ეკონომიკა

ფასები ბათუმში „კოიკებიდან“ „პენტჰაუსამდე“

4 ივლისი, 2012 • 3600
ფასები ბათუმში „კოიკებიდან“ „პენტჰაუსამდე“

 

თბილისში მცხოვრები ილია ხუციშვილი ბოლო ორი წელი ბათუმში ისვენებდა. თუმცა წელს ზღვაზე დასვენება გადაიფიქრა და არჩევანი მთაზე შეაჩერა. მისი თქმით, მიზეზი მაღალი და შარშანდელთან შედარებით მკვეთრად გაზრდილი ფასებია.
„ორივეჯერ კერძო ბინა მქონდა ნაქირავები, რომელშიც დღეში 50 ლარს ვიხდიდი. ამას გარდა, საჭმელზე, სიგარეტზე და სხვა რაღაცებზე მეხარჯებოდა 30-დან 50 ლარამდე. თუმცა წელს გადავწყვიტე, არ დავისვენო ბათუმში, სწორედ გაზრდილი ფასების გამო. ჩემი მეგობარი იყო ჩასული ერთი კვირის წინ მივლინებით. გაიკითხა ბინის ფასები და გამოვიდა, რომ დაახლოებით 80%– ით მაინც არის გაზრდილი ფასები იმ ბინებში, რომელსაც შარშან ვქირაობდით,“ – ამბობს ილია.


„ზღვის პირველ ზოლში 100 დოლარი ღირს, 150 ლარი მაინც. იზოლირებული ერთოთახიანი ღირს კარგ ადგილას 100 ლარი დღეში. საშუალო ერთოთახიანი 60 ლარი. ცხელი სეზონი რასაც ქვია, აგვისტოა. ეს პერიოდი რომ შევადაროთ, შარშან გაცილებით იაფი იყო ივნისის თვე, მერე ივლისში ცოტა მოიმატა, აგვისტოში მაქსიმალურად. ალბათ წელსაც მოიმატებს ფასები,“ – გვიხსნის უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენელი რესტან გობაძე.

 

ბინის გამქირავებლებმა გარდა იმისა, რომ ფასები გაზარდეს, გარკვეული შეზღუდვები დააწესეს. ერთოთახიან ბინაში ორ ადამიანზე მეტს არ უშვებენ, ხოლო ოროთახიან ბინაში ხუთზე მეტის შესვლას დიასახლისი არ თანხმდება. გარდა კერძო ბინებისა, ხდება საწოლების, ე.წ. „კოიკების“ გაქირავება, რომლის ფასიც ტრადიციულად ათი ლარიდან იწყება. ბათუმში განთავსების შედარებით იაფი საშუალებაა ჰოსტელი, რომელშიც ერთი ღამით განთავსება 25 ლარი ღირს.

„ივლისის დასაწყისიდან ავამუშავებ ჰოსტელს. შარშან 25 ლარი ღირდა ღამის გათევა, თუ ჯგუფები ჩამოდიან, შესაბამისად ფასიც იკლებს. წელს არ ვიცი, როგორ იქნება. ამ შაბათ-კვირას ჩავდივარ ბათუმში. თუ გაძვირებული იქნება, მეც გავაძვირებ,“ – „Boombully Beach Hostel” –ის მეპატრონე მაიკო ქავთარაძე.

 

რაც შეეხება სასტუმროებს, მათი ფასები სხვადასხვაა. მაგალითად, ორი ვარსკვლავით შეფასებულ გესთ ჰაუს „გოლდენ ფიშში“ ერთი ღამით სტანდარტული ნომერი 130 ლარი ღირს, ლუქსი –180 ლარი, ხოლო ნახევრად ლუქსი– 160 ლარი. ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე.

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „დავითი“ ძირითადად უცხოელ ტურისტებს ემსახურება. სასტუმროში სტანდარტული ნომრის ღირებულება 180 ლარია, ხოლო ლუქსი 250 ლარი ღირს.

„ეს სტაბილური ფასები არააა. სეზონთან დაკავშირებით გავზარდეთ. სეზონი როცა არ არის, 160 ღირს ლუქსი და 100 ლარი ღირს სტანდარტი,“ – აცხადებს „ბათუმელებთან“ საუბარში სასტუმრო „დავითის“ მენეჯერი ელგუჯა კორძაია.

