ეკონომიკა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე “თელასში” დასაქმდა

20 ივნისი, 2012 • 1315
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე “თელასში” დასაქმდა

“ნეტგაზეთთან” საუბარში “თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი ფანცულაიამ განაცხადა, რომ არსოშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ქართველიშვილი შეცვალა. “თელასის” კომერციული დირექტორის თანამდებობაზე ზურაბ არსოშვილი 2012 წლის 18 ივნისს დაინიშნა. 

 

ვალერი ფანცულაია არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “თელასში” მენეჯმენტის სრული შემადგენლობა შეიცვალა. ფანცულაიას თქმით, კომპანიის მენეჯმენტში სხვა ცვლილებები ჯერ არ იგეგმება.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება “თელასის” მენეჯმენტში 2012 წლის მარტში განხორციელდა, კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აშოტ მანუკუანი დაინიშნა.

 

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მინისტრის მოადგილის სავარძელი ამ დრომდე ვაკანტურია. ზურაბ არსოშვილი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა. დამატებით კომენტარს ამ საკითხზე სამინისტროში არ აკეთებენ.

 

ზურაბ არსოშვილი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებამდე შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იყო. ასევე, სხვადასხვა დროს მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში, შემოსავლების სამსახურში, თბილისის მერის მოადგილედ, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში.

 

სააქციო საზოგადოება „თელასი“ რეგისტრირებულია ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს მიერ 1995 წლის 14 მაისს. 1998 წლის 21 დეკემბერს „თელასის“ აქციათა 75%  შეისყიდა ამერიკულმა კომპანიამ AES-მა 25 მილიონ დოლარად. 

 

2003 წლის აგვისტოდან კი ამ წილს რუსული  РАО ЕЭС-ის საკუთრებაში არსებული კომპანია ფლობს. აქციების 24,53% სახელმწიფოს საკუთრებაშია, დანარჩენი “თელასის” თანამშრომლებზე ნაწილდება, 0,34 პროცენტი კი სხვა აქციონერების მფლობელობაშია.

 

 “თელასის” აქციების შესყიდვის სურვილი “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 24 მაისს ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გამოთქვა.

 

ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტის დავით აქუბარდიას შეკითხვაზე – აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი “თელასის” შესყიდვას და შემდეგ ელექტროენერგიაზე ტარიფის დაწევას, “ქართული ოცნების” ლიდერმა განაცხადა, რომ “წინასწარ განცხადებების გაკეთება არ უყვარს”:

 

“საერთოდ, “თელასის” და “რკინიგზის” გატანა უნდოდათ ბირჟაზე 25%-ის. ნებისმიერი ბიზნესმენი შეიძლება დაინტერესდეს, ამაში არაფერი არ არის სასწაული. საერთოდ, მე არ მიყვარს წინასწარ განცხადებების კეთება, მაგრამ არაფერი ჯერ რეალური არაა, რომ ამაზე ვისაუბრო. რომ დავინტერესდე “თელასით”, გინდათ, სხვა აქციებით, რატომაც არა, პრინციპში, მაგრამ რომ ვისაუბრო, რომ რეალურად რაღაცა ხდება, ასე არაა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილის თქმით, საქართველოში არსებული ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობის შემოსავლებთან შეუსაბამოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი