ეკონომიკა

როგორ აისახება ევროს გაუფასურება საქართველოზე

15 ივნისი, 2012 • 2850
როგორ აისახება ევროს გაუფასურება საქართველოზე

ორი კვირის განმავლობაში ევრო გაუფასურდა ქართულ ლართან მიმართებაშიც. 15 ივნისის მონაცემებით, 1 ევრო 2,0583 ლარია.

 

ევროს გაუფასურების ტენდენცია ლართან მიმართებაში 2012 წლის იანვრიდან დაიწყო. იანვარში 1 ევროს გაცვლითი კურსი 2.20 ლარს შეადგენდა. 15 პუნქტით ევრო ლართან მიმართებაში მაის–ივნისში გაუფასურდა.

 

გაჩნდება თუ არა უნდობლობა ევროს მიმართ და მოახდენს თუ არა ამ ვალუტის კრიზისი ნეგატიურ გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე? – ამ საკითხზე ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.    

 

ანალიტიკური ცენტრის, „ეკონომეტრის“ დირექტორი რეზო საყევარიშვილი ამბობს, რომ ევროს ვარდნა საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენას რამდენიმე ფაქტორით მოახდენს.

 

„ევროკავშირის ქვეყნები, დამოუკიდებელი თანამეგობრობის ქვეყნებთან ერთად, საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან. ამ სივრცესთან ანგარიშსწორება ხდება ევროში და, შესაბამისად, ვალუტის კურსის ცვალებადობა არსებით გავლენას ახდენს,“ – ამბობს საყევარიშვილი.

 

მისი თქმით, გრძელვადიან დინამიკაში ევროს კურსის ცვლილება აძვირებს იმპორტს და გავლენას ახდენს საქართველოში სავაჭრო ოპერაციების დინამიკაზე.

 

საყევარიშვილის შეფასებით, ევროს გაუფასურება გავლენას მოახდენს საქართველოდან წასული შრომითი მიგრანტების ფულად გზავნილებზე:  

 

„საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან საქართველოში ფულად გზავნილებს თუ გადავხედავთ, ევროს რყევა  ფინანსურ ტრანსფერებზეც გავლენას ახდენს. როცა 1 ევრო 2,30 ლარი ღირდა, მაშინ მათ უფრო ნაკლები თანხის გადმოგზავნა უწევდათ. დღეს, როცა ევრო გაიფდა და მისი კურსი დაეცა, მათ უფრო მეტის გამოგზავნა უწევთ.“

 

კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც ევროს კრიზისი და გაუფასურება გავლენას მოახდენს, საქართველოს საბანკო სექტორია.

 

„ევროპული ბაკები ქართული ბანკების საკრედიტო რესურსების მსხვილი დონორები არიან. ევროპაში გაჭიანურებული კრიზისის გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ფინანსების მოზიდვა. მეტი თანხები გადის გარე ბაზრებზე. ევროპული ბანკები ნაკლებად აფინანსებენ ქართულ ბანკებს. ევროვკავშირის სივრცეში მიმდინარე პროცესები ქვეყნის ეკონომიკაზე პირდაპირ თუ ირიბად ახდენს ზეგავლენას, რაც მოსახლეობის ცხოვრებაზე აისახება,“ – ამბობს საყევარიშვილი.  

 

ევროს კურსის ვარდნა საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილზე უკვე აისახა, ვინც უცხოეთიდან ფულად გზავნილს ევროში იღებს. რუსუდან ოთიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ გამოგზავნილ 100 ევროზე, კურსის ცვლილების შედეგად, 15 ლარით იზარალა: “იანვრამდე 100 ევროზე 220–222 ლარს მაძლევდნენ, ახლა 100 ევრო 204 ლარში გადავახურდავე.”  

 

საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მერაბ კაკულიას მოსაზრებით, ევროს გაუფასურება ლარის მიმართ საგრძნობ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკის საგარეო სექტორზე, კერძოდ, ევროკავშირთან ვაჭრობაზე.

 

„ლარის გამყარება აძვირებს ისედაც მწირ ქართულ ექსპორტს ევროკავშირში და აიაფებს ევროპულ იმპორტს საქართველოში, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბალანსზე“,– ამბობს კაკულია.

 

მისი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლარის გამყარება აძვირებს ევროპელი ინვესტორების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას საქართველოში, რამაც გაზრდილი გლობალური რისკების ფონზე მათ მეტი თავშეკავებისკენ შეიძლება უბიძგოს.

 

კაკულიას შეფასებით, ევროს კრიზისის ფონზე იკლებს ევროზონის ქვეყნებიდან ქართველი შრომითი მიგრანტების ფულადი გზავნილების ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რაც ამცირებს მათი მიმღები შინამეურნეობების სამომხმარებლო ხარჯებს და უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზე ქვეყანაში.  

 

ევროს კურსის ვარდნა, კაკულიას შეფასებით, ყველაზე მწვავედ შეეხება საქართველოს საბანკო სექტორს:

 

„იგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული უცხოეთის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან ნასესხებ შედარებით იაფ და გრძელვადიან საკრედიტო რესურსებზე. ევროზონის კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ  აღნიშნული საკრედიტო რესურსების წვდომა შეიზღუდოს, რასაც საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვანი მატება შეიძლება მოჰყვეს.“

 

ევროს კურსის რყევის გავლენის შესახებ საქართველოს საბანკო ბაზრის მოთამაშეები კომენტარს არ აკეთებენ. გაიზრდება თუ არა საპროცენტო განაკვეთი საკრედიტო რესურსებზე ევროს კიდევ უფრო გაუფასურების შემთხვევაში, ამ საკითხზე კომენტარი არც საქართველოს ეროვნულ ბანკში კეთდება.   

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2012 წლის აპრილში საპროცენტო განაკვეთი სესხებზე 0,5 პროცენტით გაიზარდა.  

 

თსუ–ს პროფესორი, ეკონომისტი ნოდარ ხადური ამბობს, რომ შესაძლოა საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა ევროს გაუფასურებას უკავშირდებოდეს.  ექსპერტი ამბობს, რომ ამის მიუხედავად, ევროს კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ის ქვეყანაში ძირითადი უცხოური ვალუტა არ არის:

 

„საქართველოსთვის ევრო არ არის ძირითადი უცხოური ვალუტა, დოლარშია დაფიქსირებული საიმპორტო ფასები. თუ გავითვალისწინებთ ექსპორტის 20 პროცენტს და იმპორტის 30 პროცენტს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამ შემთხვევაში გაიაფდება ევროპული საქონელი. შეიძლება ველოდოთ ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტის ზრდას და ექსპორტის შეზღუდვას“.  

 

ნოდარ ხადურის შეფასებით, ევროს გაუფასურებით ყველაზე მეტად ისინი დაზარალდებიან, ვისაც ანაბრები ამ ვალუტაში აქვს განთავსებული:  

 

„ევროს კურსი ზევით მიიწევდა დოლართან მიმართებაში და ადამიანები ცდილობდნენ თავიანთი შემოსავლებით დანაზოგები ევროში გადაეყვანათ. ისინი დღეს დაზარალდებიან, რადგან ევროს კურსი მცირდება.“

მასალების გადაბეჭდვის წესი