ეკონომიკა

რას გამოიწვევს ბიუჯეტში არსებული გარღვევა

4 ივლისი, 2014 • • 1036
რას გამოიწვევს ბიუჯეტში არსებული გარღვევა

ხაზინის მონაცემებით, ჩავარდნა არ ემუქრება საგადასახადო შემოსავლების გეგმას.


ეკონომიკის ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, წლის ბოლოს შესაძლოა ბიუჯეტი გაირღვეს, ან ინფლაციური პროცესები გააქტიურდეს:

 

“ეს ტენდენცია ორი რამით არის ცუდი: ნაჩვენებია, რომ პროექტების მართვა არის ცუდად.  მთავრობას არ შეუძლია პროექტების სწრაფად და ეფექტურად განხორციელება. ფული არის და ამთვისებელი არა. გრანტიც საინვესტიციო ხასიათის იყო, პროექტებს უნდა მოხმარებოდა. მეორე, ცუდი ის არის, რომ წლის ბოლოს დაიწყება ხარჯები. 6 თვის ბიუჯეტი შესრულებულია 3,9 მილარდი ლარის ხარჯებით, როდესაც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 9,1 მილიარდია. ანუ, ფაქტობრივად, 5,2 მილიარდი უნდა დაიხარჯოს დანარჩენ 6 თვეში. თუ ფულის ხარჯვა რიტმულად და შეთანხმებულად ეროვნულ ბანკთან ერთად არ მოხდა, ინფლაციის საფრთხე იარსებებს”. 

 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 5 თვის მონაცემებით, მისაღები გრანტების გეგმა 46,5 პროცენტით შესრულდა.

 

ბიუჯეტის გეგმაში გარღვევაა  საკუთრებიდან მისაღებ შემოსავლებში, 5 თვის მდგომარეობით შესრულებულია გეგმის 39,7 პროცენტი.

 

53-პროცენტით შესრულდა ფინანსური აქტივების კლების (სესხის აღების) მუხლით განსაზღვრული მაჩვენებელი. 

 

 საგარეო ფინანსური ვალდებულებების 6 თვის გეგმა 5 თვის მდგომარეობით 34.7 პროცენტით შესრულდა. 

 

კონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძის შეფასებით საგარეო ფინანსური ვალდებულებების ეს მხარე გულისხმობდა საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტის მიღებას ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად: “შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ამჯერადაც შეფერხებულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ქვეყანაში.”

 

სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა შემოსავლებმა 3, 990 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმიური მაჩვენებლის 97 პროცენტია.

 

“შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდობით, შემოსულობების ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 140  მილიონი ლარი დააკლდა” – ამბობს ნინო ევგენიძე.

 

ეს დანაკლისი გადასახადების მობილიზების კუთხით არ შექმნილა. ივნისის მდგომარეობით, მობილიზებულია საგადასახადო შემოსავლების გეგმიური მაჩვენებლის 102 პროცენტი.

 

გრანტების და ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ნაწილში არსებული გარღვევის მიუხედავად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური  აცხადებს, რომ საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კუთხით ბიუჯეტში პრობლემა არაა და 6 თვის გეგმა გადაჭარბებით შესრულდება:

 

„საგადასახადო შემოსავლების გეგმა სრულდება და არანაირი შეფერხება არ არის. ექვსი თვის გეგმის შესრულებას დარჩენილ დღეებში 40 მლნ ლარი სჭირდება. ჩვენ გადავაჭარბებთ ივნისისა და მთლიანად ექვსი თვის საშემოსავლო გეგმას“.

 

რა გახდა გრანტების და ინფრასტრუქტურული პროეტების ნაწილში  ბიუჯეტში არსებული გარღვევის მიზეზი, ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრმა კომენტარი არ გააკეთა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი