ეკონომიკა

თბილისი-ბათუმის რეისზე მატარებლით მგზავრობა გაძვირდა

15 ივლისი, 2013 • 7116
თბილისი-ბათუმის რეისზე მატარებლით მგზავრობა გაძვირდა

„ღამის მატარებლის შემთხვევაში განხორციელდა ცვლილება ფასში. ე.წ ესვეს ტიპის სამგზავრო ბილეთი 40 ლარის ნაცვლად 48 ლარი ეღირება, ხოლო კუპირებული სამგზავრო ბილეთის ფასი 23,40 ლარის ნაცვლად 28 ლარი იქნება.

 

აღნიშნული ფასები მოქმედებს 10 ივლისიდან 15 სექტემბრამდე. 15 სექტემბრის შემდეგ, მომდევნო ათი თვე, 2014 წლის ივლისამდე, ღამის მატარებლით მგზავრობის ფასი ისევ შეიცვლება, „ესვეთი მგზავრობა ეღირება 40 ლარი, ხოლო კუპე 28 ლარის ნაცვლად 23,40 ლარი,” – უთხრა „ბათუმელებს” „საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.

 

მგზავრობის ფასი არ შეცვლილა ჩქაროსნულ მატარებელზე, პირველი კლასის ბილეთი 40 ლარი ღირს, მეორე კლასის კი – 23 ლარი. 15 სექტემბრიდან ჩქაროსნულით მგზავრობა გაიაფდება, პირველი კლასის ბილეთი 23 ლარი ეღირება, ხოლო მეორე კლასის – 18 ლარი. აღნიშნული ტარიფი 2013 წლის 15 სექტემბრიდან 2014 წლის 10 ივლისამდე იმოქმედებს.

 

თბილისი-ბათუმის მატარებელი
თბილისი-ბათუმის მატარებელი

რამ განაპირობა ფასის ცვლილება, აისახება თუ არა ეს სერვისზე და გაუმჯობესდება თუ არა მომსახურების ხარისხი? დაჩი ცაგურიას თქმით, რკინიგზაში ცვლილებები იგეგმება.

 

„ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა უკეთესი სერვისი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. ახლა ინერგება სამგზავრო შემადგენლობებზე უკაბელო ინტერნეტის მონტაჟი, ასევე ჩვენ ვგეგმავთ ე.წ. საბორტო ჟურნალის გამოშვებას, დაწყებულია მუშაობა და სეზონზევე მოვასწრებთ. რაც შეეხება შეკითხვას, იგეგმება თუ არა სამგზავრო მატარებლის შემადგენლობის შეცვლა, ვაგონებს აქვს თავისი ექსპლუატაციის ვადა და, რა თქმა უნდა, დადგება მომენტი მათი შეცვლისაც.

 

ჩვენ გვყავს კიდევ შემოყვანილი ოთხი ახალი მატარებელი, რომელსაც ვტესტავთ და როდესაც დასრულდება ეს პროცესი, სხვადასხვა მიმართულებებზე ახალი სამგზავრო შემადგენლობები ივლის,” – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

 

„საქართველოს რკინიგზა”, რომელიც ერთადერთი სარკინიგზო ოპერატორია საქართველოში, დღეისათვის სამ ბიზნესერთეულსა და ხუთ შვილობილ კომპანიას აერთიანებს.

 

გასულ წელთან შედარებით, წელს შემოსავლებმა სატვირთო გადაზიდვებიდან 13%-ით იმატა. რაც შეეხება მგზავრთა გადაყვანას, როგორც პრესსამსახურში ამბობენ, წინა წლის მოცემულ პერიოდთან შედარებით, მგზავრთა რაოდენობა მომატებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი