ეკონომიკასამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი ბიზნესმენები სომხეთის ბაზარს ტოვებენ

25 დეკემბერი, 2016 • 2494
რუსი ბიზნესმენები სომხეთის ბაზარს ტოვებენ

სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს უკანასკნელი მონაცემით, 2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით სომხეთის ეკონომიკაში პირდაპირმა ინვესტიციებმა თითქმის, 44 მილიარდი დრამი [82,963,500 USD]
შეადგინა. წინა წლის იმავე პერიოდში კი ინვესტიციების ოდენობა 80 მილიარდი [165,927,000 USD] იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ციფრები აჩვენებს, რომ მიმდინარე, 2016 წელს ქვეყნიდან 35,7 მილიარდი დრამის ოდენობით კაპიტალის გადინება მოხდა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ქვეყნიდან კაპიტალი გაიტანა, ლიდერია რუსეთის ფედერაცია, რომელიც სომხეთში ყველაზე მსხვილი ინვესტორია. რუსეთის გარდა, სომხეთში ინვესტიციებს ახორციელებდნენ ბიზნესმენები ლიბანიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან.

ეკონომიკის სფეროს ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ სომხეთის ეკონომიკას რთული პერიოდი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას საპირისპიროში არწმუნებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად ბევრი რამ კეთდება.

სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 2016 წელს უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზს ჯერ კიდევ აანალიზებენ, თუმცა “წინასწარი შეფასება აჩვენებს, რომ ინვესტიციების შემცირება თავად ბიზნესს უკავშირდება – კომპანიების საქმიანობას და უცხოური ინვესტიციების მოსაკრებლების მეთოდოლოგიის თავისებურებებს”.

2016 წელს სომხეთში მუშობა შეწყვიტა მობილური კავშირის ფრანგულმა ოპერატორმა “Orange Armenia”. თუმცა ამ კომპანიამ სხვა ათეულობით ქვეყანაც დატოვა, ვინაიდან პოლიტიკა შეცვალა.

რაც შეეხება ჩვენ მიერ სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციას უშუალოდ რუსეთიდან შემცირებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, განგვიმარტეს, რომ 2016 წლის პირველ ცხრა თვეში ინვესტიციების უმნიშვნელო შემცირება მოხდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის სფეროებში, სადაც ძირითადად კონცენტრირებული არიან მსხვილი კომპანიები რუსული კაპიტალით. კერძოდ, “სომხეთის ელექტროქსელები”, “არმგაზპრომი”, “რაზდანის ТЭС”.

სტატისტიკის უწყებაში არ ასაჯაროებენ კონკრეტულ კომპანიებს, რამდენადაც, სომხეთის “სახელმწიფო სტატისტიკის” შესახებ კანონის შესაბამისად, ეს მონაცემები საიდუმლო ინფორმაციად მიიჩნევა. სამინისტროდან ჩვენთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში სწორედ ეს მიუთითეს.

სომხეთში ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი თავად დადგა ეკონომიკური პრობლემების წინაშე, რაც საერთაშორისო სანქციებმა გამოიწვია. შესაბამისად, რუსეთი რიგ შემთხვევებში მსხვილი პროექტების განხორციელებისგან თავს იკავებს. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რა თქმა უნდა, სომხეთსაც შეეხო.

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს ევროპის საბჭომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო რუსეთის მიმართ სანქციების გაგრძელებაზე გადაწყვეტილება მიიღო. სანქციები რუსეთის 146 მოქალაქესა და 37 იურიდიულ პირს 2017 წლის მარტამდე შეეხო.

ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთი სომხეთში აგრძელებს სხვა მიმართულებებით მუშაობას.

“რუსული კაპიტალი გადის, მაგრამ შემოდის იმ სომხების კაპიტალი, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ. საკითხი, უბრალოდ, სახელებისა და კომპანიების ცვლილებას შეეხება. რუსეთი არ ტოვებს სომხეთის ბაზარს”, – ამბობს ანალიტიკოსი აგასი ენოკიანი, რომელიც ფიქრობს, რომ თავის დროზე რუსეთმა სომხეთიდან უკვე ამოიღო ბევრი ფული, სომხეთის ეკონომიკა “გაწურა”, ნარჩენი კი რუსეთში მოღვაწე სომხებს დაუტოვა.

“რუსეთი საკუთარი პასუხისმგებლობის წილს ამცირებს და, ამავე დროს, არ კარგავს სომხეთის ბაზარზე თავის გავლენას”, – ამბობს ანალიტიკოსი და მაგალითისთვის სომხეთში ელექტროენერგიის აქტივების ყიდვა-გაყიდვის ისტორიას იხსენებს.

2015 წლის 30 სექტემბერს კომპანიამ ინტერ რაო განაცხადა, რომ კომპანიამ ტაშირის ჯგუფი და კომპანია ინტერ რაომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სომხეთში ელექტროენერგიის აქტივების ყიდვა-გაყიდვის შესახებ. შესაბამისად, კომპანია ЭСА-ს ხელმძღვანელობა გადაცემული იყო რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენისთვის, სამველ კარაპეტიასნისთვის, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს როგორც რუსეთის, ასევე, სომხეთის ხელისუფლებასთან.

ეკონომისტ აშოტ ხურშუფიანის თქმით, შექმნილ სიტუაციაში სომხეთის ეკონომიკა რისკის ზონაშია და 2017 წელს უფსკრულში გადაეშვება, ინვესტიციების რაოდენობა თუ არ გაიზრდება.

“ნებისმიერ შემთხვევაში, სომხური ბაზარი საერთაშორისო ეკონომიკურ რყევებზეა დამოკიდებული. თუმცა ნებისმიერი რეცესია არის ათვლის წერტილი, საიდანც 2017 წელს ეკონომიკური ზრდააა მოსალოდნელი”.

ის ფაქტი, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ არის კარგ მდგომარეობაში, ხელისუფლებაც აღიარებს. ახალმა პრემიერ-მინისტრმა, კარენ კარაპეტიანმა ახალი ხელისუფლების ეკონომიკური პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ ეკონომიკური სიტუაცია სომხეთში უკიდურესად მძიმეა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება და ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ბიზნესგარემოს გასაუმჯობესელბად და ინვესტიციების მოსაზიდად უკვე დგამს ნაბიჯებს.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეფორმებზე და საკანონმდებლო საკითხზებზე მუშაობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებას არჩევნებამდე დიდი დრო აღარ რჩება – ეფექტური ნაბიჯები უკვე დარჩენილ ოთხ თვეში უნდა გადადგას. საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2017 წლის აპრილში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი