ეკონომიკა

ტრანზაქციების ტოტალური კონტროლი ბანკომატებით

26 სექტემბერი, 2012 • • 1413
ტრანზაქციების ტოტალური კონტროლი ბანკომატებით

ამის შესახებ საქართველოში მოქმედ 18 კომერციულ ბანკს ეროვნულმა ბანკმა 2012 წლის 29 აგვისტოს გაგზავნილი წერილით აცნობა. ახალი რეგულაცია როგორც ბანკის კუთვნილ, ისე სხვა ფინანსური ინსტიტუტების პლასტიკურ ბარათებზე ვრცელდება.

 

ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციას საბანკო სექტორში მხოლოდ ბანკი “ქართუ” არ დაეთანხმა. ბანკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, „ქართუს“ ბანკომატებში სხვა ბანკების  პლასტიკური ბარათების განაღდება აღარ მოხდება.

 

“ქართუ” იძულებული გახდა, 15 სექტემბრიდან გაეთიშა მის ბანკომატებში როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობა. ეს შეზღუდვა “ქართუს” მიერ გამოშვებულ პლასტიკურ ბარათებზე არ ვრცელდება.  

ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი საპროცესინგო ცენტრის საბარათო ბიზნესის მუშაობა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის, ACI Worldwide Ltd-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზეა დაფუძნებული, რომელიც არ ითვალისწინებს ბანკომატებსა და ტერმინალებში გამოყენებისას უცხოური ბარათების კლიენტის სახელისა და გვარის რეგისტრაციას. მომხმარებელს, უსაფრთხოების მიზნით, ყველა ოპერაციაზე ერთჯერადი, დინამიკური პაროლი ეგზავნება და პროცესინგისთვის მეორეხარისხოვანი ინფორმაციის წაკითხვა გათვალისწინებული არ არის.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, “საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ, რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) რეკომენდაციები. ისინი მსოფლიოში ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად არის მიმართული. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ნებისმიერი ტრანზაქცია საკრედიტო ან სადებეტო ბარათების მეშვეობით იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ უზრუნველყოფილ იქნას ბარათის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემების ასახვა და შენახვა.“

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონსულტაციები გამართა “ვიზასა“ და “მასტერკარდთან“ და მიიღო მათგან დასტური, რომ ეს მითითება არ ეწინააღმდეგებოდა მონაცემთა დაცვის სტანდარტებს.

 

„ეროვნულ ბანკს არ მოუთხოვია არც ერთი კომერციული ბანკისთვის თავის ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობის გათიშვა. მითითების შეუსრულებლობა არც რამე სანქციის ავტომატურ რეჟიმში დაწესებას გულისხმობდა,” – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

 

საქართველოს ბაზარზე მოქმედ 17 ბანკში სხვა ბანკის პლასტიკური ბარათით ტრანზაქციის განხორციელება შესაძლებელია.   

 

„ჯორჯიან ბიზნეს & პოლითიქალ ინსაით”–ის ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს: „ვინც ფულს იღებს ბანკომატიდან,  ყველაზე ინახება ინფორმაცია. ამ ჩანაწერით, თუ დასჭირა პროკურატურას, ყველა ტრანზაქციას გააკონტროლებს.“

 

ლექვინაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს: „ეს არის წმინდა პოლიტიკური, წინასაარჩევნო თემა –  კონტროლის დაწესება  ყველა ფინანსურ ტრანზაქციაზე. ფულის გათეთრების სამსახურს სხვა ქვეყნებში შეიძლება ასეთი მოთხოვნა ჰქონდეს ბანკების მიმართ, რომ თავი დაიზღვიონ, ისიც თანხის გარკვეული მოცულობის ზევით. ჩვენთან კი  ბანკომატი ინახავს ყველას გვარს და სახელს, ვინც 10 ლარს, 100 ლარს ან თუნდაც 1000 ლარს გაანაღდებს. არ მგონია, ეს ფულის გათეთრებასთან იყოს დაკავშირებული.“

 

ლექვინაძის თქმით, დიდი მოცულობის თანხების განაღდებაზე ისედაც აქვთ შეზღუდვები ბანკომატებს: „საქართველოში არიან ბანკები, რომელთა ბანკომატების მეშვეობით 1500–2000 ლარზე მეტი თანხის განაღდება არ არის შესაძლებელი. ეს შეზღუდვები მაგ ჩანაწერების გაკეთების აუცილებლობას არ იძლევა. “

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პლასტიკური ბარათებით ტრანზაქციები, აგვისტოს მონაცემების მიხედვით,  35,863 მილიონი ლარით შემცირდა. მიმდინარე წლის აგვისტოში ქართული კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული პლასტიკური ბარათებით 732,126 მლნ ლარის ოპერაციები შესრულდა, რაც ივლისთან შედარებით 35,863 მლნ ლარით არის შემცირებული. ივლისში პლასტიკური ბარათების მფლობელებმა 767,989 მლნ ლარის ოპერაციები შეასრულეს. აგვისტოში შესრულებული ოპერაციებიდან 697,777 მლნ ლარის ტრანზაქციები საქართველოს ტერიტორიაზეა შესრულებული, ხოლო 34,348 მლნ ლარის – საზღვარგარეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი