოლიდეი ინში” მწვავე შეკითხვების და პოლემიკის ფონზე გაიმართა. 

 

სამშენებლო კომპანია “არქი ჯგუფის” იურუიდიული სამსახურის უფროსი მაკა ბოჭორიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ კომპანია არ ეთანხმება კოდექსის პროექტიდან სამშენებლო კომპანიებისათვის კოეფიციენტების გაზრდის საკითხის ამოღებას: 


“ახალი კოდექსის შექმნით სახელმწიფო აუქმებს სამშენებლო კომპანიებისათვის კოეფიციენტის გაზრდის აქამდე არსებულ პრაქტიკას. ეს მართლდება კოდექსის ავტორების მხრიდან იმით, რომ თითქოს ეს იყო კორუფციის წყარო და უსამართლო დამოკიდებულებას იწვევდა.”

 

“არქი ჯგუფის”  წარმომადგენელი ამბობს, რომ კოეფიციენტების გაზრდის დაბლოკვა სამშენებლო კომპანიების საქმიქნობაზე უარყოფითა აისახება:

 

“მაგალითად, ფალიაშვილის ქუჩაზე, ვაკეში თუკი ვინმეს დააინტერესებს მშენებლობა… იქ ელემენტარული თავისუფალი ტერიტორია არ არის. უნდა მოხდეს ძველის დანგრევა და ახლის მშენებლობა. პირობითად არსებული კოეფიციენტის პირობებში, თუკი მისი გაზრდა არ მოხდება, ინვესტორის ინტერესი უნდა იყოს მხოლოდ კორპუსის ძველი მცხოვრებლების ინტერესის დაკმაყოფილება, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ინვესტორის ინტერესი არ იქნება აღნიშნული პროექტი და ინტერესი იქნება ნულის ტოლი.”

 

სამშენებლო კოდექსის პროექტთან მიმართებაში შენიშვნები აქვს კომპანია “არსის” ხელმძღვანელს თორნიკე აბულაძეს: 


“ბევრი საკითხი, რომელიც ჩვენს მიერ იყო დაყენებული, არ იყო გათვალისწინებული. მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო, რომ მშენენლობის ხარისხი არ შეემოწმებინა სახელმწიფოს ბიუროკრატიულ აპარატს, არამედ კომპანიის მიერ დაქირავებულ  კერძო ლიცენზირებულ და სერტიფიცირებბულ სამშენებლო საქმის ექსპერტს.” 

 

აბულაძე შიშობს, რომ სახელმწიფოს მიერ მაკონტროლებელის როლის შეთავსება კორუფციის წყარო გახდება: 

“კოდექსი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს უზარმაზარი შტატი შემმოწმებლების, რომლებიც უნდა ამოწმებდნენ ობიექტებს. შეუძლიათ გააჩერონ მშებებლობა იმის გამო, რომ მილს არ აქვს სერტიფიკატი. ეს შეიძლება იყოს კორუფციის წყარო. რამდენი ჩინოვნიკი უნდა ჰყავდეს სახელმწიფოს, რომ ამის შემოწმება შეძლოს. გარკვეული რისკია კორუფციული გარიგებების. შენობას აშენებ და შემმოწმებელი მოდის 6 თვეში ერთხელ. იპოვნის მიზეზს, რომელიც შეიძლება მშენებლობის შეჩერების საბაბი გახდეს. მე როცა ვქირაობ კერძო ექსპერტს, ის ყოველ კვირას შეამოწმებს, მას მე თანხას ვუხდი. ამ შემთხვევაში, თუ ჩინოვნიკებზე იქნება დამოკიდებული  მშენებლობების კონტროლი, პრობლემები იქნება.” 


სამშენებლო კომპანიების შენიშვნებს არ ეთანხმება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე:


განხილება სივრცითი მოწყობის და სამშენებლო კოდექსის პროექტი, რომელიც შემუშვდა საქართველოს მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. ბიზნესსექტორი, პროფესიული სზოგადოება მონაწილეობდა.


“სივრცითი მოწყობის და სამშენებლო კოდექსი იქნება ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს ამ სფეროს. პარალელურად წარიმართება მუშაობა სხვა ქვენორმატიულ აქტებზე, რომელიც განსაზღვრავს სპეციფიკურ მიდგომებს თითოეულ სფეროში. მაგრამ ძირითადი არსი და მნიშვნელობა არის ის, რომ პირველი სივრცითი მოწყობის პროცესში გაიმიჯნოს ადგილობრივი ხელისუფლების როლი,  მოხდეს ფართო ჩართულობა ქალაქის დაგეგმარების და მოწყობის პროცესში. სამშენებლო სფეროში აქცენტი კეთდება უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე. პროფესიული კვლიფიკაციის ამაღლებაზე. ეს არის პოგრესული დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება ევროპულ ნორმებს.” 


 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი დავით გიგინეიშვილი ამბობს, რომ სამშენებლო კოდექსით ბევრი საკითხი დარეგულირდება: 


“ბევრი რამე იცვლება. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საფუძველი ეყრება არქიტექტორების სერტიფიფიცირებას, რათა მშენებლობის პროექტირების ხარისხი ავწიოთ. გაუქმდება კოეფიციენტების მატების ძველი მეთოდი და კოეფიციენტების ზრდა მოხდება ევროპული სტანდარტით. კოდექსი უზრუნველყოფს უსაფრთხების ზომებს სამშენებლო მოედანზე. ტექნიკური ზედამხედველის ინსტიტუტი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.”  


გააძვირებს თუ არა ახალი კოდექსის რეგულაციები სამშენებლო ბაზარს?


ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ თუკი მენაშენე პატიოსნად აშენებს, სამშენებლო პროდუქტი არ გაძვირდება. 


სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო კოდექსის პროექტის საჯარო განხილვების დასრულების შემდეგ მისი ინიცირება მთავრობაში მოხდება, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტი უკვე კანონპროექტს საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. 




მასალების გადაბეჭდვის წესი