ეკონომიკა

მედიაბიზნესში ვანო ჩხარტიშვილის დაბრუნების მიზეზი

23 მაისი, 2012 • 1679
მედიაბიზნესში  ვანო ჩხარტიშვილის დაბრუნების მიზეზი

ვანო ჩხარტიშვილის პირველი ქართული საერთაშორისო მაუწყებელი „მზერა“ მაუწყებლობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყებს.

 

ჩხარტიშვილის პრესმდივნის გიორგი გიორგაძის განცხადებით, „მზერა“ ინტერნეტტელევიზია იქნება, რომლის მთავარი ოფისი ლონდონში იქნება, ხოლო ფილიალი თბილისში იმუშავებს. გიორგაძის განმარტებით, ჩხარტიშვილმა არჩევანი ინტერნეტტელევიზიაზე იმიტომ გააკეთა, რომ ასეთი ტიპის მაუწყებლობის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით ლიცენზია არ სჭირდება.

 

გიორგაძე ვერ აკონკრეტებს, რომელ ტელევიზიასთან ითანამშრომლებს „მზერა“, თუმცა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ შესაძლოა მათი პროდუქცია ბიძინა ივანიშვილის „მეცხრე არხმა“ გამოიყენოს. ამ თემაზე „მეცხრე არხის“ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

 

ინტერნეტტელევიზიის შექმნის პარალელურად, ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია „მზის“ დაბრუნებას სასამართლოს გზით აპირებს. რომელი ქვეყნის სასამართლოს მიმართავს, ჯერ არ კონკრეტდება. ჩხარტიშვილი, გიორგაძის თქმით, ორი წელია ლონდონში, იძულებით ემიგრაციაში იმყოფება.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია “მზეში”  2004–2005 წლებში ვანო ჩხარტიშვილი 15,2 პროცენტს ფლობდა. კომპანიის 44 პროცენტს ფლობდა შპს „საქცემენტი“, 33,8 პროცენტს– გიორგი ქავთარაძე, ხოლო 7 პროცენტს – გელა კობაიძე.

 

2006 წელს ვანო ჩხარტიშვილმა თავისი წილი ტელეკომპანია მზეში „საქცემენტის“ სასარგებლოდ დათმო. საჯარო რეესტრის ამონაწერი აჩვენებს, რომ 2006 წელს „მზის“ 93 პროცენტს  „საქცემენტი“, ხოლო 7 პროცენტს გელა კობაიძე ფლობს. „საქცემენტის“ ( მიმდინარე პერიოდზე სახელწოდება „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“) 100 პროცენტს პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის მამა, რობერტ ბეჟუაშვილი ფლობდა. მოგვიანებით „საქცემენტი“ გერმანული ჯგუფის „ჰაიდელბერგის“ მფლობელობაში გადავიდა.

 

საჯარო რეესტრის 2011 წლის მონაცემებით, ტელეკომპანია „მზის“ 10 პროცენტს გიორგი გეგეშიძე ფლობს, 90 პროცენტს კი– ლევან ყარამანაშვილი.

 

უკავშირდება თუ არა ვანო ჩხარტივილის გამოჩენა პოლიტიკაში და მედიაბიზნესში ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებას და რატომ გაუჩნდა ჩხარტიშვილს „მზის“ დაბრუნების სურვილი სწორედ ახლა, ამ თემაზე გიორგი გიორგაძეს პასუხი არ აქვს:

 

„ყველა კითხვას პასუხს ჩხარტიშვილი ონლაინკონფერენციაზე გასცემს,“ – აცხადებს გიორგაძე.  

 

გასულ კვირას შპს “ტელეკომპანია I სტერეოსა” და შპს “სტერეო +”–ის წილები დაუყადაღეს დამფუძნებელ დავით ზილფიმიანს.

 

ზილფიმიანი მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ტელეკომპანია “მე–9 არხთან” ტექნიკური მომსახურების კონტრაქტის გაფორმებას  და “ტელეკომპანია I სტერეოსა” და შპს “სტერეო +“–ის 100– პროცენტიანი წილის შვილისთვის, ლაშა ზილფიმიანისთვის გადაცემას უკავშირებს.

 

ტელეკომპანიებში ზილფიმიანის წილის დაყადაღების ვადა დღეს უნდა ამოწურულიყო. თუმცა, როგორც „ნეტგაზეთისთვის“ გახდა ცნობილი, ყადაღა არ მოხსნილა და “ტელეკომპანია I სტერეოსა” და შპს “სტერეო +“-ის თანამშარომლები სამუშაო ადგილებზე ჯერ არ დაბრუნებულან.

 

კომპანიის თანამშრომელი თამარ ბოჭორიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ „პირველი სტერეოს“ გენერალური დირეტორი გიორგი ყავლაშვილი დავით ზილფიმიანს შეხვდა, მხარეები ფინანსური დოკუმენტაციის გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ. ზილფიმიანისა და ყავლაშვილის შეხვედრა ხვალ 13 საათზეა დაგეგმილი. თამარ ბოჭორიშვილი ამბობს, რომ კომპანიის თანამშრომლები სამუშაო ადგილებზე მხარეების შეთანხმების შემთხვევაში დაბრუნდებიან.

 

 ზილფიმიანის განცხადებით, კომპანიებში მისი წილის დაყადაღების შესახებ სასამართლოს დავით ბეჟუაშვილმა და ვასილ კობაიძემ მიმართეს. ეს უკანასკნელი ტელეკომპანია “I სტერეოს” 65%–იანი წილის მფლობელი 2011 წლის 30 დეკემბერს გახდა, როდესაც მას ეს წილი ბეჟუაშვილის ჰოლდინგმა “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” დაუთმო.

მასალების გადაბეჭდვის წესი