აჭარაში  ხუთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. მათ შორისაა „რადისონ ბათუმი“, რომელსაც ცვალებადი ფასები აქვს.
„ჩვენთან ფასები იცვლება მოთხოვნის შესაბამისად. კვირის დღეებში არის სხვა ფასი, პარასკევი, შაბათი, კვირა არის სხვა ფასი. სტანდარტულ ნომერზე მინიმალური ფასი არის 245 დოლარი +18% დღგ, მაქსიმალური ფასი –320 დოლარი + 18% დღგ. ლუქსი  –320 დოლარი მინიმალური+ 18% დღგ, მაქსიმალური– 395 დოლარი + 18% დღგ,“ – ამბობს „რადისონ ბათუმის“ ჯავშნების სუპერვაიზერი გვანცა ჩიტიაშვილი.

„რადისონთან“ შედარებით გაცილებით ძვირადღირებულია ასევე ხუთი ვარსკვლავის მქონე სასტუმრო „შერატონი“. სტანდარტული ნომრის ფასი არის 250 დოლარი +18 % დღგ, ხოლო ლუქსი– 400 დოლარი +18 % დღგ. ნომრის ფასში შედის საუზმე და სპა მომსახურება. თუ პენთჰაუზის დაქირავებას გადაწყვეტთ, 2250 დოლარი +18 % დღგ დაგიჯდებათ.

„არჩევანი თუ მექნება საქართველოსა და თურქეთში დასვენებას შორის, თურქეთს ავირჩევ,“- ამბობს თამუნა მირიანაშვილი. შარშანდელი ზაფხული თამუნამ სწორედ თურქეთში გაატარა. მისი თქმით, ათდღიანი დასვენება ანტალიაში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მხოლოდ 600 დოლარი დაუჯდა.

„ანუ დღეში 60 დოლარი. ეს იყო ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და შედიოდა აბსოლიტურად ყველაფერი. ოთხჯერადი კვება იყო, ამის გარდა, უფასო სასმელები, აუზები, საუნა, შეზლონგები, არაფრის ქირაობა ცალკე და რამის ყიდვა საერთოდ არ გჭირდებოდა. ყველაფერი შედიოდა ამ სამოც დოლარში. სასტუმრო იყო პლაჟთან ახლოს. გზა დამიჯდა 160 დოლარი, ანუ სულ 780 დოლარი დავხარჯე,“ – ამბობს თამუნა.

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელშიც თამუნამ დასვენება მოახერხა, ეგვიპტეა.
„სულთანივით ვცხოვრობდი 2 კვირა. 1100 დოლარი გადავიხადე, აქ შედიოდა ფრენა, დაზღვევა, დახვედრა, გაცილებაც და სასტუმრომდე მიყვანაც (40 კმ–ში იყო სასტუმრო აეროპორტიდან). სასტუმროს ჰქონდა საკუთარი სანაპირო, შეზლონგებით, პირსახოცებით, სამჯერადი კვება, შუალედებში ლანჩი და ყავა–ჩაი ნამცხვრებით, უფასო უალკოჰოლო–ალკოჰოლიანი სასმელები და ა.შ.,“ – იხსენებს თამუნა მირიანაშვილი.

გარდა განთავსებისა, ძვირია კვებაც. თუმცა საკვები არა მხოლოდ ტურისტებისთვის ძვირდება.

„სეზონზე ისე ძვირდება ყველაფერი, სული გვძვრება. არავინ არ უყურებს, ტურისტი ხარ თუ ადგილობრივი. ყველაფრის ფასი ორმაგდება,“ – ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი მარინა.

მანანა ხოხაშვილმა გასულ წელს კონკურსით ბათუმში, ჰოსტელში დასვენება მოიგო. ათდღიანი საგზურიდან მხოლოდ 8 დღე გამოიყენა. მანანას თქმით, 8 დღის მანძილზე მხოლოდ კვებაში 300 ლარი დახარჯა.

„მარტო ვიყავი, დღეში კვება საშუალოდ 20-30 ლარი მიჯდებოდა. ამაში ბარებში რაღაცეების დალევაც ითვლება. ვფიქრობ, საკვები საკმაოდ ძვირია,“ – ამბობს მანანა ხოხაშვილი.

დასვენება ბათუმში
დასვენება ბათუმში

მასალების გადაბეჭდვის წესი