ეკონომიკა

ვის (არ) ურჩევნია სესხის დოლარიდან ლარში გადაყვანა

1 დეკემბერი, 2016 • 3702
ვის (არ) ურჩევნია სესხის დოლარიდან ლარში გადაყვანა

საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ფორმით შეძლებენ 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში აღებული იპოთეკური სესხის მფლობელები თავიანთი ვალის დოლარიდან ლარში კონვერტაციას.

საუბარია საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის ახალ ინიციატივაზე, რომელიც მათი განცხადებით, 30 ათასზე მეტ ადამიანს შეეხება და რომლის უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარია გამოყოფილი. მათ, ვისაც დოლარში იპოთეკური სესხი 2015 წლის 1 იანვრამდე დროის პერიოდში აქვთ აღებული, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად სთავაზობს სესხის ლარში გადატანას კურსის 20-პუნქტიანი შეღავათით. ანუ თუ კონვერტაციის მომენტში ლარის კურსი დოლართან 2.5 იქნება, მომხმარებელი სესხს 2.3 კურსით გადაიტანს ლარში, დარჩენილ 0.2-ს კი ბანკს მთავრობა დაუფარავს.

აქ ჩნდება ასეთი შეკითხვა: რა პროცენტით გასცემს კომერციული ბანკი ზემოხსენებული აქციის ფარგლებში გალარებულ სესხს? ნეტგაზეთმა გუშინ უშედეგოდ სცადა, რამდენიმე ბანკთან გაერკვია, თუ რა იქნება ის პროცენტი, რომელსაც ისინი მომხარებლებს აქციის ფარგლებში შესთავაზებენ. ბანკები ამ საკითხზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. ამ დროისთვის  საქართველოში მოქმედი ორი წამყვანი ბანკიდან ერთის საპროცენტო განაკვეთი ლარში სესხებზე 12.5%-დან იწყება, ხოლო მეორის 8-11%-ია – საუბარია იმაზე, თუ რა პროცენტს სთავაზობენ ეს ბანკები ახალ კლიენტებს.

“კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლადპროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც დღეს, 1 დეკემბერს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.

ლარისგან განსხვავებით, დოლარში იპოთეკური სესხი მომხარებლების ნაწილს 10%-ზე ნაკლებ საპროცენტო განაკვეთში აქვს აღებული, მაგალითად, 9.0%-ში, რომელმაც შემდეგ დაიკლო და დღეს არაერთი მომხმარებელი დოლარში 7.5%-საც იხდის. შესაბამისად, აქ ჩნდება მეორე შეკითხვა: აწყობს თუ არა ბანკის კლიენტს აქციის ფარგლებში სესხის დოლარიდან ლარში გადატანა? ეკონომისტი აკაკი ცომაია ვარაუდობს, რომ მომხმარებელს რისკები შესაძლოა არათუ შეუმცირდეს, არამედ პირიქით გაეზარდოს:

დავუშვათ, [იპოთეკური] სესხი [აღებული] გაქვთ დოლარში 8%-იანი განაკვეთით და კურსი არის ასეთი: $1 = 2.5 ლარი. ასევე შეგიძლიათ სესხი გქონდეთ ლარში 11%-იანი განაკვეთით (ასეთია საბაზრო ფასები დღეს). შემოსავალი გაქვთ ლარში. ე.ი. დღეს, სესხის ყოველ $100-ზე თქვენ იხდით 8$-ს, ანუ 8*2.5=20ლარს. ხოლო ლარში შესაბამისი ეკვივალენტი შესაბამისი კურსით და მთავრობის სუბსიდიის გათვალისწინებით (ყოველ 230 ლარზე 11%) – გამოდის 25.3 ლარი. გიწევთ 5 ლარით მეტის გადახდა. ანუ მთავრობა უფრო მეტი %-ის გადახდას გთავაზობთ”, – ამბობს ცომაია.

მისი თქმით, ზემოხსენებული აქციის ფარგლებში სესხის ლარში გადატანით მოგებული ის დარჩება, ვისაც დოლარში სესხის გადასახადი ძალიან ცოტა აქვს დარჩენილი:

“ვისაც ცოტა აქვს დარჩენილი, ის უფრო მოგებული დარჩება, იმან, პრინციპში, შეიძლება, რომ ისარგებლოს, მაგრამ მას ისედაც ცოტა აქვს დარჩენილი, ბევრს არაფერს აგებს იმით, რომ ლარი უფასურდება. მძიმე დღეში სწორედ ის ადამიანები არიან, ვისაც ბევრი წელი აქვს სესხის სრულად დაფარვამდე.

შეღავათი გაქვთ ძირის დაფარვაში, რადგან დოლარში გიწევთ 250 ლარის, ხოლო თუ ლარში სესხს გადაიტანთ, 230 ლარის გადახდა (მთავრობა ასუბსიდირებს).

ე.ი. თუ კურსი არ იცვლება და კრედიტის დასაფარად 4.5 წელიწადზე მეტი დაგრჩათ, საერთო ჯამში, უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ, რადგან 20-ლარიანი შეღავათის კომპენსაციას დაახლოებით ეს დრო სჭირდება. ამ დროს მთავრობა ამტკიცებს, რომ გვეხმარება.

დავუშვათ, ელოდებით, რომ ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება და აქედან გამომდინარე ფიქრობთ, რომ სესხი გადაიტანოთ ლარში. რამდენი ლარი უნდა გახდეს 1 აშშ დოლარი, რომ მოგიწიოთ 253 ლარის გადახდა ყოველ $100-ზე? მინიმუმ $3 (8*3=24). ახლა წარმოიდგინეთ, რომ სესხი გადაიტანეთ ლარში – თუ ლარი 2.5-ზე მეტი იქნება, დგახართ იმ რისკის წინაშე, რომ ბანკი გაგიძვირებთ %-ს (რადგან ახლა დოლარი უნდა იყიდოს ბანკმა, რომ გაისტუმროს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სესხი) – თუ ლარი 2.3-ზე მეტად გამყარდება, ზარალობთ, რადგან $1-ად მოგდით ნაკლები ლარი და გირჩევნიათ, რომ სესხი გქონდეთ დოლარში – რეფინანსირების განაკვეთი შეიძლება გაიზარდოს. არასტაბილურია, ინფლაციის მოლოდინზეა დამოკიდებული. ნავთობპროდუქტებზე აქციზი 100%-ით იზრდება, სადღაც 20 თეთრით გაიზრდება ფასები ნავთობპროდუქტებზე. არავინ იცის, რა მოუვა ფასების დონეს. ამიტომ რისკი იზრდება, რომ პროცენტი გაიზრდება.

$1 თუ 3 ლარს გადააჭარბებს, როგორ ფიქრობთ, ბანკი რა პროცენტს შემოგთავაზებთ ლარში? ლარში სესხის 1%-ით გაძვირებას აქვს იგივე ეფექტი, რაც ლარის 20 პუნქტით გაუფასურებას (ყოველ 230 ლარზე 1%-ით გაძვირება უდრის 27.6 ლარს, ანუ 2.3 ლარით მეტს (11%-ზე, 25.3 ლარი). დოლარში 20 ლარის მაგივრად (20+2.3) – ის გადახდა, რომ მოგიწიოთ ყოველ 100$-ზე, კურსი უნდა იყოს (22.3/8=2.78, რაც მინიმუმ 20-ით მეტია 2.50-ზე”, – ასეთია აკაკი ცომაიას ანალიზი.

შესაძლოა თუ არა ის, რომ კომერციულმა ბანკებმა გალარებულ სესხზე მომხმარებელს შესთავაზონ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მთავრობის მიერ 20 თეთრის სუბსიდირება არ იყოს საკმარისი ყოველთვიური გადახდების შესამცირებლად? – ამ კითხვაზე ეროვნული ბანკის პასუხი ასეთია:

“ლარის სესხი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას. ლარის და აშშ დოლარის სესხების პროცენტებს შორის სხვაობა არის ის ხარჯი, რომელსაც მომხმარებელი იხდის სავალუტო რისკის დაზღვევისთვის. ისევე, როგორც მაგ. ჯამრთელობის დაზღვევის შემთხვევაში მზად ვართ ნორმალურ პირობებში გავწიოთ ხარჯი, რათა მოულოდნელად, თუნდაც დროებითი ფაქტორის გამო, არ აღმოვჩნდეთ მაღალი გადასახდელების პირობებში. სავალუტო რისკისგან თავს იმიტომ არ ვიზღვევთ, რომ გაუფასურებას ან გამყარებას ველოდებით. შესაბამისად, დაზღვევა უზრუნველყოფს ჩვენ მიერ გაწეული დანახარჯების სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის საშუალებას”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

აკაკი ცომაია ფიქრობს, რომ მთავრობის მხრიდან ზემოხსენებული პროექტის განხორციელების ერთ-ერთი უმთავრესი მოტივაცია დედოლარიაზაციაა, თუმცა, მისი თქმით, პრობლემა არა თავისთავად ამ მოვლენაშია, არამედ ეკონომიკის არასაკმარის ზრდაში.


დეტალური ინფორმაცია მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ერთჯერადი აქციის შესახებ, რომელიც 2017 წლის იანვრიდან უნდა დაიწყოს და ორი თვე გაგრძელდეს, შეგიძლიათ მიიღოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი