ეკონომიკა

კრედიტ ინფო – რატომ აღარ რისკავენ ბანკები

16 მაისი, 2013 • 4200
კრედიტ ინფო – რატომ აღარ რისკავენ ბანკები

მამუკა გაგნიძე ერთი წელია ბანკებიდან იპოთეკური სესხის აღებას უშედეგოდ ცდილობს: „ჩემი შემოსავალი თვეში 2,500 ლარია. მაქვს სხვა დანაზოგიც, მაგრამ იპოთეკური სესხი არც ერთმა ბანკმა არ დამიმტკიცა. როცა მიზეზს ვარკვევ, მპასუხობენ, რომ ჩემს საკრედიტო ისტორიაში შავი ლაქაა.“


მამუკა გაგნიძე ამბობს, რომ საკრედიტო ხელშეკრულება ბანკთან 2008 წელს დაარღვია: „2000 -ლარიანი სამომხმარებლო სესხი მქონდა. 2008 წელს მოხდა ომი. სამსახური დავკარგე და 4 თვე ბანკის კრედიტი ვერ დავფარე. შემდეგ ყველაფერი გავასწორე. ამ დარღვევის გამო სესხზე ყველა უარს მეუბნება. „კრედიტ ინფოს“ „შავ სიას“ თავი ვერ დავაღწიე.“


საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას შეფასებით, ნებისმიერი ბანკი, რომელიც სესხს გასცემს, ყოველთვის ითვლის დაუბრუნებლობის რისკფაქტორს:


„ეს რისკფაქტორი რომ შეაფასოს, ბანკს სჭირდება სრული ინფორმაცია მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის საიმედოობის შესახებ. ინფორმაციის გაცვლა ხდება საკრედიტო ისტორიების ბიუროს მეშვეობით. ეს არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომ ბანკმა შეძლოს თავისი საკრედიტო რისკის შეფასება. საკრედიტო ბიუროები ხელს უწყობენ საბანკო სექტორის ნორმალურ საქმიანობას. ეს არის მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკა.“


რა შემთხვევაში ხვდება ბანკის მოვალე  „კრედიტ ინფოს“  „შავ სიაში“? რატომ ფრთხილობენ ბანკები და როდის გასცემენ კრედიტს ხელახლა?

მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაში არსებული ნეგატიური მონაცემები „კრედიტ ინფოს“ ბაზაში 5 წლის განმავლობაში ინახება. ეს ინფორმაცია სესხის დაფარვიდან ამ ვადის გასვლის შემდეგ ავტომატურად იშლება.


ორგანიზაცია 2005 წელს შეიქმნა და მის ზედამხედველობას ეროვნული ბანკი ახორციელებს. „კრედიტ ინფო“ ინფორმაციას კლიენტების საკრედიტო ისტორიების შესახებ ბანკებს, სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აწვდის.

 

„კრედიტ ინფოს“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე  გომიაშვილი ამბობს, რომ  საკრედიტო ბიუროს „შავი სია“ არა აქვს:  


“ჩვენთან ინფორმაცია მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის შესახებ სრულად არის დაცული. როგორც კი მომხმარებელი სესხს იღებს, ეს ინფორმაცია ბაზაში ავტომატურად განთავსდება. ცალკე „შავი სია“ და დაცული ნეგატიური ინფორმაცია არ გვაქვს. მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაში არის როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური ინფორმაცია. ამ დროისათვის „კრედიტ ინფოში“ 4,5 მილიონი ჩანაწერია. თუმცა რამდენი ურჩი გადამხდელი ჰყავს ბანკებს, ამის სტატისტიკა ცალკე არ გვაქვს“.

 

გომიაშვილი ამბობს, რომ როცა მომხმარებელი ბანკს სესხისთვის მიმართავს, ავტომატურად ხდება მისი საკრედიტო ისტორიის შესახებ ბანკისთვის ინფორმაციის მიწოდება:


„ეს არის თვითონ ბანკის გადასაწყვეტი, რა რისკის აღება უნდა. როცა მიმდინარე დავალიანება აქვს პიროვნებას, შეიძლება სარისკო იყოს ახალი სესხის მიცემა. როცა გადაფარავს კრედიტს მომხმარებელი, ეს „კრედიტ ინფოს“ ბაზაში ავტომატურად აისახება.“

 

ბანკ  „რესპუბლიკაში“ აცხადებენ, რომ  საკრედიტო ოფიცერი პირადად წყვეტს, ბანკის კლიენტის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის შესახებ ინფორმაცია რა ვადებში გადასცეს „კრედიტ ინფოს“: „შესაძლებელია ერთთვიანი ვადაგადაცილების გამო უკვე გადასცენ „კრედიტ ინფოს“ მონაცემთა ბაზას ინფორმაცია. შეიძლება „კრედიტ ინფოში“ იყოს დაფიქსირებული მონაცემები, მაგრამ თუ მომხმარებელმა დაფარა დავალიანება, შემდეგ სესხს რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მაინც აიღებს.“

 

„საქართველოს ბანკი“ „კრედიტ ინფოს“ ურჩი გადამხდელის შესახებ ინფორმაციას ერთ თვეში გადასცემს: „ვალის რამდენიმედღიანი გადაცილება არ მოქმედებს საკრედიტო ისტორიაზე. მაგრამ თუ ერთ თვეს გადაცდა, ეს ფიქსირდება „კრედიტ ინფოში“ და ინახება 5 წლის განმავლობაში. ეს მონაცემი ყოველთვის გამოჩნდება, მაგრამ თუ მომხმარებელს მიმდინარე ვალი არ ექნება და გადაცილება დაფარული, უფრო მეტი შანსია, რომ სესხი ხელახლა მიიღოს. საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევა საკრედიტო ისტორიაზე უარყოფითად აისახება.“

 

„თიბისი ბანკიც“ ნეგატიურ ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ „კრედიტ ინფოს“ ერთი თვის შემდეგ გადასცემს: „საკრედიტო ისტორიაში ნეგატიური ინფორმაციის მოხვედრის შემდეგ ხელახლა კრედიტის მიღება განხილვის საგანია. ბანკმა რისკები საფუძვლიანად უნდა შეაფასოს. “

 

ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, საბანკო სისტემის მთლიან სასესხო პორტფელში პრობლემური სესხების წილი 2013 წლის პირველი კვარტლის ბოლოს 9,5 პროცენტით განისაზღვრა. 2012 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 7,4 პროცენტი იყო.  

 

სებ–ის მონაცემებით, 2013 წლის პირველ კვარტალში  პრობლემური სესხების მოცულობა, 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 26 მლნ ლარით (3,2%) გაიზარდა და  835,8  მლნ ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით პრობლემური სესხების რაოდენობა 253 მლნ ლარით არის გაზრდილი. 2013 წლის პირველ კვარტალში 20 ბანკის საკრედიტო პორტფელმა, ჯამში, 8,756 მილიარდი ლარი შედგინა.


აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2013 წლის 10 მაისის მდგომარეობით მოვალეთა რეესტრში 85 024  პირია. თუმცა, კონკრეტულად რამდენი ურჩი გადამხდელი ჰყავს ბანკებს, ცალკე სტატისტიკა არ არსებობს.


საბანკო სფეროს ექსპერტის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ლია ელიავას შეფასებით, ბანკები  სესხების გაცემისას ნეგატიური სტატისტიკის გამო ფრთხილობენ:


„ბოლო წლების განმავლობაში პრობლემური სესხების წილი იზრდება. თუმცა ბანკი ერთი სტანდარტით რომ მიუდგეს ყველა მსესხებელს, არ არის სწორი. სამწუხაროდ, მსხვილ ბანკებში, სადაც სესხების გაცემა ნაკადურად ხდება, არ ჩაეძიებიან ხოლმე უფრო ღრმად მსესხებლის ისტორიას. ხედავენ, რომ პრობლემები ჰქონდა სესხთან დაკავშირებით, უარს ეუბნებიან. განსაკურთებით აქ საუბარია სამომხმარებლო სესხებზე. ბანკი თავს არ იწუხებს, ამ ურჩი გადამხდელებისგან შეარჩიოს ისეთები, რომელთაც გამოასწორეს თავიანთი ფინანსური მდგომარეობა.“

მასალების გადაბეჭდვის წესი