ეკონომიკა

გადასახადი მოუხმარებელ ელექტროენერგიაზე

19 მარტი, 2014 • • 2010
გადასახადი მოუხმარებელ ელექტროენერგიაზე

გივი ქებულაძის სახელზე დარეგისტრირებულ ბინაში მცხოვრებ ოთარ ქობალიას საგანგებო სტრატეგია აქვს შემუშავებული – მრიცხველის ჩვენებას ყოველთვის აკონტროლებს. ქობალიების ოჯახმა 1 თებერვლიდან 1 მარტამდე 292 კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა. შესაბამისად, ის დარწმუნებული იყო, რომ გადასახადიც მეორე საფეხურის – 12,98 ტარიფით დაერიცხებოდა, თუმცა შეცდა, ამ ოჯახს 37,9 ლარის ნაცვლად ქვითრით გადასახადი 51,1 ლარი მიუვიდა.

 

„როგორც კი მიუახლოვდება 290 კილოვატ/საათს, სახლში ყველაფერს ვთიშავ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ 12,98 თეთრიდან გადავიხადო გადასახადი და არა 17 თეთრიდან. თებერვალში 292 კილოვატი მოვიხმარე, მაგრამ მაინც 17,50 თეთრიდან გადამახდევინეს, ჯამში 13 ლარი ზედმეტი დამარიცხეს არაფერში“, – ამბობს ოთარ ქობალია, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია.

 

ოთარ ქობალია „ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ გამოწერილ ქვითარზე დაფიქსირებული „შეცდომის“ გასარკვევად ენერგოკომპანიაში მივიდა და იჩხუბა კიდეც, მაგრამ ვერაფერს გახდა. მას აუხსნეს, რომ კომპანიას ამის უფლება კანონით აქვს.

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალში განმარტავენ, რომ მიზეზი ტარიფის დარიცხვის წესია, რომელიც 30 დღეზეა გათვლილი: ვინაიდან თებერვალში 28 დღეა, გახარჯული ელექტროენერგიის მაჩვენებელი იყოფა 28-ზე (საშუალო დღიური ხარჯი) და შემდეგ მრავლდება 30-ზე. მიღებული რიცხვის მიხედვით კი თანხას არიცხავენ ოჯახს.

 

ქობალიას შემთხვევაში კომპანიამ ასეთი გაანგარიშებით მიიღო 312,85 კილოვატ/საათი და გადასახდელი თანხაც 17,50 თეთრიდან გამოთვალა (ანუ ქობალიების მიერ მოხმარებული 292 კილოვატ/საათი გაამრავლეს 17,5 თეთრზე). ამ ტარიფით გადასახადს ის მომხმარებელი იხდის, ვინც 301 კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გახარჯა. კიდევ ერთ მოქალაქეს, მურად მეტრეველს, იანვარში 294 კვტ/სთ- ში 38,16 ლარი გადაახდევინეს, ხოლო თებერვალში 298 კვტ/სთ-ში – 52,15 ლარი.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) აცხადებენ, რომ 30-დღიანი ანათვალის (მრიცხველის ჩვენების) მიხედვით ტარიფის დადგენა და შესაბამისი გადსახადის დარიცხვა მტკივნეული თემაა… მუშაობენ, რომ აღნიშნული მექანიზმი დაიხვეწოს და პრობლემა აღმოიფხვრას.

 

სემეკის თანამშრომლის ლევან გენჯეხაძის თქმით, ჩვენს სისტემაში არ არსებობს „Smart“, ანუ „ჭკვიანი“ მრიცხველები, რომლებიც ზუსტად აღრიცხავენ ნებისმიერ ასპექტს. ასეთი ინფრასტრუქტურა საკმაოდ დიდ ფულს მოითხოვს:

 

„რეალობა სხვაა. პრაქტიკულად, ყოველთვის ვერ იცავენ 30-დღიან დიაპაზონს. ამიტომ კომპანიები მიმართავენ სხვა ლოგიკას – იანგარიშება დღიური საშუალო, რასაც ამრავლებენ 30-ზე, თუმცა ამ ყველაფრის დაბალანსებით მომავალ თვეში“.

 

ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ იმ თვეში, რომელშიც 31 დღეა, ვთქვათ, მარტში, კომპანიამ შეიძლება აბონენტს იმავე მეთოდით ნაკლები ტარიფით დაარიცხოს გადასახადი. თუმცა, ეს ქობალიასთვის, რომელსაც 13 ლარით ზედმეტად გადაახდევინეს გასულ კვირას, გამოსავალი ვერ იქნება. ოჯახს ამ თანხის „ამოღების შანსი“ იმ შემთხვევაში რჩება, თუ მარტში როგორმე 311 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამაზე მეტის მოხმარების შემთხვევაში კი ისევ მაღალი ტარიფით გადაიხდის.

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი „ბათუმელებთან“ შემდეგ განმარტებას აკეთებს:


„თუ შეგიძლიათ ამ ადამიანს (ოთარ ქობალიას) მიეცით ჩემი ტელეფონის ნომერი და ორშაბათისთვის დამიმესიჯოს. უნდა გავიგო, გავერკვე რა ხდება… თუ შეცდომაა ჩასწორდება. ასეთი პრაქტიკაა – თუ გაირკვა, რომ არასწორად დაარიცხეს, მომდევნო თვეში ნაკლებს მიიღებს და თუ ყველაფერი სწორადაა, მაშინ ვერაფერს ვუზამთ“.

 

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ არ აქვთ სტატისტიკა, თუ რამდენმა ოჯახმა მოიხმარა თებერვლის თვეში 301 კილოვატ/საათთან მიახლოებული რაოდენობის ელექტროენერგია. შესაბამისად, რთული დასადგენია, რამდენ ოჯახს გადაახდევინეს თებერვლის თვეში ზედმეტი თანხა და რამდენი ოჯახი მიიჩნევს კომპანიისგან თავს დაზარალებულად. კომპანიაში ამ საკითხთან დაკავშირებით დაზუსტებით მხოლოდ ის იციან, რომ კანონს არ არღვევენ და მათ ამის უფლება სემეკის დადგენილებით აქვთ.

 

სემეკი უსამართლო გადასახადზე

 

სემეკის თანამშრომლის ლევან გენჯეხაძის თქმით, „პრობლემის აღმოფხვრა „Smart“ მრიცხველებით შეიძლება. აღნიშნული მრიცხველი ყოველდღიურ მონაცემს აფიქსირებს. თუმცა, მათი დამონტაჟების აუცილებლობა არც კანონითაა დადგენილი და არც კომპანიაა ვალდებული ასე გააკეთოს“.

 

პრობლემა არ იარსებებდა იმ შემთხვევაშიც, თუ კომპანია დაიცავდა 30-დღიან ინტერვალს (თუ მრიცხველის ჩვენებას ყოველთვის 30-ე დღეს ამოწერენ). „ბათუმელების“ ინფორმაციით, ანალოგიური მოთხოვნა ენერგოკომპანიების მიმართ ჰქონდა სემეკსაც, დისკუსიებში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაც მონაწილეობდა.

 

კომპანიების მხრიდან საწინააღმდეგო არგუმენტები იყო და არის ის, რომ მათი თანამშრომელი ყოველ 30-ე დღეს ვერ მივა მრიცხველის ანათვალის ამოსაწერად – ზოგიერთი ადგილი რელიეფურადაა მიუდგომელი; ემთხვევა უქმე დღეებიც და ამ დღეებში რომ იმუშაონ, თანამშრომლებს დამატებით უნდა გადაუხადონ… საბოლოოდ კი კომპანიებმა დამატებითი ხარჯების ელექტროენერგიის ფასებში ასახვა მოითხოვეს. მათი მოთხოვნა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დააკმაყოფილა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის ირაკლი ვახტანგიძის განმარტებით, კომპანიამ ყოველ 30-ე დღეს რომ დაარიცხოს აბონენტს გადასახადი, ადგილი ექნება შემთხვევას, როცა ერთ თვეში აბონენტს ორჯერ დაარიცხავენ გადასახადს, რაც კანონდარღვევა იქნება.

 

სემეკის მიერ დადგენილი წესით, „მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად“. იმას, რომ დაუდგენელი რაოდენობის ოჯახები მოუხმარებელი ელექტროენერგიის გადასახადს იხდიან, კანონმდებლობის ხარვეზად მიიჩნევს სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი ნინო გულეიშვილიც. ენერგოომბუდსმენი ამბობს, რომ ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობენ:

 

„კომპანიის მიერ კონკრეტულ შემთხვევებში ტარიფის დადგენის მეთოდი შეესაბამება მოქმედ ნორმატიულ აქტებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის ეს სამართლიანი, ვფიქრობ, რომ არ არის სამართლიანი, თუმცა ეს ცალკე მსჯელობის თემაა”.

 

რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს, მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო პირდაპირ არ არის ჩართული პროცესში:

 

„ეს სემეკის მოვალეობაა, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით და არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში, რომ აბონენტების, იგივე ჩვენი მოქალაქეების უფლებები დაირღვეს“.

 

დღეს მოქმედი ტარიფის დადგენისას სემეკმა სწორედ იმ მემორანდუმებით იხელმძღვანელა, რომლებიც 2012 წლის დეკემბერსა და 2013 წლის მარტში მთავრობასა და ენერგოკომპანიებს შორის გაფორმდა. საზოგადოებისთვის უცნობია რა წერია მემორანდუმებში, რადგან დოკუმენტი კომპანიების მოთხოვნით გასაიდუმლოებულია.

 

ილია ელოშვილის სიტყვიერ განცხადებას თუ დავეყრდნობით, ამ მოლაპარაკებების დროს ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიაზე საუბარი არ ყოფილა.

 

სემეკს, მის მიერ მიღებული ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაში ისიც აქვს აღნიშნული, რომ „ეს მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ტარიფები იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან“.

 

ტარიფების დაწევის პროცესი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის 2013 წლის იანვრიდან დაიწყო. „ტარიფების დაწევა“ არ შეხებია იმათ, ვინც 301 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე მეტს მოიხმარს თვეში – მას კვლავ 17,50 თეთრს ახდევინებენ. რაც შეეხება კომერციულ მომხმარებლებს, მათ ტარიფი, როგორც ენერგოკომპანიაში გვითხრეს, სემეკის 2010 წლის #7 დადგენილებით გაუძვირდათ (1 კვტ/სთ-ზე 2,19 თეთრით (დღგ-ს ჩათვლით). აღნიშნული დადგენილება კი სემეკის ვებგვერდზე არ არის განთავსებული.

 

ილია ელოშვილი: „მოსახლეობის 80 პროცენტი მოიხმარს 300 კვტ/სთ- მდე ელექტროენერგიას, ამაზე მეტის მომხმარებელი კი, ძირითადად (და არა ყველა), საკმაოდ შეძლებული ფენა, ან კომერციული დაწესებულებებია. ამიტომ გადაწყდა შემცირებულიყო ტარიფი ქვედა დონეზე – უფრო დაუცველი კატეგორიისთვის. ყველა დონეზე რომ დაგვეკლო, ეს აღარ იქნებოდა მნიშვნელოვანი ამ კატეგორიისთვის“.

 

და ბოლოს, თუკი მოსახლეობის 80% მართლაც 300 კვტ/საათამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ნაცვლად დადგენილი 12,98 თეთრისა, ერთ კილოვატზე 17,5 თეთრი თებერვალში ათასობით აბონენტს გადაახდევინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი