ეკონომიკა

გიორგი ბარაბაძე პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოში მუშაობდა

16 აპრილი, 2014 • • 2678
გიორგი ბარაბაძე პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოში მუშაობდა

“გიორგი ბარაბაძე პროფესიით სამართალმცოდნე, ასოცირებული პროფესორია. შესაბამისი განათლება მან ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში მიიღო, მოგვიანებით კი დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა და დოქტორანტურა სისხლის სამართლის თეორიის მიმართულებით. არის 15-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.


რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, გიორგი ბარაბაძე 2014 წელს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის პირველი კატეგორიის მრჩეველი იყო. 2007 წლიდან  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლისა და სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტში მუშაობდა, ასევე იყო შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის მრჩეველი. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელად გიორგი ბარაბაძე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დანიშნა.

კონკურენციის სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ–მინისტრი. 

 

პარლამენტმა მესამე მოსმენით 69 ხმით 1-ის წინააღმდეგ 2014 წლის 21 მარტს დაამტკიცა კანონპროექტი “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 

პარლამენტმა ასევე აღნიშნული კანონპროექტის თანმდევი კანონპროექტებიც დაამტკიცა. კერძოდ, ცვლილებები “საგადასახადო კოდექსში”, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონში, “წიაღის შესახებ” კანონში, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შევიდა.

 

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, “კანონპროექტის მიზნებია თავისუფალი კონკურენციისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, კონკურენციის მარეგულირებელი ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება, დამოუკიდებელი სტრუქტურის – კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბება, რომელიც ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრის წინაშე იქნება, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ეკონომიკური აგენტების ინტერესების დაცვა, კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დროული და სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა და სხვა.”

 

კანონპროექტის თანახმად, იცვლება კანონის სათაური და მას “კონკურენციის შესახებ” კანონი ეწოდება, ასევე ზუსტდება კანონის მოქმედების სფერო, კერძოდ, კანონი ვრცელდება: “ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და მისი თანამდებობის პირის ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე, რომელიც, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს ან/და შეუძლია გამოიწვიოს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აღკვეთა ქვეყნის სასაქონლო და მომსახუარების ბაზრებზე.”

 

გარდა ამისა, კანონი ვრცელდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ განხორციელებულ ქმედებაზე, რომელიც გავლენას ახდენს და ზღუდავს კონკურენციას ქვეყნის შიდა ბაზარზე, ან/და იწვევს კონკურენტული გარემოს არსებით გაუარესებას.

 

კანმონპროექტით განსაზღვრულია ის სფეროებიც, რომლებზეც კანონი არ ვრცელდება. კერძოდ, ეს სფეროებია: შრომითი ურთიერთობები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ უფლების გამოყენება ხდება კონკურენციის შეზღუდვისა და აღკვეთის მიზნით და “ფასიანი ქაღალდების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ურთიერთობები, თუ ისინი გავლენას არ ახდენს ქვეყნის სასაქონლო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე ან/და არ ზღუდავს მას.

 

კანონპროექტით გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. ისვე  სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან. 

 

“კანონპროექტით უზრუნველყოფილია სააგენტოს ფუნქციებისა და უფლებამოსილების ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების სათანადო პრაქტიკასთან შესაბამისობა,”-აღნიშნულია განამრტებით ბარათში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი