ღამის კლუბები აპროტესტებენ საავტორო უფლებებისთვის დაკისრებულ გადასახადს

თბილისში მოქმედი ორი კლუბი  საავტორო უფლებათა ასოციაციის ქმედებებს აპროტესტებს. ასოციაცია მათ სალიცენზიო შეთანხმების გაფორმებას და თანხის გადახდას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივის. 

მუსიკოსების, ისევე როგორც სხვა არტისტების საავტორო უფლებები, კანონითაა დაცული. დაწესებულებები, რომლებიც არტისტების მუსიკას კომერციული მიზნებისთვის იყენებენ, ვალდებული არიან, ეს ისე გააკეთონ, რომ ქართველი თუ უცხოელი არტისტების უფლება არ დაარღვიონ.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მისი, “როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს საავტორო უფლებათა მფლობელების სახელით მოსარგებლეებთან სალიცენზიო შეთანხმებების გაფორმება, საავტორო ჰონორარის შეგროვება, მათი განაწილება და შესაბამისი უფლების მფლობელებისთვის გადახდა”.

ორგანიზაციის წარმომადგენელი გიგა კობალაძე გვიხსნის, რომ ასოციაცია საავტორო უფლებების დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომელშიც 150 ქვეყნის 3 მილიონამდე არტისტია გაერთიანებული. მისი თქმით, ასოციაცია საქართველოში იმ უცხოელი [და ადგილობრივი] არტისტების უფლებების დამცველია, რომლებიც ამ ქსელში არიან გაწევრიანებული. კობალაძის ამბობს, რომ სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, რესტორანი, კლუბი, კონცერტის ორგანიზატორი, სალონი თუ სხვა ტიპის დაწესებულება [სადაც მუსიკას უკრავენ] ასოციაციას უხდის თანხას და შემდეგ ის ავტორებს უნაწილებს. მისი განცხადებით, მსგავსი ტიპის ორგანიზაციის არსებობა კომფორტულია როგორც ავტორისთვის, ისე საავტორო უფლებით დაცული პროდუქციის გამომყენებელი დაწესებულებისათვის: ერთი მხრივ, ავტორი მსოფლიოს ყველა კუთხეში საერთაშორისო ქსელის მეშვეობით აკონტროლებს იმას, რომ მისი უფლება არ დაირღვეს და შემოსავალი მიიღოს, ხოლო, მეორე მხრივ, ორგანიზაცია დაბალ ფასად იღებს ნაწარმოების გამოყენების უფლებას, რადგან მას პირადად ავტორთან რომ ეწარმოებინა მოლაპარაკებები, ეს უფრო ძვირი დაუჯდებოდა – ასოციაციების გავლით ურთიერთობის შემთხვევაში კი ორივე მხარე ზოგავს დროს და რესურსებს.

თუმცა პრობლემა, რომელიც ღამის კლუბებს აწუხებთ, საკმაოდ სპეციფიკურია. ასოციაცია მათგან ითხოვს გამოყენებული ნაწარმოებების ჩამონათვალს იმისათვის, რომ მან დაადგინოს ნაწარმოების ავტორის ვინაობა და ჰონორარი გაუნაწილოს, რასაც კლუბები ვერ წარადგენენ.

კლუბების, “მტკვარზე” და “ბასიანი”,  მფლობელები ქეთა გაბუნია და ნაჯა ორაშვილი ნეტგაზეთთან ამბობენ, რომ კლუბის სპეციფიკა განსხვავდება რესტორნისგან, რომლის პროგრამაც მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება და რეპერტუარი (ქავერები), რომელსაც მომღერალი ასრულებს, ადვილად იდენტიფიცირებადია.  გაბუნიას და ორაშვილის განცხადებით,  კლუბში DJ ერთი გამოსვლის დროს ასეულობით კომპოზიციას უკრავს.

“კლუბში [რესტორნისგან განსხვავებით] არავინ არავის ქავერს არ მღერის. აქ იკვრება არტისტების, პროდიუსერების ნაწარმოებები, რომლებიც არის ნაყიდი. როდესაც ლაივ პერფორმანსია  კლუბში, არტისტი თავის პროდუქციას უკრავს და არა სხვისას. თუ რემიქსია გაკეთებული, ამაშიც ფულია გადახდილი. ეს სხვა ინდუსტრიაა, აქ ასე არ მოსულა, რომ დაუკრა სხვისი პროდუქცია, რომელშიც თანხა არაა გადახდილი. სხვადასხვა ლეიბლი აგზავნის პრომოებს, რომ არტისტებმა დაუკრან  და პრომოუშენი გაუკეთონ. რესტორნაში მომღერალი  ქავერს რომ მღერის, ეს ამასთან არაფერ შუაშია. იქ არის ერთსაათიანი პროგრამა, აქ 9-საათიანი, და ათასი ტრეკი იკვრება. ზოგი არტისტი 3 წუთის განმავლობაში 4-5 ტრეკს უკრავს, გადამიქსულია და ა.შ. ვის რა უნდა მოსთხოვო”, – ამბობს ნაჯა ორაშვილი, “ბასიანის” წარმომადგენელი.

“კლუბში ვერავინ დაადგენს, რას უკრავს DJ… ის ადებს ეფექტებს, მას მუსიკა ნაყიდი აქვს  ვინილზე ან თვითონ ამ შემსრულებელმა გაუგზავნა იმიტომ, რომ მეგობრები არიან და აჩუქა თავისი მუსიკა. ამისი ამოცნობა შეუძლებელია, რადგან  თავიდან ბოლომდე იმპროვიზაციაა… მოკლედ, იდენტიფიცირება ვერ ხდება. აქედან გამომდინარე, მე რომ თანხას ვუხდი,  მე [ასოციაციას] ვერ ვაძლევ ე.წ. ფლეილისტს, რადგან  მაგას ვერ ვაძლევ, ამიტომ ჩემს გადასახადს რაში ვიხდი, ეგ არის სრულიად გაუგებარი”, – ამბობს ქეთა გაბუნია.

როგორ აკეთებს ასოციაცია იმის იდენტიფიცირებას, ამა თუ იმ წარმოდგენაზე კლუბში დაუკრეს თუ არა მათი პარტნიორი ორგანიზაციის წევრი არტისტის კუთვნილი პროდუქცია ამ უკანსკნელის უფლების დარღვევით? გიგა კობალაძე ამბობს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ამის კონტროლს კანონი არა მათ, არამედ მოსარგებლე ორგანიზაციებს ავალდებულებს. მისი თქმით, თუ ორგანიზაცია ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს ე.წ. ფლეილისტის წარდგენას, სალიცენზიო ხელშეკრულების ფარგლებში ფული მაინც უნდა გადაიხადოს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ის საავტორო უფლებების შესახებ კანონს არ დაარღვევს. რა ბერკეტი აქვს წინააღმდეგ შემთხვევაში ასოციაციას? – კობალაძე ამბობს, რომ მხოლოდ სასამართლო დავა.

“ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ აგენტები.  ჩათვალეთ, რომ ავტორების სახელით ვსაუბრობთ. მათ უნდა აიღონ ნებართვა ავტორისაგან. ეს ნაბართვა უნდა იყოს როგორც სასყიდლიანი, ასევე უსასყიდლო. თუ სასყიდლიანია, უნდა გადაიხადონ ჰონორარი. ასევე მათ აქვთ უფლება, რომ ჰონორარი არ გადაიხადონ, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ უნდა წარმოადგინონ კონკრეტული [დოკუმენტი], რომ მათ აქვთ ნებართვა. ასეთი  ნებართვები ბუნებაში არ ხდება, განსაკუთრებით უცხოელი ავტორების შემთხვევაში, რადგან უცხოელი ავტორები, როგორც წესი, თავად ვერ განკარგავენ თავიანთ ნაწარმოებებს, რადგან არიან რომელიმე გამომცემლობის წევრი. [კლუბში] თეორიულადაც წარმოდუდგენელია, რომ გამოიყენო მხოლოდ შენი ნაწარმოები”, – ამბობს კობალაძე.

კითხვას, თუ აქვთ კონკრეტული ფაქტები, რომ თბილისის რომელიმე კლუბში მათი პარტნიორი რომელიმე ასოციაციის წევრის მუსიკა გამოიყენეს საავტორო უფლებების დარღვევით, იგი აცხადებს, რომ ასეთი ფაქტი ჰქონდათ ერთი კლუბის შემთხვევაში, თუმცა DJ-ის სახელი და გვარი ვერ გაიხსენა და თქვა, რომ საუბარი იყო რამდენიმე შემსრულებელზე. კობალაძის თქმით, როცა კლუბს სასამართლოში უჩივლეს, მათ ეს იქ დაადასტურეს და მოსამართლემ დაწესებულება დააჯარიმა.

“ჩვენ ისეთ არტისტებთან გვაქვს შეხება, რომ წარმოუდგენელია, არტისტს არანაყიდი ტრეკი ჰქონდეს. ტრეკის ფირფიტებს ყიდულობენ და ა.შ. თუ ნაყიდი  არ გაქვს, უხარისხოა და ამ ხარისხზე არავინ დაუკრავს”, – ამბობს ნაჯა ორაშვილი “ბასიანიდან”.

თუ ასეა, რატომ არ დავობთ სასამართლოში ასოციაციასთან? ამ კითხვით ნაჯა ორაშვილს მივმართეთ, რომლის კლუბი “ბასიანი” საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციას სალიცენზიო ხელშეკრულების ფარგლებში ყოველთვიურად უხდის თანხას.

“ჩვენ გვჭირდებოდა კონსოლიდაცია. ზაფხული იყო და ვერ მოვასწარით. სხვა თემებზე ვიყავით გადართული. აქ ყველა კლუბის აზრია მნიშვნელოვანი და როდესაც გავარკვიეთ, რომ ყველა მზად არის ბრძოლისთვის. ჩვენც ვაპირებთ განცხადებების გაკეთებას ამის შესახებ. საჭიროა კარგი ადვოკატი, რომელიც კარგად გამოიძიებს ამ ყველაფერს”.

ქეთა გაბუნიას აინტერესებს, სად მიდის ის თანხა, რომელსაც ასოციაცია კლუბებისგან იღებს. თუ კლუბების ნაწარმოებების ჩამონათვალს ვერ აღრიცხავენ, როგორ აკეთებს ამას ასოციაცია ისე, რომ მისი წარმომადგენელი საღამოებს არ ესწრება, და როგორ განსაზღვრავს ავტორის ვინაობას, რომელმაც ჰონორარი უნდა მიიღოს? გიგა კობალაძემ გვითხრა, რომ როდესაც ორგანიზაცია მათ შესრულებული კომპოზიციების შესახებ ინფორმაციას ობიექტური მიზეზების გამო ვერ აწვდის და სალიცენზიო თანხას იხდის, ეს ფული ე.წ. კალათის პრინციპით ნაწილდება, რაც მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტია და “მთელი მსოფლიო ასე ანაწილებს”. კალათის პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ღამის კლუბების მიერ საავტორო უფლებების ლიცენზიაში გადახდილი თანხა შეიძლება, მაგალითად, ჯო კოკერზე წავიდეს და არა DJ-ზე. კობალაძე გვიხსნის, რომ სპეციალური ალგორითმი კრებს იმ მუსიკოსებს, რომელთა რეპერტუარი მათ ხელთ არსებული მონაცემებით (რადიოების, რესტორნების, ტელევიზიებისა და კონცერტების მიერ წარდგენილი პროგრამებით) ყველაზე ხშირად სრულდება საქართველოში და იგულისხმება, რომ ეს პროგრამა ჟღერს ქვეყანაში.

“კალათის პრინციპით ნაწილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციას არ წარმოადგენენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იდენტიფიცირება ხდება და ასეთი შემთხვევებიც გვაქვს, მაგალითად, კლუბი “ვიტამინი”, რომლის მიერ დაკრული რეპერტუარი ჩვენმა ორგანიზაციამ წინასწარ მოგვწერა და გამოგვიზავნა დეტალური პროგრამა, რომელიც კლუბში შესრულდებოდა. კლუბმა მაგ ღონისძიებაში რომ ფული გადაიხადა, ის თანხა, ბუნებრივია, ამ რეპერტუარზე განაწილდება. თუ ვერ წარმოადგენს, მაშინ -კალათის პრინციპით”.

 

შემოსავალი, რომელიც ასოციაციას რჩება ჰონორარებიდან

შემოსავალი, რომელიც ასოციაციას რჩება ჰონორარებიდან

 

რაც შეეხება იმას, თუ რა თანხის გადახდა უწევთ ყოველთვიურად კლუბებს, ირკვევა, რომ ეს თანხა ვარირებს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კვადრატული მეტრის დარბაზში იმართება ღონისძიება. რესტორნის შემთხვევაში თანხის განმსაზღვრელია დასაჯდომი ადგილები, ხოლო კონცერტისას – გაყიდული ბილეთები.

სალიცენზიო ხელშეკრულება - გადასახდის გამოთვლის წესი კლუბებისთვის

სალიცენზიო ხელშეკრულება – გადასახდის გამოთვლის წესი კლუბებისთვის

“გადასახდელად არის რთული, თან უსამართლოა. შარშან მართლა ვიდექით დახურვის  საფრთხის წინაშე ამის გამო. შარშან 60 000-ლარიანი ჯარიმა მოგვივიდა, რადგან ვერ ვიხდიდით. ავიყვანეთ ადვოკატი და მოლაპარაკებების პროცესში ეს ჯარიმა ჩამოვიდა 6000 ლარზე. როგორ ჩამოვიდა 6000 ლარზე, თუ 60 000 ლარი გვქონდა გადასახდელი, არ ვიცი. შემდეგ გადაგვინაწილეს ყოველ თვეზე და ამას ემატება მიმდინარე გადასახდი. წელს ბოლო ორი თვე ვერ გადავიხადე  და მომივიდა 7000 ლარი ჯარიმა. შემდეგ ეს უკან გაიტანეს და ახლა ერთ კვირაში უნდა გადავიხადო 700 ლარი, ხოლო მომავალ წელს- 3700 ლარი. დღეს ვკითხე, სად მიდის ეს თანხა-მეთქი და მითხრეს ავტორს 3 წელი ვეძებთ და თუ ვერ ვიპოვეთ ადრესატი, ნაწილდება სხვა წევრებზეო. თვეში  700-800 ლარი ჩემთვის არის ძალიან  დიდი დარტყმა. გარედან ისე ჩანს, რომ ქართულ კლუბებში დიდი ამბები ტრიალებს, მაგრამ  იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანას უჭირს, ხალხი იმდენ ფულს ვერ ხარჯავს. თან ჩვენთან მაქსიმალურად დემორკატიული ფასებია – კლუბმა თავი რომ შეიანახოს და იარსებოს ამისთვის. 800-ლარიანი გადასახადი შეიძლება დიდი კომპანიისთვის არაფერი  იყოს, მაგრამ  ჩემთვის მართლა წელში გაწყვეტაა. საბოლოო ჯამში, მართლა მივალთ იქამდე, რომ ავირჩიოთ [დავიხუროთ თუ არა], ახლა ყადაღაზე იმუქრებიან…  800 ლარის თუ არ გადავიხდით, ანგარიშებს დაგვიყადაღებენ”, – ამბობს ქეთა გაბუნია, რომელსაც კლუბს “მტკვარზე” წარმოადგენს.

“თვეში გვახდევინებენ 800 ლარს კვადრატულობის მიხედვით. თავიდან როცა გავიკითხე ეს ამბავი, ადვოკატმა გვითხრა, რომ კანონში არის ლაფსუსი, რომელიც მათ ძალიან კარგად გამოიყენეს. სხვა კლუბები რომ დააჯარიმეს, ჩვენ ვეღარ ვასწრებდით საქმეების მომზადებას და ამიტომ ვიხდიდით. ორი თვე არ გადავიხადეთ და შემდეგ მოგვივიდა [შეტყობინება], რომ ჯარიმა მოგივათო”, – ამბობს ნაჯა ორაშვილი ბასიანიდან.

ორივე მათგანი გარკვეული კამპანიის დაწყებას გეგმავენ ზემოხსენებული გადასახადის გაუქმების მიზნით.

“ეს, რასაც გვთხოვენ, გასაუქმებელია. შეღავათებზე არც ვლაპარაკობთ. დაწყებული გერმანიიდან, შვედეთით და ავსტრიით დამთავრებული, სხვა კლუბებს უამრავ საგდასახადო შეღავეთებს  უწესებენ  იმდენად დიდი როლი აქვთ ტურიზმის განვითარებაში და არა მარტო. ჩვენ აბსურდულ რაღაცებში გვახდევინებენ თანხებს”, – აცხადებს ნაჯა ორაშვილი.

“უნდა გადაიხედოს ეს პრაქტიკა და ვიცოდეთ, რომ საკლუბო სივრცე სხვაა საკონცერტო – სხვაა…  სხვანაირად მოგვიდგნენ  და გაგვათავისუფლონ გადასახადისგან. ეს პრაქტიკა არსებობს”, – ამბობს ქეთა გაბუნია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com