ეკონომიკა

სათამაშო ბიზნესი სპეციალურ ზონებში

26 მარტი, 2013 • 2718
სათამაშო ბიზნესი სპეციალურ ზონებში

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ  არსებულ კანონმდებლობას გადახედავს.  კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განმარტებით, კომისიის შექმნის მიზეზი 2013 წლის 5 მარტს პარლამენტში შესული პეტიცია გახდა. პეტიციის ავტორები კაზინოების სპეციალურ ზონებში გადატანას ითხოვენ:

 

“ჩვენ შემოვედით პეტიციით, რომ მოხდეს ამ სათამაშო ბიზნესის სრული აკრძალვა, თავის მავნე ჩვევებიდან გამომდინარე. თუმცა, სანამ სრული აკრძალვა მოხდებოდეს, მანამდე ჩვენ წარმოვადგინეთ რეგულაციები, სადაც არის მითითებულ, რომ შემოღებული იქნას ასაკობრივი და ქონებრივი ცენზი, გადატანილი იყოს დასახლებული და რელიგიური და სასწავლო დაწესებულებიდან  მოშორებით, არადასახლებულ ადგილებში”.

 

„პეტიციის ავტორებს უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით, სათამაშო ბიზნესის შეზღუდვა საზოგადოების გარკვეული ფენის დაკვეთაა. ჩვენ ვალდებული ვართ მოვახდინოთ რეაგირება. კომისია დაიწყებს მუშაობას,“ – ამბობს ზურაბ ტყემალაძე.

 

მისივე თქმით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ პეტიციის ავტორები და საპარლამენტო კომიტეტის წევრები:

 

“შეიქმნება კანონპროექტი, მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი, ჩაიდება თუ არა მუხლი კაზინოების სპეციალურ ზონებში გადატანის შესახებ“.

 

თუმცა კაზინოებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფის შესაძლებლობაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორი კვირის წინ რეგიონული მედიისთვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა:

 

“მესმის, რომ კაზინოს ბევრი სიმახინჯე აქვს, ბევრ პრობლემას ქმნიან და შეიძლება ზოგიერთ ქალაქში არ უნდა არსებობდეს. ეს ყველაფერი განხილვადია. ძალიან მკვეთრად ნუ მივუდგებით. არ ემუქრება კაზინოებს დახურვა, ეს საკითხი არ განიხილება… შეიძლება კაზინოებისთვის სპეციალური ადგილები ვნახოთ, რომ მოსახლეობას ის სახლებად არ ჰქონდეს და ახალგაზრდები მაქსიმალურად არ იყვნენ ჩართულნი და ზედმეტი რეკლამაც არ იყოს მასთან დაკავშირებით”.  

 

კაზინოების მფლობელები ამბობენ, რომ ეს ბიზნესი სპეციალურ ზონებში ვერ იმუშავებს. მათი განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილებით ბიუჯეტი შემოსავლებს დაკარგავს, ქვეყანაში კი ტურისტების ნაკადი შემცირდება, რადგან, როგორც კაზინოების მფლობელები ამბობენ, მათი კლიენტენის უმრავლესობას სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები წარმოადგენენ.

 

ბათუმის „შერატონის“ კაზინოს მფლობელი შოთა სამუშია ამბობს, რომ მის დაწესებულებას, რომელშიც 280 ადამიანია დასაქმებული, დღეში 600-700 ადამიანი სტუმრობს, მათი უმრავლესობა თურქეთის მოქალაქეები არიან:

 

„ადგილობრივი მოთამაშეები ძალიან მცირე რაოდენობით არიან. 95 პროცენტი მოთამაშეების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის. 80 პროცენტი ზამთრის და შემოდგომა გაზაფხულის პერიოდში არიან თურქები. ზაფხულში ემატება სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა.“

 

შოთა სამუშია ამბობს, რომ კაზინოების ბიზნესი სპეციალურ ზონებში ვერ იმუშავებს:

 

„რატომ მუშაობს ეს ბიზნესი ბათუმში? – იმიტომ, რომ ჩვენთან არის აეროპორტი და ახლოს არის საზღვარი. ჩვენ რომ ეს გადავიტანოთ სადღაც ისეთ ადგილას, სადაც არც  გზა არის და ძროხები დადიან, იქ არავინ მოვა. თბილისში, როგორც დედაქალაქში, ბევრი ჩამოსულია და თვითონ მოსახლეობაც დიდია. ტურისტების ნაკადია სომხეთიდან და აზებაიჯანიდან. სომხეთში ეს ბიზნესი არის, მაგრამ ძალიან დაბალ დონეზეა. თურქეთში და აზერბაიჯამში კი აკრძალულია.“  

 

სამუშია ამბობს, რომ ამ ბიზნესში ჩარევას ცდილობს ის ხალხი, ვინც ამ საკითხში ვერ ერკვევა:

 

“პოლიტიკოსებს აქვთ პოპულისტური გამოსვლები. ეს საქმე, როგორც სხვა ბიზნესი, რეგულირებადია და საკითხი უნდა გადაწყვიტოს ისეთმა ხალხმა, ვინც ეს საქმე იცის.“

 

ბათუმის „ინტურისტში“ მოქმედი კაზინოს მფლობელი ნური ძნელაძე ამბობს, რომ  ბათუმში ხალხი ტურიზმიდან არსებული შემოსავლებით ცხოვრობს:  

 

„საზაფხულო ტურიზმი გრძელდება 2 თვე, ისიც კარგი ამინდების დროს. დანარჩენ დროს ბათუმში ხალხი ფულს შოულობს სასტუმროების და კაზინოების მომსახურებით. კაზინოები რომ დაიხუროს, სასტუმროებიც ავტომატურად დაიხურება. ყველა ეს პროექტი, რომლებიც დღეს არის – „კემპინსკი“ და „ჰოლიდეი“, ისინიც ავომატურად გაჩერდება. ბათუმს სხვა არაფერი არ აქვს, რომ შესთავაზოს ტურისტს.“

 

ნური ძნელაძე ამბობს, რომ მოსაზრება კაზინოებისგან ადგილობრივი მოსახლეობის დაზარალების შესახებ ბათუმზე ვერ გავრცელდება:

 

„ჩვენი კაზინოს კლიენტების 90 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ჩამოდიან და თამაშობენ. ეს ბიზნესი ხელს უწყობს ტურიზმსაც, ვაჭრობასაც და საქმიან ურთიერთობასაც და სასტუმროების ბიზნესის განვითარებასაც. თუ კაზინოები ბათუმიდან გავიდა, ტურისტების რაოდენობას ბათუმში  მეოთხედამდე შეამცირებს. რიზე, ტრაპზონი, ხოფა და ერზერუმი ჩაერთო და სტამბულიდან ჩამოდის ხალხი ბათუმში სათამაშოდ. ჩვენი ქვეყნის კლიენტურის ორმესამედს დავკარგავთ როგორც კაზინოს, ისე სასტუმროს და რესტორნის ბიზნესში.“

 

„ილია უნის“ ლექტორი, ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე იზიარებს სამორინეების მესაკუთრეების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კაზინოების რეგულაციები ტურისტების შემცირებას გამოიწვევს.

 

„ვფიქრობ ამ თემის გაქტიურება ამ ეტაპზე პოლიტიკური ქულების ჩაწერას ემსახურება რამდენიმე პარლამენტარის მხრიდან. მათ გააზრებული არა აქვთ, ამით რა ზარალი შეიძლება მოუტანონ ბიუჯეტს, ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. გარდა ამისა, ტურისტული თვალსაზრისით ეს ინდუსტრია ქვეყანაში მომგებიანია, რადგან მეზობელ ქვეყნებში აკრძალულია. შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოდიან მოყვარულები. აკრძალვებით ან შეზღუდვებით რეალური შედეგი არ მიიღწევა. ახალგაზრდების დამოკიდებულების შემცირება არ მოხდება, რადგან მოთამაშე მაინც ითამაშებს და აკრძალვებით და შეზღუდვებით ამ ბიზნესის იატკქვეშეთში გადანაცვლება მოხდება.”

 

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე ეჭვობს, რომ  კაზინოების მიმართ გარკვეული ბიზნესინტერესები არსებობს:

 

„რაც შეეხება კაზინოების სპეციალურ ადგილებში გადატანას, იქაც ინტერესთა ჯგუფი უნდა ვეძიოთ. საინტერესოა, რომელ სპეციალურ ადგილებზეა საუბარი? მაგალითად, ქალაქგარეთ, თუ რეგიონებში? არ არის გამორიცხული, რომ ჯერ მომზადდეს რეგულაცია და შემდეგ აღმოაჩინო, რომ ვიღაცას უკვე აქვს ასეთ ადგილებში სათანადო ინფრასტრუქტურა მოწყობილი. ასეთი მეთოდები აპრობირებულია საქართველოში.“

 

ირაკლი ლექვინაძის თქმით, კაზინოების სპეციალურ რეგიონებში გატანას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ, ეს რეგიონი სხვა თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურით იქნება მოწყობილი:

 

“მაგალითად, წყალტუბოში ხელისუფლებამ, მცდელობის მიუხედავად, „ლას ვეგასი“ ვერ შექმნა.“

 

წყალტუბოს „ლას ვეგასად“ გადაქცევის იდეა ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციის” დროს გაუჩნდა მაშინდელ ხელისუფლებას. ოთხი წლის წინ მიღებული იქნა საგადასახადო შეღავათები, რომლითაც კაზინოებისთვის ყოველწლიური სალიცენზიო მოსაკრებელი 250 ათას ლარამდე შემცირდა ბათუმში, ქობულეთში, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანში, ბორჯომში, წყალტუბოსა და სიღნაღში. საქართველოს სხვა ადგილებში, მათ შორის თბილისში, ეს მოსაკრებელი 5 მლიონი ლარითაა განსაზღვრული.   

 

ასეთი საგადასახადო შეღავათის მიუხედავად, მაგალითად, წყალტუბოში სათამაშო ბიზნესი ვერ განვითარდა: ქალაქში ერთი სამორინე და ორი ინტერნეტკაზინო მუშაობს.

 

კაზინოების სპეცილურ ზონებში განთავსების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ 2009 წლის 1 ივლისს მიიღო: შეიქმნა ოთხი ზონა სათამაშო ბიზნესისთვის: კალინინგრადის მხარეში, ალტაის მხარეში, ვლადივოსტოკში და კრასნოდარში. რუსეთის შსს-ს მონაცემებით, კაზინოების  სპეციალურ ზონებში გადატანის შემდეგ ამ ბიზნესმა არალეგალური სახე მიიღო. რუსეთის შს სამინისტროს 2013 წლის თებერვლის სტატისტიკით, მხოლოდ მოსკოვში მოხდა 36 არალეგალური კლუბის ლიკვიდაცია, სადაც აზარტული თამაშების განხორციელება ხდებოდა.  2012 წელს კი, მხოლოდ მოსკოვში არალეგალურად ამ ბიზნესის მოწყობაზე აღიძრა  სისხლის სამართლის 73 საქმე.

 

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ თუ საქართველოშიც ეს ბიზნესი სპეცილურ ზონებში გავიდა, სათამაშო ბიზნესის არალეგალურობის მაჩენებელი მოიმატებს:

 

„აკრძალვებით და რეგულაციების შემოღებით იგივეს მივიღებთ, რაც დღეს რუსეთში და ყაზახეთში ხდება. ყაზახეთში ეს ბიზნესი ისიკ ყულის ტბასთან გადაიტანეს. რუსეთში კი- სპეციალურ ზონებში. მორალის სახელით ბიზნესის აკრძალვა სასაცილოა, ვისაც უნდა, მაინც ითამაშებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი