ეკონომიკა

პრემიერი: Doing Bissiness-ის რეიტინგში დაწინაურება მოსახლეობის მდგომარეობაზე ერთბაშად არ აისახება

2 ნოემბერი, 2017 • 1613
პრემიერი: Doing Bissiness-ის რეიტინგში დაწინაურება მოსახლეობის მდგომარეობაზე ერთბაშად არ აისახება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება Doing Bissiness-ის რეიტინგში დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და ადგილობრივ წარმოებაზე, თუმცა მოსახლეობის მდგომარეობაზე ერთბაშად არ აისახება.

“ეს არის ძალიან მიზანმიმართული მუშაობის შედეგი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში იქნა გაწეული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ახალი წარმოებების შექმნის თვალსაზრისით, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეიტინგებში, არა მხოლოდ მსოფლიო ბანკის, არამედ სხვა ორგანიზაციების გაკეთებულ რეიტინგებში, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმ ჯანსაღ ტენდენციაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკაში არსებობს: ეს არის ექსპორტის ზრდა. მოგეხსენებათ, რომ 28.5%-ით გაიზარდა ექსპორტი, ტურისტების ზრდის რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს – შარშანდელ წლიურ მაჩვენებელს გადააჭარბა და 6.5 მილიონი შემოვიდა საქართველოში, გაზრდილია ფულადი გზავნილების მოცულობა, ეს არის, რა თქმა უნდა, ყველა ის ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც დღევანდელი მონაცემებით შეადგენს 4.7%-ს.

მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ერთბაშად არ აისახება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ტენდენცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის, არის ძალიან ჯანსაღი და არის ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ  კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს მომავალ წელს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც ინება. უამრავი პროექტი არის დაგეგმილი, რომელიც წელს ხორციელდება. მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს 36%-იანი ზრდა, მომავალ წელს თითქმის გაორმაგდება ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახარჯი რესურსის ოდენობა და ეს ყველაფერი კერძო სექტორზე და მეწარმეობაზე აისახება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

საქართველომ doing Business-ის რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა და  მე-9 ადგილი დაიკავა.  გასულ წელს საქართველოს მე-16 ადგილი ეკავა. რეიტინგში პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს, მეორე ადგილს- სინგაპური და დანია.

Doing Business მსოფლიო ბანკის პროექტია. ის ბიზნესრეგულაციებსა და ბიზნესგარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში 2002 წლიდან  იკვლევს. ქვეყნების რეიტინგი პირველად 2003 წელს გამოქვეყნდა. რეიტინგში დაბალი ქულა მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთება გამარტივებულია და დაცულია საკუთრების უფლება.

კვლევის პერიოდში Doing Business ინფორმაციისთვის ოთხ ძირითად რესურსს იყენებს. ესენია: კანონმდებლობა და რეგულაციები, რესპონდენტები, ქვეყნების მთავრობები და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი ორგანიზაციების თანამშრომლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი