ეკონომიკა

ნუმიზმატიკური ფასეულობები ზარაფხანას მაღაზიებში

28 ივნისი, 2012 • 2044
ნუმიზმატიკური ფასეულობები ზარაფხანას მაღაზიებში

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკოლექციო და სხვა საჭიროებისათვის დამზადებული ლარის ბანკნოტების, მონეტების, ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის შეძენა  „ზარაფხანას“ საიუველირო მაღაზიათა ქსელშიც იქნება შესაძლებელი.

 

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა და შპს „ზარაფხანას“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გეორბელიძემ მოაწერეს.

 

საკოლექციო ბანკნოტების და მონეტების, ასევე სხვადასხვა ზომის და წონის ოქროს საინვესტიციო მონეტების შეძენა აქამდე მხოლოდ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში იყო შესაძლებელი.

 

„ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი საინვესტიციო მონეტების, ასევე საკოლექციო ფულის ნიშნების მიმართ. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ხშირად სტუმრობენ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმს და იძენენ საკოლექციო ფულის ნიშნებსა და სხვა ფასეულობებს. ამიერიდან ადგილობრივ კოლექციონერებსაც და ქვეყნის სტუმრებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, ზარაფხანის მაღაზიებშიც შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქცია“, – განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.

 

ამ დროისათვის  ადგილობრივ ბაზარზე „ზარაფხანა“ 10 საფირმო მაღაზიით ოპერირებს. 7 თბილისის ცენტრალურ უბნებშია განლაგებული, ხოლო 3 საქართველოს სხვა ქალაქებში: ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. პირველ ეტაპზე საკოლექციო ფულის ნიშნები და საინვესტიციო მონეტები თბილისის 4 მაღაზიასა და ბათუმის მაღაზიაში გაიყიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი