ეკონომიკა

მაღალი ძაბვის ქვესადგურის მშენებლობას EBRD–ი დააფინანსებს

28 აპრილი, 2014 • • 2080
მაღალი ძაბვის ქვესადგურის მშენებლობას EBRD–ი დააფინანსებს

ჯვარის 500-220 კვ ქვესადგაურის მშენებლობის კონტრაქტორია ტენდერში გამარჯვებული პორტუგალიური კომპანია EFACEC,  ხოლო გადამცემი ხაზის მშენებლობას განახორციელებს – ინდური  ფირმა Jyoti construction-ი.


პროქტის საერთო ღირებულება დაახლოებით 50 მლნ. ევროს შეადგენს. პროექტს დააფინანსებენ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (KFW); ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმი (NIF). 

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცით, პროექტის მიზანია 220 კილოვოლტიანი ქსელის მეშვეობით დასავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია.


ამ ქსელის მეშვეობით მოხდება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლება და გაზაფხულის წყალმეტობის პერიოდში საექსპორტო ელექტროენერგიის სიმძლავრეების უზრუნველყოფა.


ასევე მოხდება ელექტროგადამცემი ხაზით „კავკასიონი“ გადასაცემ და მისაღებ სიმძლავრეებზე სრული კონტროლის უზრუნველყოფა და მაღალი ძაბვის ქსელის საიმედოობის და სტაბილურობის გაზრდა.


“პროექტის განხორციელებით შეიქმნება მოქნილი და მომგებიანი ენერგოგაცვლის ქსელი დასავლეთ საქართველოში, საგრძნობლად გაუმჯობესდება საერთაშორისო და ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედობა. რაც მთავარია, ინვესტორებისთვის მომხიბვლელი გახდება ენგურის ხეობაში ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების ინვესტირების საკითხი” – აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში. 

 

შესაბამის ხელშეკრულებას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანასთა მინისტრი  ნოდარ ხადური და “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე ხვალ მოაწერენ ხელს.  


პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება. 


მასალების გადაბეჭდვის წესი