ეკონომიკა

ლიკანის გამაჯანსაღებელი ცენტრი სახელმწიფო ფონდის ინვესტიციით [Video]

11 სექტემბერი, 2012 • 4017
ლიკანის გამაჯანსაღებელი ცენტრი სახელმწიფო ფონდის ინვესტიციით [Video]

ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარე სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კურორტ ლიკანში მდებარე სანატორიუმი საქართველოს მთავრობამ 2006 წელს მიყიდა ყაზახურ კომპანიას – “ყაზმუნაიგაზ სერვისს”  – 10 მილიონ დოლარად, თუმცა მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ ყაზახური კომპანია ვალდებულების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ვერ შეძლოა არსებული სასტუმროს რეაბილიტაცია.

ყაზახურმა მხარემ მაშინ განაცხადა, რომ მშენებლობის შეჩერება იმით იყო გამოწვეული, რომ შენობის კონსტრუქციას სერიოზული ნაკლი ჰქონდა, რის გამოც ახალი კომპლექსის მშენებლობა გადაწყდა, რამაც, მათი განმარტებით, დამატებითი დრო და ხარჯები მოითხოვა კომპანიისგან.

დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოს სახელმწიფომ უკან დაიბრუნა “ლიკანი სანატორიუმის” 50%-ანი წილი, რის შემდეგაც ლიკანში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ბორჯომში, ნახევრად ჩამონგრეული საბაზო სანატორიუმიდან „ლიკანი“, სადაც 20 წელია აფხაზეთიდან დევნილი 120 ოჯახი გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობს, კარგად ჩანს „ბორჯომ ლიკანის“ სანატორიუმის ადგილზე მშენებარე ნაგებობა, სადაც მალე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა გაიხსნას. სხვა ადგილიდან მშნებლობის ნახვა შეუძლებელია. კომპლექსის შემოღობილ ეზოში უცხო პირთა შესვლა იკრძალება.

პერსონალი, რომელიც მშენებარე კომპლექსშია დასაქმებული, ამბობს, რომ მმართველებიდან ადგილზე არავინ იმყოფება, შესაბამისად, უცხო პირების შეყვანა კომპლექსში ეკრძალებათ.

შემოღობილ ეზოსთან აბრაა გამოკრული, სადაც წერია, რომ ლიკანში გამაჯანსაღებელ კომპლექსს – სპა ცენტრსა და სასტუმროს სააქციო საზოგადოება „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი“ აშენებს.

სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ 50%-ან წილს ყაზახური კომპანია – “კმგ-სერვის საქართველო” ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, “ყაზმუნაიგაზის” საკუთრებაშია. 50%-ი კი სს “საპარტნიორო ფონდს” ეკუთვნის, რომლის 100%-ანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფოა.

გასული წლის დეკემბერში „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ საწესდებო კაპიტალი ჩვეულებრივი აქციების ემისიის გზით გაორმაგდა და ჯამში, 20 591 301 აშშ დოლარი შეადგინა. ამ თანხის ნახევარი კომპანიის საწესდებო კაპიტალში ნაღდი ფულით შეიტანა “საპარტნიორო ფონდმა”, ნახევარი კი – ყაზახურმა კომპანიამ მის კაპიტალში გადაცემული ქონების საბალანსო ღირებულებით წარადგინა.

ემისიის გზით საწესდებო კაპიტალის ზრდის მიზანი გახლდათ ლიკანის  სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დასრულება.

ყაზახური კომპანიის “კმგ სერვისის” სათაო ოფისში – ასტანაში არ სურთ იმაზე საუბარი, თუ რა ტიპის ინვესტიციას ახორციელებენ საქართველოში ლიკანის კომპლექსის მშენებლობაზე. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ  “კმგ სერვის საქართველოს” ოფისისკენ გადაგვამისამართა. აღნიშნულ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ამ საკითხებზე საპარტნიორო ფონდს უნდა მივმართოთ.

„საპარტნიორო ფონდი”  „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ კაპიტალში 10 მილიონი დოლარით შევიდა,“ – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ნატალია მერაბიშვილი, “საპარტნიორო ფონდის” იურისტი.

მოგვიანებით კი,  “საპარტნიორო ფონდმა” “ლიკანი სანატორიუმის” პროექტთან დაკავშირებით დაიწყო მოლაპარაკებები სასტუმროების ქსელ RIXOS-ის წარმომადგენლობასთან.

“რიქსოსი” საქართველოში რამდენიმე წლის წინ შემოვიდა, თუმცა,  თბილისის ცენტრში, გუდიაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის პროცესი ამ დრომდე გრძელდება.  

2012 წლის აპრილში “საპარტნიორო ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, “Rixos”-თან გაფორმდა 20-წლიანი მართვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ყაზახური ინვესტორისა და ქართული “საპარტნიორო ფონდის” თანამონაწილეობით აშენებულ სასტუმრო კომპლექსს ლიკანში, ოპერირებას “რიქსოსი” გაუწევს.

შეკითხვაზე, თუ რატომ იხარჯება სახელმწიფო ფინანსები – 10 მილიონი დოლარის ოდენობით – კერძო კომპანიის მართვაში გადასაცემი ობიექტისთვის, “საპარტნიორო ფონდის” იურისტი ნატალია მერაბიშვილი, განმარტავს, რომ ფონდს არა მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსება, არამედ სხვა ტიპის შემოსავლებიც გააჩნია, თუმცა ფონდში ამ საკითხის გარშემო სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ფონდის 100%-ანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. მასში ინვესტირებულია “საქართველოს რკინიგზის”, “ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატო­რის”, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” აქციების 100%, ასევე, „თელასის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 24,529%. ფონდს საქართველოს ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური და ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ხელმძღვანელობენ.

“ბორჯომ-ლიკანის გამაჯანსაღებელი კომპლექსი” 38 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული. ძირითადი კორპუსი 2-7 სართულიანია. 311 ვიზიტორზე გათვლილ სასტუმროში 136 ნომერი იქნება. გარდა ამისა, კომპლექსში ორი აპარტამენტი, ექვსოთახიან საპრეზიდენტო ნომერი, რესტორანი, კაფე, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი, ოთხი კოტეჯი და ორანჟერეა უნდა მოეწყოს. სამკურნალო გამაჯანსაღებელი კომპლექსი ქართულმა კომპანია “დემარკმა” დააპროექტა.

ამჟამად ლიკანის სანატორიუმის დახურულ ეზოში სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. ეზოშივეა სასტუმროსთვის გათვალისწინებული ლიფტები, რომელიც ჯერ არ დამონტაჟებულა.

შვიდსართულიან “კარკასში” კი, სარემონტო და შენობის გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მანანა თვაური მშენებარე კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს. მისი ქმარი კომპლექსის მშენებლობაზეა დასაქმებული.

“ჩემი ქმარი ყაზახებზე რომ მუშაობს ეგ ვიცი. არ გამიგია, თუ სახელმწიფომაც ჩადო რამე ფული. ისე, კი, ჩამოდიან ხოლმე მთავრობის წევრები, ძირითადად, პრეზიდენტი, რომლის ჩამოსვლასაც ვერტმფრენის ხმით ვხვდებით ხოლმე. მაგ დროს წყლის ასაღებადაც ვერ შეხვალ შიგნით, არ გიშვებენ,”- ამბობს ის.

სამკურნალო წყლის ავსება ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობიდან ადგილობრივებს ეზღუდებათ.

“ზოგჯერ გვიშვებენ, ზოგჯერ – არა. ხშირად პატრულიც დგას. მაგ დროს პრეზიდენტია ჩამოსული. ამბობენ, რომ თავისი რეზიდენცია აქვს მანდ,”- ამბობს ლიკანში მცხოვრები ელენე ბუაძე.

მშენებლობა, რომელიც დღეს ლიკანის სანატორიუმში მიმდინარეობს, ოფიციალურ მხარეთა ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა ობიექტზე დასაქმებულები ამბობენ, რომ კომპლექსის მშენებლობა დეკემბერში დასრულდება.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი