ეკონომიკა

ოთხწლიანი სტრატეგია სოფლების განვითარებისთვის – ძირითადი მიმართულებები

20 მარტი, 2017 • 2793
ოთხწლიანი სტრატეგია სოფლების განვითარებისთვის – ძირითადი მიმართულებები

2017–20 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ ევროკავშირთან და გაეროსთან თანამშრომლობით მოამზადა, სამი პრიორიტეტული მიმართულებაა:

ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა

მთავრობა ამ მხრივ ნომერ პირველ ამოცანად ფერმერული საქმიანობის ეკონომიკურ გაჯანსაღებას ასახელებს. შემდეგი ამოცანაა სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერებით და მდგრადი არასასოფლო- სამეურნეო მიმართულებების განვითარების საშუალებით. ამ მხრივ მესამე ამოცანად სოფლად ტურიზმისა და შესაბამისი ტურისტული პროდუქტების განვითარება არის დასახელებული, რასაც სოფლის სპეციფიკისა და უნიკალური კულტურული იდენტობის საფუძველზე აპირებენ.

სოციალური პირობები და ცხოვრების დონე

დოკუმენტის მიხედვით, პირველი ამოცანაა ცნობიერების ამაღლება ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულებით. ასევე, თანამშრომლობის წახალისება უნარ-ჩვევების განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობით (განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქალებისათვის). მეორე ამოცანად ინფრასტრუქტურა და სერვისებია დასახელებული. სოფლის ძირითადი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, კულტურულ მემკვიდრეობების ძეგლებამდე მიმავალი გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის) გაუმჯობესება და ხარისხიანი სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩათვლით. მთავრობის სტრატეგის მიხედვით, ამ მხრივ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა. ამავე გეგმით, აუცილებელია სოფლის მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების) ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათი გადაწყვეტის გზების განსაზღვრაში.

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა

გარემოსდაცვით ნაწილში ხელისუფლების მთავარი ამოცანაა წყლის, ტყისა და სხვა რესურსები. მიზნობრივ სოფლის ტერიტორიებზე წყლის, ტყისა და სხვა რესურსების მართვის გაუმჯობესება. მეორე ამოცანაა ნარჩენების მართვა; სოფლად ნარჩენების მართვის მდგრადი სისტემების განვითარების ხელშეწყობა. ამ მხრივ მესამე ამოცანად კლიმატის ცვლილებაა დასახელებული – კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური გავლენის შერბილების ღონისძიებების განხორციელება.

რა რისკებს ხედავს მთავრობა

სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულია როგორც სახელმწიფო ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. გარდა ამისა, სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჩართულობის მექანიზმის ეფექტური ფუნქციონირება, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას როგორც ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებისა და საჭიროებების განსაზღვრაში, ასევე, მათ მოგვარებაში.

დოკუმენტის მიხედვით, ეს არის სოფლის განვითარების ევროპული LEADER მიდგომა, რაც სამინისტროს დაბეჭდილი ბუკლეტების პირველივე გვერდზეა აღნიშნული და გულისხმობს იმას, რომ სოფლის განვითარების საკითხები უფრო ეფექტურად სწორედ ადგილობრივი აქტორების ჩართულობით და მათი უშუალო გადაწყვეტილებების მიღებით უნდა მოგვარდეს. თუმცა, როგორც მთავრობა აღნიშნავს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომპეტენციების მკაფიო გამიჯვნა და მათ შორის აქტიური, კოორდინირებული თანამშრომლობა. მთავრობა ასევე აცხადებს, რომ რეგიონში არსებულმა გეოპოლიტიკურმა არასტაბილურობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სტრატეგიის განხორციელებაზე და დასახული მიზნების მიღწევაზე.

ეკონომიკური ზრდის დაბალი დონე, ეკონომიკური არასტაბილურობა, სოფლად სუსტი სამეწარმეო უნარ-ჩვევები, ფინანსურ რესურსებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ინფრასტრუქტურის სუსტად განვითარების პირობებში, სოფლის განვითარების ახალი დოკუმენტის მიხედვით, პოტენციურ რისკებს წარმოადგენს სოფლის განვითარებისთვის.

ევროკავშირის 6 ძირითადი პრიორიტეტი

ევროკავშირის სოფლის განვითარების პოლიტიკას 2020 წლამდე 6 ძირითადი პრიორიტეტი აქვს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური, სოციალური და გარემოს კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევისკენ. ესენია:

  1. სოფლად სოფლისა და სატყეო მეურნეობაში ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ხელშეწყობა;
  2. ყველა რეგიონში ყველა ტიპის სოფლის მეურნეობის სიცოცხლისუნარიანობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და ტყის რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობა;
  3. სურსათის წარმოებაში ღირებულებათა ჯაჭვის ორგანიზების ხელშეწყობა, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება და მარკეტინგი, საქონლის სათანადო პირობებით უზრუნველყოფა და სოფლის მეურნეობაში რისკების მართვა;
  4. სოფლის მეურნეობასა და ტყის რესურსებთან დაკავშირებული ეკოსისტემების აღდგენა, დაცვა და გაუმჯობესება;
  5. რესურსების ეფექტური გამოყენების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობაში, სურსათის წარმოებასა და მეტყევეობაში ეკოლოგიურად სუფთა და კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადი ეკონომიკის მხარდაჭერა;
  6. სოფლად სოციალური ჩართულობის, სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

ევროკავშირის მიდგომის მთავარი მახასიათებელი და გაცხადებული მიზანია, საზოგადოების ძალისხმევით გამოვლინდეს ადგილობრივი პრიორიტეტები, განისაზღვროს სტრატეგიები, საითკენაც შემდგომში მიმართული იქნება ინვესტიციები. დოკუმენტის მიხედვით, მნიშვნელოვანია ამგვარი მიდგომის საქართველოში გამოყენების მექანიზმების შემუშავება და იმის განსაზღვრა, თუ როგორ იმოქმედებს ეს მექანიზმი ამჟამინდელ რეგიონული და მუნიციპალური დონის დაგეგმარებაზე. ადგილობრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ მექანიზმად შესაძლებელია განხილულ იქნეს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG) ფუნქციონირება.

დაფინანსება

სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განხორციელდება, ასევე, ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების ასიგნებების ფარგლებში, რომელიც საფუძვლად უდევს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებას. სახელმწიფო ბიუჯეტი არის სოფლის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელების დაფინანსების ძირითადი წყარო, თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, მისი ეფექტური განხორციელებისთვის უზრუნველყოფილ იქნება საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების ჩართულობაც. მთავრობისთვის ამ მხრივ პრიორიტეტულია ევროკავშირთან თანამშრომლობა.

დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს სოფლის განვითარების სხვადასხვა პროექტებისთვის, ჯამში, 373,945,000 ლარი დაიხარჯება; მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 269,955,000 ლარია გამოყოფილი, ხოლო სახელმწიფოსა ბიუჯეტიდან, ევროკავშირიდან, დონორი საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციებიდან – 83,990,965 ლარი. ასევე, დოკუმენტით ირკვევა, რომ სოფლის განვითარების გეგმის ფარგლებში “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 20,000,000 ლარის კერძო ინვესტიცია განახორციელებს და რეგიონებში დამატებით 35 ათასამდე აბონენტს მიეწოდება გაზმომარაგება.

ამჟამინდელი მდგომარეობა რეგიონებში

2015 წლის იანვრის მდგომარეობით, სოფლის მოსახლეობა საქართველოში მცირდება. ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, საქართველოს მოსახლეობა 3.71 მილიონ ადამიანს შეადგენს, ხოლო მოსახლეობის 42.8% (2015 წლის იანვარი) ცხოვრობს სოფლად. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა 24%-ით შემცირდა 2002 წელთან შედარებით, ხოლო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კლების დონე კიდევ უფრო მაღალი იყო (37.4% -რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, 29% -სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში).

გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ნაწილი საზღვარგარეთ ემიგრაციაში მიდის, მაღალია შიდა მიგრაციის დონეც. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ურბანულ ცენტრებში, ძირითადად ქალაქებში მიემართება. მიგრანტების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის შემოდინება დედაქალაქში ხდება. სოფლის ტერიტორიებიდან მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზია სამუშაო ადგილების ნაკლებობა ან არარსებობა. სტატისტიკის მიხედვით, მიგრაციის მაჩვენებელი კაცებში გაცილებით მაღალია, ვიდრე ქალებში. ასევე, ხარისხობრივი კვლევები აჩვენებს, რომ სოფლად შინამეურნეობების დიდი ნაწილი დამოკიდებულია ქალების შრომაზე.

დღეისათვის საქართველოში 76 მუნიციპალიტეტია, მათ შორის, 64 თვითმმართველი თემი და 12 თვითმმართველი ქალაქი. ქვეყანა დაყოფილია 9 ტერიტორიულ რეგიონად. საქართველოს შემადგენლობაში შედის 2 ავტონომიური რესპუბლიკა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილია დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეული. საქართველოს ფართობი 69 700 კვ. კმ-ს შეადგენს, ხოლო მოსახლეობა 3.7 მილიონი ადამიანია. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა დინამიკურად ვითარდებოდა. 2015 წელს მშპ 31,755.6 მლნ ლარს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე – 8,550.9 ლარს შეადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი