ეკონომიკა

რა პერსპექტივა აქვს ქართულ ნიორს ევროკავშირის ბაზარზე

8 მაისი, 2014 • 6633
რა პერსპექტივა აქვს ქართულ ნიორს ევროკავშირის ბაზარზე

ნიორი ერთადერთია, რომელზეც ლიმიტია დაწესებული ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისას, ამიტომაც ეს თემა დისკუსიის და არასწორი ინტერპრეტაციების საგანი გახდა.  ეს ლიმიტი კი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, როცა ამოქმედდება დოკუმენტი “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის” შესახებ, საბაჟო გადასახადის გარეშე საქართველოს მხოლოდ 220 ტონა ნივრის ექსპორტი შეეძლება.  ამ რაოდენობის გადაჭარბების შემდეგ საქართველომ საბაჟო გადასახადი უნდა გადაიხადოს.

 

ეს შეზღუდვა საქართველოს ფერმერებს პრობლემას არ შეუქმნის, რადგან მათ მიერ წარმოებული ნიორი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურს ჯერ არ აქვს დამუშავებული მონაცემები, თუ რამდენი ტონა ნივრის წარმოება მოხდა ადგილზე შარშან. 2012 წელს კი საქართველოში ნივრის ადგილობრივმა წარმოებამ 5 700 ტონა შეადგინა, თუმცა ადგილობრივი მოთხოვნის შესავსებად 430.1 ტონა ნივრის იმპორტი განხორციელდა.

 

„საქართველო ნივრის მწარმოებელი არ არის. რაც გვაქვს წარმოება, ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივ ბაზარს და იმპორტის განხორციელება გვჭირდება. აღნიშნული კვოტა ნიორზე, რომელიც  დაწესებულია ევროკავშირის მიერ, ჩვენს ეკონომიკაზე და ბაზარზე გავლენას ვერ მოახდენს. ნიორს იმ რაოდენობით არ ვაწარმოებთ, რომ ექსპორტის შემთხევვაში აღნიშნულ კვოტას გადავაჭარბოთ,“ – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ილია კვიტაიშვილი.

 

ნიორი საქართველოში ძირითადად კახეთში და შიდა ქართლში მოჰყავთ. მცირე ფერმერი დედოფლისწყაროდან რეზო ფოლადაშვილი ამბობს, რომ ხარისხიანი მოსავლის მისაღებად კახეთში კარგი ნიდაგია, თუმცა  ხშირ შემთხვევაში გაწეული ხარჯი უფრო მეტია, ვიდრე მიღებული მოგება:

 

“მიწის დაბარვა და შემდგომ ნივრის დათესვა ხელით ხდება. საკმაოდ რთული სამუშაოა. დაქირავებულ მუშახელს დღიურად 15–20 ლარს ვუხდი. ნიადაგს სასუქი სჭირდება და მორწყვა, რაც ხარჯებს ზრდის. 2013 წელს  ნივრის გაყიდვიდან მოგება ვერ მივიღე, რადგან ბაზარზე ჭარბი მოსავალი იყო და 1 კილოგრამის  ფასი შემოდგომაზე 1,5 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობდა.”

 

ფერმერი გურჯაანიდან  ბეჟან ბერძნიშვილი ამბობს, რომ 1 ჰექტარზე ნივრის მოყვანა დაახლოებით 10 ათას ლარამდე ჯდება:

 

„2013 წელს მოგება  ვეღარ მივიღე. ამ წუთშიც მაქვს ნიორი და ვერ ვყიდი. მოთხოვნაა დაფასოებულ ნიორზე, რომელიც  ჩინეთიდან შემოდის. დღეს 1 კგ ქართული ნივრის საბითუმო ფასი 1,5 ლარია. 2014 წელს ნიორი ნახევარ ჰექტარზე დავთესე.“

 

ქართული ნივრის ფასი იმის გამო ეცემა, რომ ბაზარზე  სამაცივრე მეურნეობების დეფიციტია, შენახვის ფასი კი მაღალია.  

 

„გაზაფხულზე ნიორი 5 ლარი ღირს. ეს სეზონური ფასია. ვინც ახერხებს სამაცივრეში შენახვას შემოდგომაზე, გაზაფხულზე კარგ მოგებას იღებს. ეს დამატებითი ხარჯია ფერმერისთვის. ქართული ნივრის ფასი ივნისიდან სექტემბრამდე დაბალია. 2013 წელს  ფასი 1,5 –2 ლარამდე იყო,“ – ამბობს  ფერმერი გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდან, ვახტანგ ბერიძე.

 

ფერმერთა მომსახურების და ტრეინინგის ცენტრის „აგრო კომის“ ექსპერტი მამუკა მერაბიშვილი, რომელიც ფერმერებს ბოსტნეულის წარმოებაში კონსულტაციებს უწევს, ამბობს, რომ ქართული ნივრის წარმოება თანდათან მცირდება:

 

„2012 წელს იყო ძალიან დიდი მოთხოვნა ამ პროდუქტზე. დეფიციტი შეიქმნა ზოგადად მსოფლიო ბაზარზე. ნივრის ფასი რეკორდულ ნიშას მიუახლოვდა. 2013 წელს კი ის მივიღეთ, რომ ეს კულტურა არარენტაბელური და არამომგებიანი გახდა. ფასი შემცირდა. თუ 2012 წელს ნივრის ფასი 8–დან  10 ლარამდე მერყეობდა, 2013 წელს ფასი ივნისიდან სექტემბრამდე 1–1,40 ლარი  იყო.“

   

რატომ დაუწესა ევროკავშირმა საქართველოს ნივრის ექსპორტზე 220 ტონიანი კვოტა? – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში საფრთხეს ევროკავშირისთვის საქართველოში წარმოებული ნიორი არ წარმოადგენს:

 

“აქ არ არის საუბარი საქართველოში წარმოებულ ნიორზე. ეს არის სენსიტიური პროდუქტი საერთაშორისო გლობალურ ვაჭრობაში. ჩინეთი არის ერთი მსხვილი მოათამაშე და ამ პროდუქტის ექსპორტიორი გლობალურ ბაზარზე. ამ ექსპორტიორის მიმართ სენსიტიურობით არის გამოწვეული ზუსტად ეს გარკვეული დაცვითი ღონისძიება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში. იმისათვის, რომ არ ისარგებლოს თვისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რომელიც საქართვლოს აქვს ევროკავშირთან მესამე ქვეყანაშიც წარმოებულმა პროდუქტმა. არ იყოს გარკვეული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს არა ქართული წარმოშობის, არამედ სხვა ქვეყნის წარმოშობის პროდუქტი. ამ ეტაპზე ვახორციელებთ იმპორტს საკუთარი ბაზრისთვის, რომ სრულად დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნა, და ნივრის ექსპორტის დიდი შესაძლებლობები არ გაგვაჩნია.”

ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  მარიკა გაბუნია განმარტავს, რომ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ევროკავშირის ბაზარზე კონტრაბანდის სახით ჩინური ნივრის შეტანა მოხდა.

 

“როგორც ჩანს, ევროკავშირი ბაზარს კვოტის დაწესებით იცავს”, – ამბობს გაბუნია.

 

ევროკავშირის ბაზარზე ჩინური ნივრის კონტრაბანდის ყველზე გახმაურებული ფაქტი 2012 წლის ზაფხულში მოხდა.

 

შვედეთის ხელისუფლებამ ბრიტანეთის ორი მოქალაქე ჩინეთიდან ნორვეგიაში და შემდგომ შვედეთში ნივრის კონტრაბანდაში დაადანაშაულა. კონტრაბანდული ნივრის მოცულობის ღირებულება 10 მლნ ევროს შეადგენდა.

 

ჩინეთიდან ნორვეგიაში ნიორის ექსპორტი საბაჟო გადასახადს არ ექვემდებარება. ბრიტანეთის მოქალაქეებს ნიორი ნორვეგიიდან შვედეთში საბაჟოს გვერდის ავლით გადაჰქონდათ. ნორვეგიაში ჩინურ  ნიორზე საბაჟო გდასახადი 9,6 პროცენტია. ამ ქვეყანაში ჩინური ნიორის კონტრაბანდის შემთხვევაში პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გადანაწილდებოდა.

 

ჩინეთი  13 მლნ ტონა ნიორს აწარმოებს და მსოფლიო ბაზარზე ლიდერია. ნივრის წარმოებით მეორე ადგილზეა ინდოეთი- 646 000 ტონა, მესამეზე კი, სამხრეთ კორეა- 326 000 ტონა.

საქართველოში ნივრის იმპორტით ჩინეთი პირველ ადგილზეა. მაგალითად, 2012 წელს საქართველოში 398 ტონა ნიორი შემოვიდა ჩინეთიდან, 2013 წელს – 574.5 ტონა.

 

ევროკავშირის ბაზარზე ნივრის ძირითადი მიმწოდებელი ესპანეთი, საფრანგეთი და  ჰოლანდიაა. თუმცა ეს ბაზარი ნივრით ძირითადად ესპანეთიდან მარაგდება. ესპანეთი ყოველწლიურდ 142 400 ტონა ნიორს აწარმოებს. 1 კილოგრამი ნივრის ფასი ევროკავშირის ბაზარზე 3,27 ევროა.  

Image credit: EPA
Image credit: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი