ეკონომიკა

ლაურა ღაჭავას ‘ქართუ ბანკის’ ვალის გადახდა ისევ მოუწევს

13 დეკემბერი, 2012 • • 2651
ლაურა ღაჭავას ‘ქართუ ბანკის’ ვალის გადახდა ისევ მოუწევს

5 დეკემბერს,  მომრიგებელმა საბჭომ კრედიტორებისა და მოვალის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის მიზნით, სს „პირიმზის“ და შპს „სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

 

კომპანიების მფლობელი ლაურა ღაჭავა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მან ყველა კრედიტორთან მოახერხა შეთანხმება:

 

ლაურა ღაჭავა
ლაურა ღაჭავა

„ყველასთან მოხდა შეთანხმება. მომრიგებელ საბჭოსთან საუბარს ხვალ ვამთავრებ. გადაწყვეტილება მიღებულია. სასამართლოს წინაშე ვაღიარე სესხი. მაგრამ უნდა გადაწყდეს, როგორ უნდა მოხდეს გადახდა. „ქართუ ბანკი“ ითხოვს პროცენტსაც და საურავსაც. ჩვენი თხოვნაა, რომ საურავი მოგვიხსენით და პროცენტის გადახდაზე თანახმა ვართ. ამ სტადიაზე ვართ მისული.“

 

ლაურა ღაჭავას ინფორმაციით, მას  მომრიგებელი საბჭო აცნობებს „ქართუ ბანკის“  მმართველის  გადაწყვეტილებას:

 

„ჩვენ, კომპანიის მეპატრონეები განვაახლებთ ბანკთან ხელშეკრულებას. სასამართლო შეჩერდა, ჩვენ გველოდება და შემდეგ მიიღებს დადგენილებას. რასაც იტყვის მომრიგებლური საბჭო, იმას დააფიქსირებს სასამართლო. თუ ვალს არ გადავიხდი, ქონებას დავკარგავ“.

 

მომრიგებელი საბჭო „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის შესაბამისად, უფლებამოსილია (კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შეიქმნა) მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიის გაკოტრების, რეაბილიტაციის და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

მომრიგებელი საჭო სამი წევრისაგან შედგება. ორ წევრს მოდავე მხარეები ირჩევენ ერთი კი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ირჩევა.  

 

„ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების განყოფილების უფროსი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება მხარეების ავტომატურად შეთანხმებას ვერ უზრუნველყოფს:  

 

„აქ რაიმე სახის მორიგებაზე საუბარი არ არის. თავის დროზე იქნა ლაურა ღაჭავას კომპანიების მიერ წარდგენილი განცხადებები გაკოტრების საქმის აღძვრის შესახებ, რაც ერთგვარად წარმოადგენდა „ბანკი ქართუს“ მიმართ არსებული ზიანის მიმყენებელი ხაზის გაგრძელებას. ამ ეტაპისთვის მომრიგებელმა საბჭომ, რომელიც სავალდებულო წესით არის შექმნილი გადახდის უუნაროობის შესახებ საქმის წარმოების კანონის მიხედვით, მიიღო გადაწყვეტილბა კონკრეტულად ამ  კომპანიების მიმართ გადახდის უუნაროობის საქმის შეწყვეტის შესახებ. რაიმე კონკრეტული სახის მორიგება კონკრეტული პირობებით ჩვენს შორის არ შემდგარა.“  

 

დავით მათიკაშვილის განმარტებით, ლაურა ღაჭავა აუცილებლად იქნება ვალდებული „ბანკ ქართუს“ გადაუხადოს ვალი: „უფრო სწორად იმ კომპანიებმა უნდა დააბრუნონ ფული, რომელსაც ჰქონდათ ბანკის ვალი. მათ მიერ აღებული ვალი  აღიარებულია.“

 

მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებაში არის ჩანაწერი, სადა, კომპანია „პირიმზე“ და „სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა“ „ქართუ ბანკის“ ვალს აღარებს.

 

არსებული ჩანაწერის თანახმად, „პირიმზეს“ ორი კრედიტორი ჰყავს: შემოსავლების სამსახურის წინაშე არსებული ვალი 86 356 184 ლარია, ხოლო „ქართუ ბანკის“ წინაშე – 14 744 595,87 ლარი.

 

„სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას“ სამი კრედიტორი ჰყავს: შემოსავლების სამსახურის წინაშე არსებული დავალიანება 24 269 502,19 ლარია, „თიბისი“ ბანკის წინაშე- 2 484 488,20 ლარი, ხოლო „ქართუს“ წინაშე- 397 302,85 ლარი.     

 

დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ქართუ ბანკი“ დარღვეული უფლებების აღდგენას სასამართლოს გზით ცდილობს:

 

„ბანკს აქვს შეტანილი შესაბამისი განცხადება სამართალდამცავ ორგანოში. ვითხოვთ დადგინდეს, თუ რა დანაშაულებრივი ქმედებები იქნა ჩადენილი ბანკისთვის ზიანის მიყენების კუთხით. ამ კომპანიებთან რა გზით მოხდება ამ კონკრეტული უფლების აღდგენა, ეს არის მომავლის საქმე. მიმდინარეობს დავა სასამართლოში.“

 

„ქართუ ბანკის“ წინაშე არსებული დავალიანების გადახდისაგან თავის დაღწევას ლაურა ღაჭავა 2012 წლის აგვისტოში კომპანიების გაკოტრებით ცდილობდა.  

 

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით ლაურა ღაჭავამ და ციცინო გობეჯიშვილმა  2012 წლის 27 ივლისს  მიმართეს.   

 

2012 წლის 7 აგვისტოს განჩინებით, სასამართლომ საქმეები წარმოებაში არ მიიღო, რადგან  კომპანიებს არ გააჩნდათ ქონება და ვერ დაფარავდნენ საპროცესო ხარჯებს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ „ლაურა ღაჭავას სამკერვალო ფაბრიკა“ და სს „პირიმზე“ გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით. ეს მაშინ მოხდება, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ სასამართლოში განცხადება არ შეიტანა.

 

„პირიმზეს“ და „სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას“ გაკოტრების შემთხვევაში ლაურა ღაჭავას „ქართუ ბანკის“ მიმართ არსებული ვალდებულებები ავტომატურად ჩამოეწერებოდა.

 

დავით მათიკაშვილის განცხადებით, მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ იმის საფრთხე, რომ „ქართუ ბანკი“ ვალს ვერ დაიბრუნებს, აღარ არსებობს. კომპანიების გადახდისუუნაროობის საქმე შეწყვეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი