ეკონომიკაკომენტარი

გიორგი ქადაგიძის 3 მოსაზრება მოგების გადასახადის რეფორმაზე

2 დეკემბერი, 2016 • 9464
გიორგი ქადაგიძის 3 მოსაზრება მოგების გადასახადის რეფორმაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2017 წელს დაგეგმილ მოგების გადასახადის რეფორმას სოციალური ქსელში ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის საჭიროა ბიუჯეტის დეფიციტის განულება.

პატივცემულო მეგობრებო, რადგან მაინც მიწევს პირად მიმოწერაში ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა, გადავწყვიტე საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი მოკრძალებული პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გატარდეს იმისთვის, რომ დავზოგოთ/მოვიძიოთ 1 – 1,5 მილიარდი ლარი ბიუჯეტის დეფიციტის გასანულებლად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის.

  1. გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ მოგების გადასახადის გაუქმება არ უნდა შეეხოს ფინანსურ (საბანკო, დაზღვევის, მისო-ბი) და ფარმაცევტულ სექტორებს, რადგან ეს ინდუსტრიები ისედაც არ იხდიან არანაირ გადასახადს გარდა მოგებისა და მათი საგადასახადო ტვირთი ისედაც მინიმალურია.
  2. ქადაგიძის განცხადებით, მოგების გადასახადის გაუქმება ასევე არ უნდა შეეხოს ბუნებრივ მონოპოლიებს (თელასი, თბილისის წყალი, ენერგო პრო და ა.შ.), ვინაიდან ასეთი კომპანიები არ იმყოფებიან კონკურენტულ გარემოში მოგების მიღების პროცესში.
  3. როგორც გიორგი ქადაგიძე წერს, გაუგებარია ასეთი ინდუსტრიების მოგების გადასახადისგან არიდება საწვავზე და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად: “გამოდის, რომ მთელი მოსახლეობა გადაიხდის ბიუჯეტში იმ დანაკლისს, რომელსაც ეს კომპანიები აღარ გადაიხდიან.”

ქადაგიძის მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა არ არის არც მემარჯვენეობა და არც მემარცხენეობა. მისი განცხადებით, ეს უბრალოდ გაუგებრობაა. მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში მყისიერი საბიუჯეტო ეფექტი 150-200 მილიონი ლარი იქნება.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2017 წლიდან დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება, რაც 519 მილიონი ლარით ამცირებს 2017 წელს ამ გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების პროგნოზს.

“ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და კერძო ინვესტიციების წახალისებისათვის საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა მოგების გადასახადის რეფორმის სახით, რაც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას, მათი მიღებული მოგება გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. USAID-ის მიერ განხორციელებული კვლევების შესაბამისად, აღნიშნული რეფორმა ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს დაახლოებით 1,5%-ით”, – ნათქვამია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში.

მთავრობის გაანგარიშებით, რეფორმის განხორციელების გარეშე მოგების გადასახადის სახით შესაძლებელი იქნებოდა 1 მლრდ 200 მლნ ლარზე მეტის მობილიზება, თუმცა რეფორმის გამო მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 681 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 1.8 პროცენტია. ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი