ეკონომიკა

რამდენად რეალისტურია მთავრობის ახალი პროგრამა

4 ივლისი, 2012 • 1360
რამდენად რეალისტურია მთავრობის ახალი პროგრამა

„ეკონომიკური თავისუფლების აქტი როცა დაიწერა, მაშინ სხვა კომპოზიცია იყო მთავრობაში და ინტერესები განსხვავებული იყო. ახლა რადიკალურად დგას საკითხი – დარჩება თუ არა ეს გუნდი პოლიტიკაში და ხელისუფლებაში. აქ პრაგმატული დამოკიდებულებებია და, შესაბამისად, იდეების ერთგულების თემა უკანა პლანზეა. პერმანენტული არჩევნების მოლოდინი და ამომრჩევლების ხმებზე ნადირობა მთავარი საკითხია. ოპოზიცია და მთავრობა ერთ ნაპირზე დგანან,“– მიაჩნია შეშელიძეს.  

 

შეშელიძის შეფასებით, მთავრობა ლიბერალური იდეებიდან სოციალურ თემებზე გადაერთო:

 

„უკვე აღარ საუბრობენ იმაზე, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო კერძო საკუთრების უფლებების დაცვას, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას. ნაკლები ბიუჯეტის ფარგლებში უფრო მეტი თანხის დატოვებას კერძო ინვესტორებისათვის“.

 

მთავრობის ახალი პროგრამით, 2013 წლიდან საპენსიო პაკეტი, რომლის განუყოფელი ნაწილი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევა, 100 დოლარის ექვივალენტი გახდება. მთავრობამ პენსიები ოთხი წლის განმავლობაში 6 მილიარდი ლარით უნდა დააფინანსოს, ანუ წელიწადში – 1.5 მილიარდი ლარით.

მიმდინარე წლის ბიუჯეტით, პენსიებისთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდზე მეტი ლარი, რაც წინა წლის მონაცემებს 140 მილიონზე მეტი ლარით აღემატება. საკუთარი დანაპირების შესრულებისთვის მთავრობამ 2013 წელს საპენსიო ბიუჯეტი კიდევ 400 მილიონი ლარით უნდა გაზარდოს, ხოლო, ჯამში, 4 წელიწადში – დაახლოებით 1 მილიარდ 600 მილიონი ლარით.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მთავრობის ახალი პროგრამის მიხედვით, სოციალური დახმარებები და ჯანმრთელობის დაზღვევა, ჯამში, 6 მილიარდი ლარით უნდა დაფინანსდეს, ანუ წელიწადში – 1.5 მილიარდი ლარით.

2012 წლის ბიუჯეტში სოციალური უზრუნველყოფისთვის, რომელშიც შედის სოციალური დახმარებებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსება, 700 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. იმისათვის, რომ მთავრობამ საკუთარი დანაპირების შესრულება მოახერხოს, მომდევნო წელს აღნიშნული დაფინანსება უნდა გააორმაგოს, ხოლო, ჯამში, 4 წლის განმავლობაში დამატებით 3 მილიარდ 300 მილიონი ლარის მობილიზება უნდა შეძლოს.

მთავრობა ოთწლიანი 1000– ლარიანი ვაუჩერების დარიგებას აპირებს საქართველოს თითოეული ოჯახისთვის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მხოლოდ 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემები გააჩნია საქართველოში ოჯახების რაოდენობის შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოში 1 243 158 ოჯახია. იმისათვის, რომ მთავრობამ ვაუჩერების შესახებ დადებული პირობის შესრულება მოახერხოს, 4 წელიწადში ამისთვის 1 მილიარდ 243 მილიონზე მეტი ლარი უნდა დახარჯოს, ხოლო წელიწადში – დაახლოებით 311 მილიონი ლარი.

2011 წელს საქართველოს მთავრობამ მოსახლეობისთვის დარიგებული ვაუჩერებისთვის, ჯამში,  56 429 465 ლარი დახარჯა, დაახლოებით ამდენივე თანხა გამოყო ვაუჩერებისთვის მთავრობამ 2012 წელსაც: 24 მილიონი – სოფლის მეურნეობის ვაუჩერებისთვის, 25 მილიონი – ელექტროენერგიისთვის, 7 მილიონი – პროფესიული გადამზადებისთვის.

იმისათვის, რომ მთავრობამ საკუთარი დანაპირები შეასრულოს, ვაუჩერების დაფინანსება წელიწადში დაახლოებით 250 მილიონი ლარით უნდა გაზარდოს, 4 წელიწადში კი – დაახლოებით 1 მილიარდით.

მთავრობას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდა მოუწევს. 2012 წელს სოფლის მეურნეობისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 120 მილიონი ლარი გამოიყო, 2011-ში კი – 86 მილიონი ლარი.

მთავრობის ახალი პროგრამით სოფლის მხარდაჭერის მიზნით ოთხ წელიწადში 4 მილიარდი, წელიწადში კი – 1 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს, ანუ სოფლის მეურნეობის დაფინანსება მომავალ წელს წლევანდელ მონაცემთან შედარებით 800 მილიონზე მეტი ლარით უნდა გაიზარდოს. 

პაატა შეშელიძე ეჭვობს, რომ ახალ მთავრობას ამ მოცულობის დაფინანსების მოსაზიდად რესურსი არ ეყოფა. ექსპერტი ქვეყანაში ინფლაციას და ფულად საკრედიტო ემისიას პროგნოზირებს:

 

„ამ ხარჯების გასაწევად მთავრობა ფულს ისესხებს. სესხის აღებას მოჰყვება დამატებითი ფულის ბეჭვდა. რეალურია საფრთხე იმისა, რომ დაპირებების შესარულებლად მთავრობამ ფული დაბეჭდოს“.

 

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ მთავრობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილები გაახმაურა.

 

“ქართული ოცნება” სოფლების ასაღორძინებლად ერთმილიარდიანი ფონდის შექმნას აპირებს:

 

“რამდენადაც კარგად ვიცით, რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია, სწორედ ამიტომ “ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს ააღორძინოს ქართული სოფელი და ამისათვის შექმნას ერთმილიარდიანი ფონდი. ამ გეგმის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეები შეძლებენ გრძელვადიანი ხელმისაწვდომი და შეღავათიანი სახსრების აღებას და ამით სარგებლობას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილის პროექტის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე მიიღებს ჯანდაცვის დაზღვევის პაკეტს და ღირსეულ პენსიას.  

 

სოსო არჩვაძის შეფასებით, ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ სამოქმედო პროგრამები პოლიტიკური კონკურენციის შედეგია. მისი შეფასებით, რაც უფრო მძაფრი იქნება კონკურენცია პოლიტიკურ ბაზარზე, ელექტორატი უფრო მოგებული დარჩება.

 

„ყველაზე მეტ ტყულს ამბობენ არჩევნების წინ, ომის დროს და ნადირობის შემდეგ“ – ბისმარკის ეს ფრაზა ყველაზე მეტად  საქართველოში დღეს შექმნილ მდგომარეობას მიესადაგება,“ – ამბობს არჩვაძე.

 

მისი თქმით, მთავრობის აქცენტები სოციალურ პროექტებზე მოახლობულ არჩევნებს უკავშირდება:

 

„გურამიშვილს რომ დავესესხოთ, ბენდუქიძის აღმა ხნული, მერაბიშვილმა დაღმა ფარცხა. სოციალური თემატიკა ეს არის  ფსონი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია და ამ შემთხვევაში  მიზანი ამართლებს საშუალებას. მთავრობის საპირწონე პოლიტიკურმა ძალამ სოციალური პროექტები დადო. პოლიტიკურ ძალთა ჭიდილი აჩვენებს, რომ ქვეყანაში კონკურენტული გარემოა. ცნობილია, რომ ნებისმიერი მონოპოლიზაციით ზარალდება ამომრჩეველი.“

 

სოსო არჩვაძის შეფასებით, მთავრობამ 4-წლიან პროგრამაში რეალური ეკონომიკური გათვლები წარმოადგინა. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ჯამური ბიუჯეტი 37-38 მილიარდი ლარი იქნება, რაც წელიწადში შეადგენს დაახლოებით 9.5 მილიარდ ლარს. საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი შეადგენს 6 მილიარდ 839 მილიონ ლარს.

 

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველ წელს ნომინალურად გაიზრდება საშუალოდ 3–4 მილიარდი ლარით, ოთხი წლის შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2012 წელთან შედარებით 16–17 მილიარდი ლარი იქნება. ეს ციფრები არ არის ფანტასტიკური და საოცარი. თუ პოლიტიკოსები სოციალურ პრობლემებს არ მიაქცევენ ყურადღებას, დროთა განმავლობაში სოციალური საკითხები თვითონ იძენენ პოლიტიკურ ჟღერადობას და დატვირთვას. ის ბუმერანგივით უბრუნდებათ პოლიტიკოსებს. ქვეყანა იმყოფება წინაასაარჩევნო რეჟიმში, ამ დროს ელექტორატზე მუშაობა გადამწყვეტ ფაზაშია.  პიარტექნოლოგიები  მომავალ არჩევნებში წარმატების ერთ–ერთი პირობაა. სწორედ  ეს განაპირობებს სოციალური ფაქტორებისადმი ასეთ ყურადღებას“. 

 

„კოალიცია ევროპული საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი მიშა თავხელიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ  მერაბიშვილის მიერ წარმოდგენილ პროგრამაში არის მეტი კონკრეტიკა და რიგ საკითხებზე კონცენტრაცია.

 

თავხელიძე მთავრობის ინიციტივას 1000 –ლარიანი ვაუჩერის დარიგების შესახებ ეთანხმება:

 

„1000– ლარიანი ვაუჩერი  არის გამორჩეული საინტერესო მეთოდი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია. მაგრამ რადგან ამ ვაუჩერს იღებს ყველა ოჯახი, ეს მარტივად ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო კრეფს გადასახადებს და შემდეგ ისევ აბრუნებს. გადასახადის გადამხდელია არა მხოლოდ ის, ვინც საშემოსავლოს იხდის, არამედ ყველა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ყიდულობს პურს, იხდის დღგ–ს.  ამ გადასახადებით შეგროვილ ფულს ვაუჩერის სახით მთავრობა ისევ უბრუნებს მოქალაქეებს. ანუ ეს იგივე იქნებოდა, რომ ნაკლები გადასახადები აეკრიფა. ამას ცუდი მაკროეკონომიკური შედეგები არ მოჰყვება. ეს არც ინფლაციის გამომწვევი არ არის და არც ახალი ფულის ბეჭვდა არ მოჰყვება.“

 

თავხელიძე აცხადებს, რომ  მას ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს მთავრობის პროექტის მიმართ:  „ჩემთვის რომ ეკითხათ, ვურჩევდი, რომ შეემცირებინათ გადასახადები“.

 

მთავრობის ახალი შემადგენლობა და პროგრამა საქართველოს პარლამენტმა დღეს დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი