ეკონომიკა

ბიოწარმოების წესები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

9 აგვისტო, 2013 • 2569
ბიოწარმოების წესები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

წესების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი
რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე იმ ოპერატორის დაცვა, რომელიც, ამ წესების შესაბამისად, აწარმოებს ბიოპროდუქტს (ან ისეთ პროდუქტს, რომლის ეტიკეტზე/ნიშანდებაში გამოყენებულია სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია -„ორგანული“, „ეკო“, „ბიო“), რათა სხვა პროდუქტს არ მიენიჭოს ბიოპროდუქტის სტატუსი.

 

წესები ვრცელდება ბიოპროდუქტზე, რომელიც განთავსებულია ბაზარზე, ან გამიზნულია ბაზარზე გასატანად.

 

დადგენილებაში განმარტებულია ბიომეურნეობის მართვისა და სურსათის/ცხოველი საკვების ბიოწარმოების სპეციფიკური პრინციპები. მაგალითად, მემცენარეობისათვის სპეციფიკურ წესებს შორის მითითებულია, რომ ბიოწარმოებისთვის ნიადაგში შეტანილი ნაკელის რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს წელიწადში 170 კგ აზოტს ჰექტარზე; სათესლე და ვეგეტატიური გამრავლების მასალის წარმოებისათვის დაშვებულია მხოლოდ ბიომეთოდებით მიღებული სათესლე და ვეგეტაციური გამრავლების მასალის გამოყენება.


ცალკეა გამოყოფილი სპეციფიკური წესები მეცხოველეობისთვის ბიოწარმოების მიზნით, რომელშიც აღნიშნულია: ცხოველი უნდა იკვებებოდეს ბიოსაკვებით, რომლის 50% ბიომეურნეობაში ან იმავე რეგიონში არსებულ სხვა ბიომეურნეობაში მზადდება; დასაშვებია საკვების 30% იყოს კონვერსიული მეურნეობიდან; ახალშობილი ძუძუმწოვრები უმჯობესია იკვებებოდნენ დედის რძით; დაუშვებელია ცხოველთა დიეტა, რამაც შეიძლება ანემია გამოიწვიოს; ცხოველი ინარჩუნებს ბიოლოგიურის სტატუსს, თუ მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საკვების მშრალი მასის 80% „ბიოა“; ტრანსპორტირებისას უნდა შემცირდეს ცხოველების სტრესი და ტრავმის ალბათობა. აკრძალულია ელექტროსტიმულაციის გამოყენება ცხოველების სამოძრაო ტრაექტორიის იძულებითი შეზღუდვის მიზნით.  დაუშვებელია ქიმიური ტრანკვილიზატორებისა და სტიმულატორების გამოყენება ტრანსპორტირებამდე ან ტრანსპორტირების დროს.

 

დადგენილებით განსაზღვრულია შინაური ფრინველის მოვლისა და დაკვლის წესები, კერძოდ, ფრინველის დაკვლის მინიმალური ასაკია: ვარია – 81 დღე; დაკოდილი მამალი-150 დღე; პეკინური იხვი – 49 დღე; დედალი ინდაური – 100 დღე და ა.შ.


მთავრობის დადგენილებაში, ასევე, გაწერილია სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავების, შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესები. მაგალითად, ბიოწარმოებაში დასაშვებია მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებული განახლებადი მეორადი გამოყენების ან ბიოდეგრადირებადი შესაფუთი მასალის, შესანახი კონტეინერისა და ჭურჭლის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს ეკოსისტემის დაბინძურების აცილებას; ბიოპროდუქტების შენახვა უნდა ხდებოდეს არაბიოპროდუქტისგან იზოლირებულად.


დადგენილების მიხედვით, ღვინის ბიოწარმოებისათვის გამოიყენება ნედლეული, რომელიც მიღებულია ბიომეურნეობიდან.


სურსათი/ცხოველის საკვები მიჩნეული იქნება ბიოპროდუქტად, თუ ეტიკეტზე/ ნიშანდებაზე, რეკლამაში და კომერციულ დოკუმენტში, აღნიშნულია ტერმინები: „ბიოლოგიური“, „ორგანული“, „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო“, „ეკო“, მსგავს სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, აბრევიატურა, სიმბოლო, სავაჭრო ნიშანი, ან/და ლოგო.

 

მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ოპერატორი, რომელიც აწარმოებს ბიოპროდუქტს, რეგისტრირებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ოპერატორი ვალდებულია შესაბამისი წერილობითი ანგარიშები და დოკუმენტები შეინახოს 5 წლის განმავლობაში; ოპერატორი ვალდებულია სერტიფიკაციის ორგანოს შეუქმნას სათანადო პირობები ინსპექტირების განხორციელებისათვის. 

 

ბიოწარმოების/ბიომეურნეობის სერტიფიკაცია ნებაყოფლობითია და ხორციელდება ოპერატორის ინიციატივით, ხოლო სერტიფიკაციას ახორციელებს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო. სერტიფიკატის დადასტურება უნდა მოხდეს ყოველწლიურად.


მთავრობის დადგენილება 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი